პარასკევი, მაისი 30, 2025

თეა წულუკიანი – მინდა, მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს გაწეული საქმიანობისთვის, 90-იანი წლებიდან დღემდე, ის იყო საქართველოს საუკეთესო შინაგან საქმეთა მინისტრი

ვახტანგ გომელაური თავისი საქმით, პროფესიონალიზმითა და ღირსებით, ქმნიდა ისეთ პირობებს, რომ ქვეყანა და სახელმწიფო ინსტიტუტები, პოლიტიკური ხელისუფლება და მისი ყველა შტო იყო მშვიდად, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს გაწეული საქმიანობისთვის. ზუსტად ამ წუთებში ჩვენ შევიტყვეთ მისი ნება-სურვეილისა და გადადგომის შესახებ. მიმუშავია რა მასთან არაერთი წელი, ვთვლი, რომ 90-იანი წლებიდან დღემდე ის იყო საქართველოს საუკეთესო შინაგან საქმეთა მინისტრი. ის, ვინც თავისი საქმით, თავისი პროფესიონალიზმითა და ღირსებით, ქმნიდა ისეთ პირობებს, რომ როგორც ქვეყანა და სახელმწიფო ინსტიტუტები, ასევე პოლიტიკური ხელისუფლება და მისი ყველა შტო იყო მშვიდად, იმ გაგებით, რომ ხელმძღვანელად იყო პირი, ვინც იცოდა, როგორ უნდა უზრუნველყო უსაფრთხოება და იმავდროულად, დაიცვა ის ბალანსი, რომელსაც ამ დელიკატური საქმის კეთება გულისხმობს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მან ასევე წარმატებები უსურვა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სისტემის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

„ასეთია მისი ნება-სურვილი. მან მიიღო ეს გადაწყვეტილება და ეს მისი არჩევანია. თუმცა, ჩვენი ვალია, რომ მადლობა ვთქვათ და წარმატებები ვუსურვოით მთელ იმ დიდ სისტემას, რომელსაც ის მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. აქვე ვისარგებლოთ შემთხვევით და თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდი სისტემის თითოეულ თანამშრომელს გაწული სამსახურისთვის დიდი მადლობა გადავუხადოთ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – ნუ გექნებათ ის დამოკიდებულება, რომ ვიღაც თუ ევროპელია და რაღაცას იტყვის, ეს 100-პროცენტიანი ჭეშმარიტებაა, ეს ასე არ არის

საქართველო არ არის ვიღაცის ან რომელიმე დიდი ქვეყნის უკანა ეზო. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროკავშირთან ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.მისი თქმით, ჩვენმა წინაპრებმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოლეს და არა იმისთვის, რომ რომელიმე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ ნაკარნახევ გადაწყვეტილებებს დაემორჩილოს.„ურთიერთობების დალაგება არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს დაემონო. ბევრჯერ მითქვამს და კარგი იქნება თუ ამას გაიაზრებთ – საქართველო არ არის ვიღაცის ან რომელიმე დიდი ქვეყნის უკანა ეზო. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო. ამ ყველაფრისთვის ჩემმა, თქვენმა, ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს; სისხლი დაღვარეს იმისთვის, რომ მოგვეპოვებინა დამოუკიდებლობა და არ ვყოფილიყავით დამოკიდებული იმაზე, რომ რომელიღაცა დიდი ქვეყნის წარმომადგენელი გამოვა, რაღაცას გვიბრძანებს და ის უნდა გავაკეთოთ თავდახრილმა. ნუ გექნებათ ის დამოკიდებულება, რომ ვიღაც თუ ევროპელია და რაღაცას იტყვის, ეს 100%-იანი ჭეშმარიტებაა. არ არის ეს ასე. პირველ რიგში, უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერმა აქვე უპასუხა შეკითხვას ამერიკელი სენატორის, სტივ დეინსის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლება აშშ-თან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მზად არის.„კიდევ ერთხელ ვამბობთ, საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება მზადაა, რომ მოხდეს აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა; ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან და ეს იყოს ნამდვილი, პარტნიორული, მეგობრული. ჩვენთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, აშშ-სთვისაც, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.კითხვაზე, რა შეიძლება იყოს ურთიერთობების ნორმალიზების საწყისი ეტაპი, თბილისის მერი პასუხობს, რომ პირველ რიგში, მაღალი თანამდებობის პირებმა საქართველოსთან მიმართებაში სიცრუეზე დაფუძნებული განცხადებების კეთება უნდა შეწყვიტონ.„მარტივია – დამოკიდებულების შეცვლა საქართველოს მიმართ. არ არის სწორი, როდესაც ავრცელებ ცრუ ინფორმაციას, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ და მხოლოდ ტყუილზე, რაც მოვისმინეთ თუნდაც რამდენიმე დღის წინ ევროპის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. ამის შეცვლა გვინდა და ისეთი დამოკიდებულება, რომ ყველამ გაიგოს – საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ამ ყველაფერს – ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოებრიობას ყველამ უნდა სცეს პატივი, ვინც არ უნდა იყოს ის“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძე – საქართველოში მიმდინარე პროცესებს ქართველი ხალხი უძღვება და არა გარედან ვინმე

საქართველოში მიმდინარე პროცესებს ქართველი ხალხი უძღვება და არა გარედან ვინმე, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის „წინააღმდეგობის პლატფორმის“ მიერ „ვაიმარის სამკუთხედის“ ლიდერებისადმი მიმართვას გამოეხმაურა.მისი განმარტებით, ისინი დავალებებს იღებენ საქართველოს საზღვრებს მიღმა, კონკრეტული პატრონებისგან.„ერთი რამ ყველამ უნდა იცოდეს – საქართველოში მიმდინარე პროცესებს უძღვება ქართველი ხალხი და არა გარედან, როგორც ამ რადიკალების, უსამშობლო აგენტურის წარმომადგენლებს ჰქონიათ. ეს ადამიანები არ ეკუთვნიან საქართველოს, მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები. ისინი აგენტურის ქსელის წარმომადგენლები არიან. მათ ვერ გაუაზრებიათ, რომ საქართველოში გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხი იღებს. შესაბამისად, ის ქმედებები, რასაც ბოლო პერიოდში მათი მხრიდან ვხედავთ, გარედან მართული პროცესებია. თავიანთი პატრონები უბრძანებენ რა მიმართულებით უნდა წავიდნენ, რაზე ისაუბრონ და ა.შ ყველაფერი გარედან იმართება“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერმა „ვაიმარის სამკუთხედის“ ლიდერების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის საპასუხოდ, ოპოზიციას წინადადებით მიმართა.„კარგ გამოსავალს გეტყვით, საერთოდ ემანუელ მაკრონი ჩამოიყვანეთ და თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატად კენჭი იყაროს. ასე არჩევნებში მონაწილეობის მიღებასაც გააპრავებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თამარ ჩერგოლეიშვილი – ჩვენი უპირველესი ამოცანაა ამ რეჟიმის შეცვლა და მერე ტრამპის დამოკიდებულების შეცვლა ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით

ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით რომ პრობლემებია 2008 წლიდან, ბუქარესტის სამიტიდან არის ცნობილი, ტრამპი ახალს არაფერს იძახის, მაგრამ ერთია, ტრამპი რას იძახის და მეორეა, ჩვენ რა გვაწყობს, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადების კომენტირებისას თქვა.მისი თქმით, ქვეყნის ამოცანაა ნატო-ში ინტეგრაცია, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს თავისუფალი სამყაროს ლიდერი.„ახალი არ არის, რომ რუსეთი ჩვენი სუვერენიტეტით ვაჭრობს, სულელი არავინ არის, რუსეთში ყველამ კარგად იცის, რომ ნატო მას თავს არ დაესხმება, მაგრამ რა წუთშიც საქართველო ნატო-ში შეასწრებს რუსეთს, იმ წუთიდან საქართველოს სუვერენიტეტს რუსეთი ვეღარ წაართმევს, ვერც უკრაინას. შესაბამისად, მისი ინტერესია, ამ ქვეყნებმა სუვერენიტეტი არ განიმტკიცონ. ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით რომ პრობლემებია, 2008 წლიდან არის ცნობილი, ბუქარესტის სამიტიდან არის ცნობილი. ტრამპი ახალს არაფერს იძახის, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაწყობს. ერთია, ტრამპი რას იძახის, მეორეა ჩვენ რა გვაწყობს და ჩვენ რაზე უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ჩვენი ამოცანაა ნატო-ში ინტეგრაცია, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს ამაზე თავისუფალი სამყაროს ლიდერი. თავისუფალი სამყარო იმიტომაა თავისუფალი, რომ იქ ლიდერებიც იცვლებიან და შეხედულებებიც იცვლება. ძალიან ბევრი დაპირება გაცემულა საერთაშორისო პოლიტიკაში და შემდეგ ეს დაპირებები ძალიან მარტივად შეცვლილა, ასე რომ ვერანაირ პრობლემას ამ დაპირებაში ვერ ვხედავ“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.მისი თქმით, ოპოზიციის ამოცანაა „ქართული ოცნების“ რეჟიმის შეცვლა და მუშაობა ამ დაპირების შეცვლის მიმართულებით.„არაერთი შეცვლილი დაპირება გვინახავს, მაგრამ ამ ხელისუფლებას, რომელსაც პროტოკოლური მილოცვა უხარია და ამას ასაღებს წარმატებად, არანაირი რესურსი აღარ დარჩა, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების ლობირება სადმე მოახდინოს. ჩვენი უპირველესი ამოცანაა, ამ რეჟიმის შეცვლა და მერე, ტრამპის დამოკიდებულების შეცვლა ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, ეს პროცესია, ტრამპი შეიძლება, ბევრ რამეს დაჰპირდეს პუტინს, მაგრამ პუტინი რას გააკეთებს, ეს ცალკე საკითხია, ამიტომ ჩვენ ყოველთვის შეიძლება, გვქონდეს პუტინის იმედი“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა დაადასტურა დონალდ ტრამპის მზადყოფნა, ვლადიმერ პუტინს მისცეს დაპირება, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება, თუ ასეთი მოთხოვნა ომის დასრულების პირობა გახდება. მისივე ინფორმაციით, საუბარია არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ საქართველოსა და მოლდოვაზე.

გვატემალაში მაიას ცივილიზაციის 3000 წლის წინანდელი ნაქალაქარი აღმოაჩინეს

ჩრდილოეთ გვატემალაში არქეოლოგებმა მაიას ცივილიზაციის 3000 წლის წინანდელი ნაქალაქარი აღმოაჩინეს. მრავლადაა პირამიდები და მონუმენტები, რომლებიც მის, როგორც საცერემონიო ადგილის მნიშვნელობაზე მიუთითებს.მაიას ცივილიზაცია დაახლოებით ძვ. წ. 2000 წელს წარმოიშვა და ზეობის პიკს ახ. წ. 400-900 წლებში მიაღწია თანამედროვე მექსიკის სამხრეთ ნაწილსა და გვატემალაში, ბელიზის, სალვადორისა და ჰონდურასის გარკვეულ ტერიტორიებზე.ახლად აღმოჩენილ ნაქალაქარს „ლოს აბუელოსი“ უწოდეს, რაც ესპანურად „პაპა-ბებიას“ ნიშნავს. მდებარეობს მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლის, უაშაკტუნიდან 21 კილომეტრში, გვატემალის პეტენის დეპარტამენტში.ძეგლი თარიღდება „შუა პრეკლასიკური“ პერიოდით, რომელიც ძვ. წ. 800-500 წლებში იდგა. მეცნიერთა აზრით, ის მაიას ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი საცერემონიო ცენტრი უნდა ყოფილიყო.„ძეგლს გამორჩეული არქიტექტურული დაგეგმარება აქვს. პირამიდებსა და მონუმენტებზე გვხვდება რეგიონისთვის უნიკალური იკონოგრაფია“, — წერს გვატემალის კულტურის სამინისტრო.ქალაქს სახელი უწოდეს ძეგლზე აღმოჩენილი ორი მოხუცი ადამიანის მსგავსი სკულპტურის გამო.ფიგურები ძვ. წ. 500-300 წლებით თარიღდება და შეიძლება დაკავშირებული იყოს წინაპართა დიდების უძველეს სარიტუალო პრაქტიკასთან.ქალაქი დაახლოებით 16 კვადრატულ კილომეტრზეა გაშენებული და ის გვატემალელმა და სლოვაკმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უაშაკტუნის პარკის იქამდე ნაკლებად შესწავლილ ზონაში.ახლომახლოს მათ ასევე იპოვეს 33 მეტრის სიმაღლის პირამიდა კედლის მხატვრობით და არხების უნიკალური სისტემა. ორივე მათგანი პრეკლასიკურ პერიოდს ეკუთვნის.„ამ სამი ძეგლის ნაკრები ქმნის აქამდე უცნობ ურბანულ სამკუთხედს… აღმოჩენა გვაიძულებს, შევიცვალოთ წარმოდგენა ესპანელებამდელი პეტენის საცერემონიო და სოციალურ-პოლიტიკური ორგანიზების შესახებ“, — აღნიშნავს სამინისტრო.აპრილში, ძეგლ ტიკალზე, მეცნიერებმა აღმოაჩინეს მექსიკის უძველესი ტეოტიუაკანის კულტურის 1000 წლის წინანდელი საკურთხეველი.მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს აღმოჩენა მტკიცებულებაა ამ ორ კულტურას შორის კავშირისა; ისინი ერთმანეთისგან დაახლოებით 1300 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობდნენ.ტიკალი უაშკატუნისგან 23 კილომეტრში მდებარეობს და წარმოადგენს გვატემალის მთავარ არქეოლოგიურ ძეგლს.მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ „ვაიმარის სამკუთხედს“ – აუცილებელია ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიმართ სათანადო პოლიტიკის ჩარჩოს შემუშავება, გეგმა კრიზისის დასაძლევად – ასევე, ქართველი ხალხი სანქციების გამკაცრებას მოელის

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „წინააღმდეგობის პლატფორმამ“ „ვაიმარის სამკუთხედის“ ლიდერებს იმ საკითხებით მიმართა, რომლებიც „დღესვე პარტნიორებისა ყურადღებასა და ევროკავშირის უფრო აქტიურ, ეფექტურ და ჩამოყალიბებულ პოლიტიკას მოითხოვს საქართველოს მიმართ“.ამის შესახებ ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.მისივე განცხადებით, მათ მიმართვაში გაიმეორეს „ორი ურყევი მოთხოვნა - პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა“.„ჩვენ ერთობლივად მივმართეთ „ვაიმარის“ სამივე ლიდერს, რომლებმაც საქართველოს ხალხს 26 მაისი მიულოცეს და თავიანთი მხარდაჭერა გამოხატეს. ეს წერილი თქვენთვის გაზიარებული იქნება. ჩვენ მათ მივმართეთ მთელი რიგი საკითხებით, რომლებიც დღესვე მოითხოვს ყურადღებას ჩვენი პარტნიორებისა და ევროკავშირის უფრო აქტიურ, ეფექტურ და ჩამოყალიბებულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ. ასევე, გავუმეორეთ ჩვენი მთავარი ორი მოთხოვნა, რომელიც ურყევი რჩება. ეს არის პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, თავისი პირობებით. ის უნდა იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, რომელსაც ეს ქვეყანა მოითხოვს. ასევე, მოითხოვს ამ ქვეყნის სტაბილურობას, სხვანაირად ვერ იქნება ამ ქვეყანაში ის სტაბილურობა, რომელიც ჩვენს ყველა პარტნიორს აინტერესებს. იმედი გვაქვს, რომ მათ პირდაპირი მხარდაჭერა გვექნება“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.„წინააღმდეგობის პლატფორმის“ მიმართვის ტექსტს სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.„ემანუელ მაკრონს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრიდრიხ მერცს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს, დონალდ ტუსკს, პოლონეთის პრემიერმინისტრს, თქვენო აღმატებულებავ, ჩვენ, „წინააღმდეგობის პლატფორმას“, რომელიც პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს აერთიანებს და რომელსაც კოორდინაციას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უწევს, ქართველი ხალხის სახელით, რომელიც მტკიცედ დგას დემოკრატიის თავისუფლებისა და ევროპული ინტეგრაციის სადარაჯოზე, გვსურს, გულითადი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდამჭერი და სოლიდარული გზავნილის გამო საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.ჩვენ ვაფასებთ თქვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მიმართ - განსაკუთრებით ამ რთულ დროს. თქვენს მხარდაჭერას ჩვენი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ, რომელიც გამოხატავს ჩვენი ერის ფუნდამენტურ ღირებულებებსა და იდენტობას, მნიშვნელოვანი მორალური და პოლიტიკური წონა აქვს. თქვენი გზავნილი ევროპული საზოგადოების სოლიდარობის ძლიერ შეხსენებად გვევლინება საქართველოს დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული მომავლისკენ სწრაფვაში.ბოლო დროს განვითარებული მოვლენები - მათ შორის დემოკრატიის უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის მზარდი რეპრესიები, დე-ფაქტო რეჟიმის მიზანმიმართული მცდელობა, რომ ქვეყანა ევროპულ გზას ჩამოაშოროს - ეწინააღმდეგება დემოკრატიული ანგარიშვალდებულების ძირითად პრინციპებსა და ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსს. ეს სახიფათო ტრაექტორია, რომელიც ევროპის კარებთან ვითარდება, მხოლოდ მისი მტრების ინტერესებშია. მაშინ, როცა რუსეთი აძლიერებს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ და იყენებს დე-ფაქტო რეჟიმს მოსკოვის სტრატეგიული მიზნების გასატარებლად.ჩვენ ვრჩებით ერთგულნი ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მიმართ და ვისწრაფვით მიმდინარე კრიზისის დემოკრატიული გზით გადაწყვეტისკენ. ამ მიზნის მისაღწევად, ვთვლით, რომ აუცილებელია შემდეგი ნაბიჯები:ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიმართ თანმიმდევრული და სათანადო პოლიტიკის ჩარჩოს შემუშავება – საჭიროა შედეგებზე ორიენტირებული გეგმა მიმდინარე კრიზისის დასაძლევად, მკაფიო პირობებით, რომელიც ერთდროულად წაახალისებს პროგრესს და შეუსრულებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მკაცრად დადგენილ ვადებში;სანქციების პოლიტიკა – მიზნობრივმა სანქციებმა უკვე მოახდინა გავლენა რეჟიმის ძალაუფლებრივ ვერტიკალზე, რაც ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან საკვანძო ფიგურების წასვლამაც დაადასტურა: ირაკლი ღარიბაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი და სულ ახლახან, ვახტანგ გომელაური (რომელიც ამერიკულ “მაგნიტსკის აქტსა” და დიდი ბრიტანეთის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების სიაშია შესული).ქართველი ხალხი მოელის ამ სანქციების გამკაცრებას, რადგან ეს ხელს უშლის ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას და ამცირებს რეჟიმის გავლენას;ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ორგანიზება – არჩევნები უნდა ჩატარდეს ჭეშმარიტად ღია და დემოკრატიულ გარემოში და უნდა აღმოიფხვრას 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების ყველა ჩავარდნა. შესაბამისი ინსტიტუტების დემოკრატიული ლეგიტიმაციის და საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად განსაზღვრულია მკაფიო პირობები და გარანტიები და აუცილებელია მათზე შეთანხმება და მათი ზედმიწევნით შესრულება;საქართველოში დემოკრატიული მმართველობის და საქართველოს ევროპული კურსის აღდგენის საგზაო რუკა – აუცილებელია კოლექტიური ძალისხმევა დემოკრატიულ ნორმებთან სწრაფად დასაბრუნებლად და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის აღსადგენად, მათ შორის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის განსახორციელებლად;სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და დემოკრატიული ოპოზიციის მხარდაჭერა – მიმდინარე დევნისა და ფინანსური ზეწოლის პირობებში, მნიშვნელოვანია მუდმივი მხარდაჭერა დამოუკიდებელი ხმების შესანარჩუნებლად და ავტორიტარიზმისკენ სვლის შესაჩერებლად;პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლება – ყველა პოლიტპატიმარი, რომელიც იბრძოდა საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის და რეჟიმის მსხვერპლად იქცა ავტოკრატიული მმართველობის წინააღმდეგ ხმის ამაღლების გამო, უნდა განთავისუფლდეს დაუყოვნებლივ და უპირობოდ.დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ქმედებები აუცილებელია არა მხოლოდ არსებული კრიზისის დასაძლევად, არამედ ევროპისთვის განმსაზღვრელი ღირებულებებისა და სტანდარტებისადმი საქართველოს ერთგულების ხელახლა დასადასტურებლად.სრული პატივისცემით მოგიწოდებთ, რომ „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნები, სხვა მოკავშირეებთან ერთად, გაუძღვნენ საქართველოში მიმდინარე კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესს.კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდით ქართველი ხალხის გვერდით დგომისთვის. თქვენი მხარდაჭერა გვაძლიერებს და იმედს გვაძლევს მაშინ, როდესაც პრინციპულ საერთაშორისო ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.გულწრფელი მადლიერებით, სალომე ზურაბიშვილი („წინააღმდეგობის პლატფორმაში“ შემავალი პარტიების სახელით - „დროა“, „ფედერალისტები“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „თავისუფლების მოედანი“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“)“,- ნათქვამია მიმართვაში.

ბოლო სიახლეები