კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში ძალიან ბევრი რამ არის მისაღწევი, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო პოლიტსაბჭოს თითოეულ წევრს, პარტიის მაშინდელ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, ამჟამინდელ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და გუნდის ყველა იმ წევრს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო კონსულტაციების შედეგად. ჩვენ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ან თუ გნებავთ, სპორტის, ახალგაზრდობისა და კულტურის, ან თუ გნებავთ, ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის სფეროებში ძალიან ბევრი რამ გვაქვს მისაღწევი, არაერთი გამოწვევაა.
კონკრეტული ხედვაც, რომელ სფეროში რა არის სამომავლოდ გასაკეთებელი, მაქვს და პირველი შესაძლებლობისთანავე დარგის წარმომადგენლებს, ვისაც ჯერ არ შევხვედრივარ, შეხვედრაზე გავაცნობ და საჯაროც გახდება. მე ვხდებოდი კულტურის წარმომადგენლებს, ვინაიდან ეს ჩემი კომიტეტის დარგობრივი მიმართულება გახლდათ, მაგრამ ორშაბათიდან, როდესაც მე შევუდგები საქმიანობას, ჩემი ინტერესის სფერო ვეღარ იქნება მხოლოდ კულტურა, როგორც ეს აქამდე იყო და სპორტისა და ახალგაზრდობის წარმომადგენლებთანაც მექნება შეხვედრები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.