კვირა, მაისი 11, 2025

თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ფინანსურად დაეხმარება

თბილისის მერია ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც სადგურის მოედანთან არსებულ ერთ-ერთ ბაზრობაზე რამდენიმე დღის წინ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის ინფორმაციით, მერიამ სარეზერვო ფონდიდან საჭირო სახსრები გამოყო და მოვაჭრეთა თხოვნის გათვალისწინებით, შესაბამისმა კომპანიამ შემთხვევის ადგილზე სადემონტაჟო სამუშაოები დაიწყო.

„როგორც იცით, გასულ კვირას ხანძარი გაუჩნდა სადგურის მოედანთან არსებულ ერთ-ერთ ბაზრობას, რომლის შედეგადაც, დაახლოებით, 400 ადამიანი დაზარალდა. სამწუხაროდ, მთლიანად არის განადგურებული პროდუქცია და ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურა. იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შემთხვევის ადგილზე ჯერ კიდევ მუშაობს. თბილისის მერიამ მყისიერად დაიწყო კომუნიკაცია დაზარალებულ მოვაჭრეებთან, რომელშიც ჩართულია ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე. გაიმართა არაერთი შეხვედრა, სადაც ჩვენი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში, დაზარალებულებს ყველა მიმართულებით დახმარება აღვუთქვით. პირველი, რაც მათ ითხოვეს, ხანძრის შედეგად დამწვარი ბაზრობის ტერიტორიის დასუფთავება და დაზიანებული კონსტრუქციების დემონტაჟი გახლდათ. მუნიციპალიტეტის მერიამ სარეზერვო ფონდიდან საჭირო სახსრები გამოყო და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნულმა კომპანიამ შემთხვევის ადგილზე სადემონტაჟო სამუშაოები დაიწყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დაზარალებულ მოვაჭრეთა საინიციატივო ჯგუფთან სამუშაო შეხვედრები ინტენსიურად გაგრძელდება.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ჩვენ მოვისმინეთ ბევრი ტყუილი, სიბინძურე, თუმცა ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და ყველამ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ. გვერდით უნდა დავუდგეთ ამ ადამიანებს, რომელთა უკან

დგას ოჯახები, მათ ჰყავთ შვილები, შვილიშვილები და ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, დახმარება უნდა აღვუთქვათ მხარდაჭერა. გარდა ამისა, ჩვენ ინტენსიურად ვმართავთ სამუშაო შეხვედრებს დაზარალებულ მოვაჭრეთა საინიციატივო ჯგუფთან. მუნიციპალიტეტი ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც დაზარალებულებს გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გავუწევთ. მესმის, რომ ეს დახმარება ვერ იქნება იმის საპირწონე, რა ზიანიც მოვაჭრეებმა მიიღეს, თუმცა, საქმიანობის გასაახლებლად, გარკვეულწილად ხელს გაუმართავს. უკვე მზად ვართ, მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, საინიციატივო ჯგუფის ჩართულობით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აქვე მერმა მადლობა გადაუხადა საბანკო სექტორს, რომელმაც გაითვალისწინა მომხდარი და დაზარალებულ მოვაჭრეებს შეღავათები დაუწესა.

„ვინაიდან მოვაჭრეებს ფინანსური ვალდებულებები აქვთ აღებული, მომხდარის გამო, გარკვეული პერიოდით, საქმიანობის შეჩერება მოუწევთ. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია როგორც „საქართველოს ბანკთან, ისე „თიბისი ბანკთან“. მინდა, მათ პირადად გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის ამ ოჯახების მიმართ, ვინაიდან მათი მხრიდან გამოთქმული იყო მზაობა, რომ ამ ადამიანებს, რომელთაც ფინანსური ვალდებულებები აქვთ აღებული, საშეღავათო პედიოდი ექნებათ. შემდეგ უკვე თავისუფლად მიეცემათ შესაძლებლობა, გააგრძელონ ეკონომიკური საქმიანობა, რასაც აქამდე ეწეოდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეება ტერიტორიის მოწესრიგების საკითხს, კახა კალაძის ინფორმაციით, კონტრაქტორ კომპანიასთან მუშაობის შედეგად, დადგენილია, დაახლოებით, ერთთვიანი ვადა სადემონტაჟო სამუშაოებისა და ნარჩენების გასატანად. მისივე თქმით, შემდეგი ეტაპი აღდგენითი სამუშაოები იქნება.

„ჩვენ აქაც ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ, რაც იყო მორიგი ტყუილი, პოლიტიკური სპეკულაცი და სიბინძურე. რა თქმა უნდა, ყველაფერი იქნება აღდგენილი. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან, რომელიც ოპერირებს აღნიშნულ ტერიტორიაზე და იჯარით აქვს ამ ადამიანებზე გაცემული ფართები. მან აიღო ვალდებულება, რომ მთლიანად მოაწესრიგებს ტერიტორიას, მას შემდეგ, რაც დასუფთავდება ჩვენი კონტრაქტორი კომპანიის მიერ“, – აღნიშნა მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო თავდასხმებს 52 000 პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში პალესტინელთა მსხვერპლის რაოდენობამ 52 000-ს მიაღწია.ბოლო 24 საათის განმავლობაში კი, ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად 23 პალესტინელი დაიღუპა. დაშავებულია 124 პირი.

დონალდ ტრამპი – ჩვენ გვსურს, როგორც ჩინეთის, ასევე აშშ-ის სასიკეთოდ, ჩინეთის ბაზრის გახსნა ამერიკული ბიზნესისთვის, შვეიცარიაში ჩინეთის წარმომადგენლებთან წარმატებული შეხვედრა შედგა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დადებითად აფასებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებს.აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის მოხდა „ურთიერთობების სრული განახლება მეგობრულ, მაგრამ კონსტრუქციულ გარემოში“.„დღეს შვეიცარიაში ჩინეთთან ძალიან წარმატებული შეხვედრა შედგა. განხილულ იყო მრავალი საკითხი და მიღწეულ იქნა შეთანხმებები მრავალ სფეროში. ჩვენ გვსურს, როგორც ჩინეთის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სასიკეთოდ, ჩინეთის ბაზრის გახსნა ამერიკული ბიზნესისთვის“, – აღნიშნავს ტრამპი და დასძენს, რომ მიღწეულია „დიდი პროგრესი“.ცნობისთვის, 7 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სკოტ ბესენტი და სავაჭრო წარმომადგენელი ჯეიმისონ გრირი ჩინეთის ოფიციალურ პირებს შვეიცარიაში შეხვდებოდნენ.

თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ უცნობი ქალი, სახელად ზარა ამტკიცებს, რომ მისი დედაა.„კიოდა, რომ დედაჩემია, მშვიდად ვუსმენდი, სანამ ეს სიტყვები არ თქვა... რთულია ძალიან“, - ამბობს ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე.

დიმიტრი პესკოვი – რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, – ამის შესახებ „სიენენთან“ საუბრისას კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.„ჩვენ გვჭირდება ამის გააზრება. ეს მოვლენების ახალი განვითარებაა. ჩვენ გვაქვს საკუთარი პოზიცია“, – განაცხადა პესკოვმა.კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „რამდენიმე დღის წინ სამი დღით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა“.„გსმენიათ თუ არა კიევის რაიმე რეაქციის შესახებ? არა, და არც ჩვენ. კიევს თუ სურს ცეცხლის შეწყვეტა, რატომ არ შეიძლება, შეწყვიტოს ცეცხლი თუნდაც სამი დღით?“ – ამბობს კრემლის პრესსპიკერი.კითხვაზე, „ხომ არ აყენებს“ ევროპელი ლიდერების წინადადება 12 მაისიდან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთს „კუთხეში“, პესკოვმა უარყოფითი პასუხი გასცა. „არა, არ ვფიქრობ ასე“, – განაცხადა პესკოვმა.

კირ სტარმერი – პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა, ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას

რუსეთის მოთხოვნა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ მიუღებელია, – როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიევში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე განაცხადეს.„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა. ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერ წინადადებას დამატებითი პირობების შესახებ“, – განაცხადა სტარმერმა.თავის მხრივ, როგორც ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რუსეთი თუ არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას.„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ რაიმე დათმობის შესაძლებლობას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ: არანაირი წინასწარი პირობა იარაღის მიწოდების შეწყვეტის ან რაიმე სხვა საკითხების შესახებ. არანაირი. ნათელი უნდა იყოს: თუ რუსეთი არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას“, – განაცხადა მაკრონმა.მანამდე, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მოითხოვს ამერიკული და ევროპული იარაღის მიწოდების შეჩერებას უკრაინისთვის ნებისმიერი პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის დროს.

ბოლო სიახლეები