თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციასთან დაკავშირებული ნორმები 2024 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება – დღეს პარლამენტმა 66 ხმით, ერთი მოსმენით მიიღო „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება.
კანონის ერთ-ერთი ინიციატორის, დავით სონღულაშვილის განმარტებით, კანონპროექტი თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციასთან და განლაგებასთან დაკავშირებული ნორმების, აგრეთვე მთავრობის მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავების ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებული ნორმის ამოქმედების ვადის ცვლილებას გულისხმობს.
„აღნიშნული ნორმები ამოქმედდება 2024 წლის 31 დეკემბრიდან, ნაცვლად 2022 წლის 31 დეკემბრისა“, -განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
საუბარია რეგულაციაზე, რომლის ამოქმედების შემდეგაც, საქართველოში თამბაქოს ნაწარმი ერთნაირი, სტანდარტიზებული შეფუთვით გაიყიდება. პარლამენტი განიხილავს ამ მოთხოვნის ამოქმედების 2024 წლის 31 დეკემბრამდე გადავადების შესაძლებლობას, რადგანაც ამ რეგულაციის ამოქმედების პირობებში ქვეყანაში თამბაქოს ნაწარმის დეფიციტი შეიძლება წარმოიქმნას. ამის მიზეზია ის გარემოება, რომ საქართველოსთვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმი უკრაინაში იწარმოებოდა, სადაც 24 თებერვლის შემდეგ წარმოება ფაქტობრივად გაჩერებულია, ხოლო კომპანიებს არ აქვთ საკმარისი სიმძლავრეები, რათა უშუალოდ საქართველოს სტანდარტისთვის სადა შეფუთვის პროდუქცია დაამზადონ.