ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ ბაზრის დივერსიფიცირებაში და ქართულ საავიაციო სივრცეში ახალი ავიაკომპანიები შემოვიდნენ. ბუქარესტი იქნება რიგით 42-ე მიმართულება, რომელიც ჩვენს დედაქალაქს ევროკავშირთან დააკავშირებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, Dan Air არის 50-ე ავიაკომპანია, რომელიც ქვეყნის საავიაციო ბაზარზე შემოდის.
„პირველი ივლისიდან ქართულ საავიაციო ბაზარს ახალი საჰაერო ხაზი ემატება. რუმინული კომპანია Dan Air ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით ფრენებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს და ორ დედაქალაქს ერთმანეთთან დააკავშირებს. Dan Air არის 50-ე, ასევე მე-17 ევროპული ავიაკომპანია, რომელიც ქვეყნის საავიაციო ბაზარზე შემოდის. ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ, რომ ბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ქართულ საავიაციო სივრცეში ახალი ავიაკომპანიები შემოვიდნენ. ბუქარესტი იქნება რიგით 42-ე მიმართულება, რომელიც ჩვენს დედაქალაქს ევროკავშირთან დააკავშირებს. ჩვენთვის ეს ბაზარი უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიული მიმართულებაა, რაშიც წლიდან წლამდე დიდ ძალისხმევას ვდებთ, რათა შევინარჩუნოთ მზარდი ტენდენცია, გავაღრმაოთ ხალხთაშორისი თუ ეკონომიკური კავშირები, მოვიზიდოთ მეტი ტურისტი და ავამაღლოთ საქართველოს ცნობადობა ევროპულ ბაზრებზე“, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
აღსანიშნავია, რომ Dan Air-ს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა 9 ივნისს მიანიჭა.

