სამშაბათი, ოქტომბერი 21, 2025

ზურმუხტისფერი – თბილისის ანძა საშვილოსნოს ყელის კიბოს ფერში განათდა

თბილისის სატელევიზიო ანძა ზურმუხტისფრად განათდა, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეროვნული სკრინინგ ცენტრის აღნიშნული აქტივობა საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანიის ერთ-ერთი კომპონენტია, რაც კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დროული მიმართვიანობა და სკრინინგი.

როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, მიმდინარე თვეში მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიება შესაბამისი სიმბოლოების თანხლებით მიმდინარეობს, რაც კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ლეტალური შემთხვევების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენი დედაქალაქიც უერთდება მსოფლიო აქციას და კიბოს პრევენციისა და ამ პრობლემისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა შესაბამის ფერებში ნათდება. ასევე, იმართება სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც კიბოს სკრინინგის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენაა მიმართული. აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან ამოქმედდა საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის პროგრამა, რომელსაც საქართველოც შეუერთდა. ამ მხრივ, დაავადების პრევენციულ ღონისძიებებსა და სკრინინგის მნიშვნელობაზე საზოგადოების ინფორმირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მჯერა, რომ აღნიშნული აქტივობაც თავის წვლილს შეიტანს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის, პრევენციისა და სკრინინგული პროგრამების პოპულარიზაციის საქმეში. ასევე, კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს, რამდენად მნიშვნელოვანია დროული მომართვიანობა“, – განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ.

თბილისის ანძა საშვილოსნოს ყელის კიბოს ფერში ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მხარდაჭერით განათდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გურამ მაჭარაშვილი: გახარია მიხვდა, რომ „არც იქინე მიიღებდნენ“ და არც აქ მოესვლებოდა – ახლა პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა და პარლამენტში შემოსვლა უნდა

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გიორგი გახარიას პარტიის გადაწყვეტილებას „ქრონიკასთან“ აფასებს.„გახარია მიხვდა, რომ „არც იქინე მიიღებდნენ“ და არც აქ მოესვლებოდა. ახლა პრაქტიკულად პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა და პარლამენტში შემოსვლა უნდა. პარლამენტი თუ ლეგიტიმური არ არის და მარტო ეს შესანიშნავი 12-ეულია ლეგიტიმური, მაშინ თავიანთ ოფისში დასხდნენ და იყვენ თავიანთ ლეგიტიმურ ოფისში“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.გიორგი გახარიას პარტიამ პარლამენტში მუშაობის გადაწყვეტილება მიიღო.

ირაკლი კობახიძე – ევროკავშირის საელჩოში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს და ეს უნდა შეიცვალოს.„ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს. ბოლომდე  კონკრეტულად ელჩსაც ვერ დავადანაშაულებთ ამაში, იმიტომ, რომ ვიცით, რომ ეს არ არის მისი გადაწყვეტილება. არის მძიმე მოვლენები, რაც ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს. ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებშია, რომ საქართველოსთან გააღრმავოს პარტნიორული ურთიერთობები, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარება მძიმედ აწვება ევროკავშირის ეკონომიკურ მდგომარეობას. ასეთ პირობებში ევროკავშირისთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება, თუმცა, ვხედავთ, რომ სხვა მიმართულებით მიდიან. წარმოიდგინეთ, რომ იმართება სამიტი, რომელშიც მონაწილეობს რეგიონის ფაქტობრივად ყველა ქვეყანა, მათ შორის, შუა აზიის, სამხრეთ კავკასიის ქვეყნები და ერთადერთი, ვინც არ მიიწვიეს, ეს არის საქართველო. როგორც ჩანს, საქართველო არის ყველაზე არადემოკრატიული ამ ქვეყნებს შორის. ირონიულად ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე. ხედავთ, სადამდე დავიდა ევროპული ბიუროკრატია. კატასტროფაა. ვერც ახსნი, მით უმეტეს, ვერც გაამართლებ ამ ყველაფერს. ეს არის კატასტროფული მდგომარეობა, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – 6 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციით შემოდის კომპანია Eagle Hills-ი, ასეთი კაპიტალდაბანდება არის უდიდესი ნდობა და ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის დადასტურება

საქართველოში 6 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციით შემოდის კომპანია Eagle Hills-ი, ასეთი მოცულობის კაპიტალდაბანდება არის უდიდესი ნდობის გამოცხადება ჩვენი ქვეყნისადმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ Eagle Hills-ის საქართველოს ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, Eagle Hills-ის სახელი საერთაშორისო ასპარეზზე უმაღლეს ხარისხთან და ინოვაციებთან ასოცირდება.„დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით პროექტს, რომელიც თავისი შინაარსითა და მოცულობით ახალ, ისტორიულ თავს წერს ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიაში. საქართველოში 6 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციით შემოდის კომპანია Eagle Hills-ი, მსოფლიო დონის დეველოპერი, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა. უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პროექტის სულისჩამდგმელს, ბატონ მოჰამედ ალაბარს და ჩვენს პარტნიორებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ასეთი მოცულობის კაპიტალდაბანდება არის უდიდესი ნდობის გამოცხადება ჩვენი ქვეყნისადმი და, ამავე დროს, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის ნათელი დადასტურება. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ გრანდიოზულ პროექტებს ახორციელებს Eagle Hills-ი, დეველოპერი, რომლის სახელიც საერთაშორისო ასპარეზზე უმაღლეს ხარისხსა და ინოვაციებთან ასოცირდება. ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, როგორ იზიდავს ჩვენი ხელისუფლების მიერ შექმნილი სტაბილური, პროგნოზირებადი და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო ბიზნესის საერთაშორისო ლიდერებს“, – განაცხადა პრემიერმა.კობახიძის თქმით, პროექტის მასშტაბი შთამბეჭდავია და საუბარია სრულიად ახალი, თანამედროვე ურბანული ეკოსისტემების შექმნაზე.„თბილისში, კრწანისში, 600 ჰექტარზე შენდება ახალი მწვანე ქალაქი – მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი მოცულობის საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსებით, სასტუმროებითა და რეკრეაციული სივრცეებით. ბათუმში კი, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, 250 ჰექტარზე იქმნება შავი ზღვის სანაპიროს ახალი მარგალიტი – პრემიუმ კლასის კურორტი, რომელიც უმაღლესი კლასის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს“, – განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლა სარკოზიმ პარიზის ლა სანტეს ციხეში ხუთწლიანი სასჯელის მოხდა დაიწყო

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ პარიზის ლა სანტეს ციხეში ხუთწლიანი სასჯელის მოხდა დაიწყო.ფრანგული მედიის ინფორმაციით, ციხის საკნებიდან პატიმრების შეძახილი ისმოდა: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“, „სარკოზი აქ არის“.თავად ნიკოლა სარკოზიმ დაპატიმრებამდე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის უდანაშაულოა.„უდანაშაულო ადამიანი დააპატიმრეს. არ ვითხოვ არანაირ უპირატესობას ან შეღავათს. სიმართლე გაიმარჯვებს“, – დაწერა ნიკოლა სარკოზიმ.ამასთან, ციხის დირექტორის განცხადებით, სარკოზი საკანში მარტო იქნება. მას დღეში ორჯერ ექნება სეირნობისა და დასასვენებელი ცენტრის მონახულების შესაძლებლობა, თუმცა სხვა ადამიანებთან კონტაქტის გარეშე. სარკოზის ადვოკატები მის გათავისუფლებას ითხოვენ. სააპელაციო სასამართლოს საქმის შესასწავლად ორთვიანი ვადა აქვს.პარიზის სასამართლომ 25 სექტემბერს ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო დანაშაულებრივ შეთქმულებაში, მუამარ კადაფისგან მილიონობით ევროს უკანონო დაფინანსების მიღების მცდელობის საქმის ფარგლებში. ამასთან, სასამართლომ იგი სხვა ბრალდებებში, მათ შორის კორუფციაში მონაწილეობისა და საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეებზე გაამართლა. სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა.

საბიუჯეტო ორგანიზაციებში და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში პლასტიკური ბოთლებით სასმლის შესყიდვა აიკრძალება – სამინისტრო

საბიუჯეტო ორგანიზაციებში და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში პლასტიკური ბოთლებით სასმლის შესყიდვა აიკრძალება - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს."ოცნების" მთავრობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და ლაშა ავალიანი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი ქვეყანაში პლასტიკის ბოთლებში ჩამოსხმული სასმლის რეალიზაციის რეგულირების საკითხების განხილვა იყო.„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პლასტიკის მოხმარების რეგულირებაზე. პლასტიკის ბოთლების გამოყენების რეგულირების წესის დადგენა რეფორმის შემდეგი ეტაპია. მნიშვნელოვანია სექტორთან კოორდინირებული თანამშრომლობა ისეთი რეგულაციის შემუშავებისთვის, რომელიც ჯანმრთელობის, გარემოს დაცვისა და ეკონომიკურ ინტერესებს დააბალანსებს“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახალი ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის, მათ შორის სამინისტროებისთვის, მათი სისტემაში შემავალი უწყებებისთვის, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების, თვითმმართველობის ორგანოების და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის და სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის პლასტიკური ბოთლებით სასმლის შესყიდვის აკრძალვა. ეს ნაბიჯი პლასტიკის მოხმარების შემცირებას ისახავს მიზნად.უწყების ცნობით, საკითხებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალ რეგულაციაზე გადასვლის ვადებს. სექტორისთვის მისაღები პირობებისა და გამოწვევების გასაანალიზებლად შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.აღსანიშნავია, რომ პლასტმასის ჭარბი მოხმარება დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს. საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612,5 მილიონ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ნივთს – ჭიქას, თავსახურს, საკვების კონტეინერს, კოვზს, ჩანგალს, დანას, საწრუპს, თეფშსა და სასმლის მოსარევს – მოიხმარს, რაც 3,9–5,9 ათას ტონას შეადგენს. საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ სურსათთან შეხებაში მყოფი ერთჯერადი პლასტიკა ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და აბინძურებს გარემოს, რაც თავისთავად საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

ბოლო სიახლეები