კვირა, დეკემბერი 22, 2024

ზურაბ ჯაფარიძე: „ქართული ოცნება“ ჯერ ქუჩაში და შემდეგ არჩევნებზე უნდა დასრულდეს, სხვა გზა არ არის

გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის შემობრუნებით გადაწყვიტეს, არჩევნებამდე მოასუფთაონ ველი, ქვეყანაში აღარ დატოვონ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს კანონი არ გავატანინოთ, ჯერ ქუჩაში ბევრი ხალხი და შემდეგ არჩევნებზე, – ამის შესახებ  „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა და განმარტა, რომ „საფრთხე არის ძალიან კონკრეტული“.

„არ მგონია, არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს, რომელი კომიტეტი განიხილავს ამას. საფრთხე არის ძალიან კონკრეტული – 2030 წელს დაგეგმილია ევროკავშირის გაფართოება და ჩვენ გვაქვს შანსი, მოვხვდეთ გაფართოებაში. ამისთვის საჭიროა ქვეყანაში რეფორმების გატარება, რომელზეც გველაპარაკებიან დასავლეთიდან. ეს უფლებები ეხება მართლმსაჯულების სისტემებს, საარჩევნო სისტემაში რეფორმებს, კორუფციასთან ბრძოლას და დეოლიგარქიზაციას. ამ რეფორმების გატარება ამათთვის – რუსები რომ გვყავს ხელისუფლებაში, ნიშნავს ძალაუფლების დაკარგვას. ისინი უბრალოდ ვა-ბანკზე წავიდნენ, გადაწყვიტეს, რომ არჩევნებამდე მოასუფთაონ ველი, ქვეყანაში აღარ დატოვონ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია, არჩევნები აქციონ ფორმალობად, როგორც ეს არის რუსეთში. სხვა ახსნა ამას არ აქვს, ვერავინ იტყვის, სხვა რა მიზეზის გამო შეიძლება, შემოეტრიალებინათ კანონპროექტი პარლამენტში. ჯერ ქუჩაში და შემდეგ არჩევნებზე უნდა დასრულდნენ ესენი, სხვა გზა არ არის. ესენი გონზე ვერ მოეგებიან, რუსები გონზე ვერ მოეგებიან და ამ ქვეყნის ინტერესებს ვერ გაატარებენ. ჯერ ქუჩაში ბევრი ხალხი – ეს კანონი არ გავატანინოთ და შემდეგ უკვე არჩევნებზე“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გია ვოლსკი – იქმნება შთაბეჭდილება, რომ სალომე ზურაბიშვილს დაევალა, იქცეს მსხვერპლად და ისეთი პოზიცია დაიკავოს, რომელიც პირდაპირ გულისხმობს სისხლის სამართლის პასუხისგებას

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სალომე ზურაბიშვილს რადიკალური პროცესების განვითარების სცენარის მიხედვით, დაევალა, იქცეს გარკვეულ მსხვერპლად და ისეთი პოზიცია დაიკავოს, ისეთი განცხადებები გააკეთოს, რომელიც პირდაპირ გულისხმობს სისხლის სამართლის პასუხისგებას, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. „გუშინ ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც პრემიერი ამბობს, ჩანს, რომ ჰქონდა გარკვეული კონსულტაციები და მრჩევლებმაც ალბათ უთხრეს, რომ ეს რეალობაა და ამ რეალობას გაუსწორა თვალი. არ ვიცი, დღეს რას იტყვის, მაგრამ ყველა შემთხვევაში მის მიერ გამოხატული მზაობა იმისა, რომ ელაპარაკოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომ ჩერჩეტობაა ეს ყველაფერი და ბოლომდე უნდა დაინგრეს სახელმწიფო, მერე ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, ვფიქრობ, რომ უნისონშია. სალომე ზურაბიშვილი უნდა წარმოჩნდეს, როგორც მშვიდობის მტრედი. რადგან როდესაც ის კანონს დაუპირისპირდება, ჩამოყალიბდება ფიგურა ადამიანისა, რომელიც ითხოვდა გარკვეული პროცესების, პოზიტიური პროცესების განვითარებას, მაგრამ მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა რაღაც რეალურ გადაცდომებზე და დანაშაულებზე. ანუ საზოგადოებაში უნდა შეიქმნას აღქმა, რომ არსებობს სამართალი, მაგრამ ეს სამართალი აბსოლუტურად ცალკეა იმისაგან, რასაც სალომე ზურაბიშვილი გააჟღერებს“,- განაცხადა ვოლსკიმ, მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი უნდა დაფიქრდეს, „ამ სცენარის მიხედვით მსხვერპლის როლში ხომ არ არის“. „ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით ჩვენ დაფიქრება გვმართებს და არა მარტო ჩვენ, არამედ საზოგადოებას, ვისაც ნეიტრალური პოზიცია აქვს, ან ქუჩებშია გამოსული. თავად სალომე ზურაბიშვილს 100-ჯერ მართებს დაფიქრება, ხომ არ არის იგი ამ სცენარის მიხედვით მსხვერპლი, მისი როლი ჩამოყალიბებული როგორც მსხვერპლის როლი. აუცილებლად შეფასდება ეს როგორც სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა, ეს თვითონ კარგად იცის. კონსტიტუციის დარღვევის ეს ფორმა, რასაკვირველია, განაპირობებს მის მიმართ გარკვეული სამართლებრივი ზომების გატარების აუცილებლობას, რდგან ეს პირდაპირ უპირისპირდება სახელმწიფო სტაბილურობას და ზოგადად სახელმწიფოში უკონტროლო დანაშაულებრივი პროცესების განვითარების წინაპირობების შექმნას. ამდენი ხანი ამ დესტრუქციული სცენარის მიხედვით მოქმედებდა, რომელსაც ქმნიდა თუნდაც ეს „მაკკეინის ინსტიტუტი“ და ამას აჟღერებდა. ეს არ არის უბრალო ორგანიზაცია და რასაკვირველია, მიჰყვებოდა ნაბიჯ-ნაბიჯ ამ სცენას. მივიდნენ იმ კულმინაციურ წერტილამდე, როდესაც სალომე ზურაბიშვილი უნდა იქცეს ან დამნაშავედ, სხვა ალტერნატიული აზრი არ არსებობს, ან რასაკვირველია, უნდა მოძებნოს გზა, როგორმე, თავი დააღწიოს აი ამ როლისაგან, რომელიც მას მიანიჭეს. ისევე როგორც სააკაშვილს ჰქონდა თავის დროზე როლი მიცემული იმისა, რომ უნდა ყოფილიყო მომაკვდავი დემოკრატიის შუქურა, რომელიც იჩაგრება საქართველოში. ვფიქრობ თვითონ დროულად მიხვდა ამას და თავი გადაირჩინა“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გია ვოლსკიმ.

„დაინახა, რომ ხატი ადგილზე იძვროდა. ღვთისმშობელი და მის ხელში ყრმა გაცოცხლებულიყვნენ…“ – 22 დეკემბერი „მოულოდნელი სიხარულის” ხატის დღესასწაულია

22 დეკემბერს „მოულოდნელი სიხარულის" ხატის დღესასწაულია. საოცარია ხატის ისტორია. ეს ხატი იმყოფებოდა ერთი ცოდვილი ავაზაკის სახლში; ის არ ღალატობდა ჩვეულებას და ყოვლდღიურად მის წინაშე მთავარანგელოზის სიტყვებით ლოცულობდა: "გიხაროდენ, სახარულევანო". ერთხელ საშინელი უსჯულოების ჩასადენად რომ მიდიოდა, ღვთისმშობლის ხატისკენ მიბრუნდა, რათა წასვლამდე მის წინაშე ელოცა და თავზარი დაეცა. მან დაინახა, რომ ხატი ადგილზე იძვროდა. ღვთისმშობელი და მის ხელში ყრმა გაცოცხლებულიყვნენ: ყრმა ღმერთს ხელებზე, ფეხებზე და ფერდზე ჭრილობები გახსნოდა და სისხლი ნაკადულად ჩამოსდიოდა, - ისევე, როგორც ჯვარზე ვნებისას. როდესაც ამ კაცმა ყოველივე ეს იხილა, შიშით შეჰღაღადა: "ჰოი, დედოფალო, ვინ ჩაიდინა ეს?" ღვთისმშობელმა უპასუხა: "შენ და სხვა ცოდვილები, ვითარცა იუდეველები, ჯვარს აცვამთ ძეს ჩემსას". "შემიწყალე მე, დედაო მოწყალეო!" - აღმოხდა ცოდვილს. ღვთისმშობელმა უპასუხა: "მოწყალე დედას მიწოდებ მე და მწუხარებით კი აღმავსებ". მაშინ უბედურმა უთხრა: "არა, დედოფალო, ნუ გარდაემატება ცოდვა ჩემი გულმოწყალებასა შენსა, რამეთუ შენ ხარ სასო ყოველთა ცოდვილთა, ევედრე ძესა შენსა და მამასა ჩემსა". მაშინ უფროსად კურთხეულმა დედამ ღვთის წინაშე აღავლინა ლოცვა: "ძეო და ღმერთო ჩემო, ჩემდა მომართ სიყვარულითა შეიწყალე ცოდვილი ესე და შეუნდე ყოველივე ბოროტნი საქმენი მისნი". ხილვა ამგვარად დამთავრდა. ღვთაებრივმა ხმამ ცოდვილს სინანული აღუძრა და მას მოულოდნელი სიხარული მიენიჭა ღვთისმშობლის ხატისაგან, რომელმაც იგი დაღუპვისაგან იხსნა.

ირაკლი კობახიძე – რასაც ველოდით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ზუსტად იგივე ხდება, მათ შორის იმის ჩათვლით, რომ სალომე ზურაბიშვილი არ შეეგუებოდა თანამდებობის დატოვებას

რა სცენარიც ვითარდება ამ ერთი თვის  და ბოლო დღეების განმავლობაში, ის პირდაპირ იყო ასახული პრაქტიკულად „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს არის ის სცენარი, რომელიც დაწერილია ქვეყნის გარეთ. „ჩვენი გუნდის წარმომადგენლები სიტყვა სიტყვით საუბრობდნენ იმაზე, თუ რა მოხდებოდა არჩევნების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში და ყველაფერი ახდა ზუსტად ისე, როგორც ამაზე გუნდის წევრები საუბრობდნენ. თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ კონკრეტული განცხადებები, რასაც აკეთებდნენ ჩვენი გუნდის წევრები, ჩვენი გუნდის ლიდერები, რასაც ველოდით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ზუსტად იგივე ხდება, მათ შორის იმის ჩათვლით, რომ სალომე ზურაბიშვილი არ შეეგუებოდა თანამდებობის დატოვებას და ა.შ. ის შემოიკრებდა ამ თემის გარშემო რადიკალურ ოპოზიციას. ეს არის ის სცენარი, რომელიც დაწერილია ქვეყნის გარეთ. ეს ადამიანები არიან უბრალოდ უცხოელი აგენტები, რაც დაუწერეს „მაკკეინის ინსტიტუტის“ პატრონებმა ამ ადამიანებს, უცხოელ აგენტებს საქართველოში, ზუსტად იმ სცენარს მიყვებიან. აქედანაც ჩანს კიდევ ერთხელ ის, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს ნულოვანი დამოუკიდებლობა. ისინი არიან ჩვეულებრივად უცხოელი აგენტები და აკეთებენ არა იმას, რაც შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, არამედ იმას, რასაც ავალებენ უცხოელი პატრონები“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს მაინც ეყოფა გონიერება, არც თავად დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსი და არც ვინმე სხვას დაარღვევინოს ისეთი ნორმები, რომლებიც გაითვალისწინებს...

მგონია, სალომე ზურაბიშვილს მაინც ეყოფა გონიერება, არც თავად დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსი და არც ვინმე სხვას არ დაარღვევინოს ისეთი ნორმები, რომლებიც გაითვალისწინებს მათ მრავალწლიან პატიმრობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ უპასუხა შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა, განვითარდეს იგივე პროცესები, რაც განვითარდა თავის დროზე მელიას დაკავების შემთხვევაში. „აქ დიდი რესურსი მათ არ აქვთ. სპეციფიკა განსხვავებულია, ის იყო პარტიული ოფისი და განსხვავებული ვითარება, აქ საუბარია პრეზიდენტის რეზიდენციაზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დარწმუნებული ვარ, რომ მას ეყოფა გონიერება, არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ იგივე სცენარი, რაც განვითარდა თავის დროზე მელიას დაკავების შემთხვევაში, რომ წარმოვიდგინოთ, რომ ის გამაგრდა პრეზიდენტის რეზიდენციაში, ამ შემთხვევაში, ესეც არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 72 წლის ქალის ციხეში გაშვება შეიძლება არ მოუნდეს არავის, მაგრამ ასეთი ქმედებით ის გაწირავს ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად იქნება, ასეთი სცენარის შემთხვევაში, პრეზიდენტის რეზიდენციაში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სხვა სცენარს ვვარაუდობ, მგონია, მას მაინც ეყოფა გონიერება, არც თავად დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსი და არც ვინმე სხვას არ დაარღვევინოს ისეთი ნორმები, რომლებიც გაითვალისწინებს მათ მრავალწლიან პატიმრობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილს მოუწევს თანამდებობის დატოვება, ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, მგონია, ეყოფა გონიერება, არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები

ვერავითარი სერიოზული გეგმა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, რა თქმა უნდა, ვერ იქნება წარმოდგენილი, 29 დეკემბერს მას მოუწევს თანამდებობის დატოვება, ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ერთი კვირაც აღარ აქვს დარჩენილი თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილს, შესაბამისად, ამ ერთი კვირის განმავლობაში ის ვერაფერს გააკეთებს. „მართალია, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი და ჩინოვნიკი აცხადებს, რომ 29 დეკემბრამდე კიდევ ბევრი რამ შეიძლება, მოხდეს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ არავითარი ბევრი რამ 29 დეკემბრამდე არ მოხდება, „დიფ სთეითი“ საქართველოში ვერ გაიმარჯვებს, რადიკალური ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს. შესაბამისად ვერავითარი სერიოზული გეგმა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, რა თქმა უნდა, ვერ იქნება წარმოდგენილი. 29-ში მას მოუწევს თანამდებობის დატოვება, ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ. მე მგონია, რომ მას ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები