სიგიჟესთან რომ გვქონდა საქმე, მგონი, ამას დამატებითი განმარტებები აღარ სჭირდება, მაგრამ ჰქონდა თუ არა უცხოურ ზემოქმედებას ადგილი? ნებისმიერ უცხოურ შეხვედრებზე ბევრი საუბარი იყო ჩემთან ბევრ თემაზე. იყო ისეთი საკითხებიც, როცა კატეგორიულ მოთხოვნას დაგვიყენებდნენ რაღაც საკითხზე, მაგრამ ჩემთან არასდროს ყოფილა საუბარი, რომ გინდა არ გინდა, იქ ან სადმე სხვაგან უნდა გვეომა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომელიც 2003-2004 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრი და 2007 წლის ნოემბრის ჩათვლით საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო.
ზურაბ ნოღაიდელმა უპასუხა კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის შეკითხვას: „თავდაცვის ძალები არის თავდაცვის ძალები. თავდაცვის ძალები მთავარდსარდალმა და პოლიტიკურმა ხელისუფლებამ არ უნდა აქციოს საზარბაზნე ხორცად. არცერთმა პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ არ უნდა დააჭირვოს, რომ თავდაცვის ძალებსა და ჯარისკაცს დასჭირდეს თავგანწირვა იმისთვის, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ქვეყნის ერთგული დარჩეს და უბრალოდ, თავდაცვის ფუნქციას ვეღარ ასრულებს, მაგრამ პიროვნულ თავგანწირვაზე მიდის, რადგან ასე არიან გაზრდილი. ამისთვის ისინი ყოველთვის მზად არიან და ეს დაამტკიცეს აგვისტოს ომის დროს. ეს იყო ავანტურა, სიგიჟე, გარედან ერთი ან მრავალი ძალის დავალებებს ასრულებდა, თუ რასთან გვქონდა საქმე, რადგან ორჯერ ვერ მოახერხა. თქვენ ადასტურებთ ამას, გრიგოლ ვაშაძემ ისაუბრა ვრცლად მაღალპროფესიულად, ბესტაევმა და სხვებმა. პაატა დავითაიამაც დაადასტურა, რომ სამოქალაქო თავდაცვა არ იყო, სამთავრობო კომისია არ შექმნილა. თქვენ როგორ მიგაჩნიათ, მოვლენები შესაძლოა, ყოფილიყო გარედან მართული და, რეალურად, ჩვენ მარიონეტი გვყავდა ხელისუფლებად, პრეზიდენტად, რომელიც ქვეყნისთვის მავნებლურ გეგმას ახორციელებდა? რასთან გვქონდა საქმე?“
„სიგიჟესთან რომ გვქონდა საქმე, მგონი, ამას დამატებითი განმარტებები აღარ სჭირდება, მაგრამ ჰქონდა თუ არა უცხოურ ზემოქმედებას ადგილი? ბევრი საუბარი იყო ჩემთან ბევრ თემაზე ნებისმიერ უცხოურ შეხვედრებზე. იყო ისეთი საკითხებიც, როცა კატეგორიულ მოთხოვნას დაგვიყენებდნენ რაღაც საკითხზე და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემთან არასდროს ყოფილა საუბარი, რომ ჩვენ გინდა არ გინდა, იქ ან სადმე სხვაგან უნდა გვეომა. იყო თუ არა მასთან ასეთი საუბარი, არ ვარ ამის შესახებ საქმის კურსში, შესაბამისად, არ გავაკეთებ პროგნოზს. მაქვს ჩემი აზრი, მაგრამ მაინც ჩემს აზრად დავიტოვებ. სამი წლის განმავლობაში ჩემთან არასდროს ყოფილა საუბარი ამ თემაზე, ბიძგი იმისკენ, რომ თქვენ აქ წადით, ამ კონფლიქტზე“, – განაცხადა ნოღაიდელმა.
კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ზურაბ ნოღაიდელს მიმართა: „ხუმრობანარევი ტონით რომ ვთქვა, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ეჭვი არ შეგპარვიათ, რომ გარკვეული შლეგთა ჯგუფი მართავდა პროცესებს ქვეყნის საზიანოდ, ანუ სიგიჟესთან რომ გვქონდა საქმე, მაგრამ ეს გარედან მართულიც იყო თუ არა, ამაზე თქვენთან საუბარი არავის ჰქონია და არც ეჭვი შეგპარვიათ“.
აღნიშნულის საპასუხოდ ნოღაიდელმა აღნიშნა: „არა“.