თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი ოპოზიციაში ისევ დაპირისპირების მიზეზია. საკითხთან დაკავშირებით საუბრობენ მმართველ გუნდში.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, ქართველი ხალხი ორი არჩევანის წინაშე დგას, ერთი არის სტაბილურობა, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ შექმნა და მეორე არის გაერთიანება, რომელიც არჩევნებში მონაწილეობით, თუ მის გარეშე, ფიქრობს რაც შეიძლება მეტი ზიანის მოუტანოს ქვეყანას.
“ერთ მხარეს არის ის ფაქტი, რაც უკვე შექმნა “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ, ეს არის სტაბილურობა და გადარჩენა ომის ქარ-ცეცხლისაგან.
მეორე მხარეს არის ადამიანების გაერთიანება, რომლებიც ფიქრობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობით თუ მონაწილეობის გარეშე, როგორმე უფრო მეტი ზიანი მიადგეს ქვეყანას, რაც მთავარია მოემსახურონ სხვა ძალებს, რომელთაც არ აინტერესებთ საქართველოში ნგრევა იქნება, თუ შენება. ამ არჩევანის წინაშე დგას ხალხი.
ზოგი ფიქრობს, რომ არჩევნებზე გასვლა ამ მონაცემებით არ არის კარგი, ჯობია გარეთ იყვნენ და ლევან ხაბეიშვილის გაჰყვნენ ამ ბრძოლაში, ფიზიკურ დაპირისპირებაში, ვიდრე კოალიციაზე ილაპარაკონ, რომელიც რეალურად არ არსებობს და თაღლითების გარდა, ამ გაერთიანებაში არავინ არ არის. თაღლითობაშიც და მავნებლობაშიც ეჯიბრებიან ერთმანეთს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.