ვფიქრობ, ევროპა ცივილიზაციური თვითმკვლელობის რისკის წინაშე დგას, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.
ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, რომ მას სურს აყვავებული ევროპის ხილვა, რომელიც პატივს სცემს თავის ხალხს.
„მე ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენ ევროპასთან ბევრი საერთო გვაქვს. დიახ, ევროპელები ხანდახან მაღიზიანებენ და მათთან გარკვეულ საკითხებზე არ ვთანხმდები, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დასავლური ცივილიზაციის აკვანია. ქრისტიანული ცივილიზაციის მთელი იდეა, რამაც ამერიკის შეერთებული შტატების დაარსებამდე მიგვიყვანა, ევროპაში ჩამოყალიბდა. კულტურული კავშირები, რელიგიური კავშირები – ეს ყველაფერი პოლიტიკურ უთანხმოებებს მიღმა გაგრძელდება“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
„მაგრამ ვფიქრობ, ევროპა ცივილიზაციური თვითმკვლელობის რისკის წინაშე დგას. ისინი ვერ ახერხებენ ან არ სურთ თავიანთი საზღვრების კონტროლი. ხედავთ, რომ [ახლა] ისინი ამის წინააღმდეგ გამოდიან და ეს კარგია. ხედავთ, რომ ისინი იწყებენ საკუთარი მოქალაქეების სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას. მე მინდა, რომ ევროპა აყვავებული იყოს, მინდა, რომ ის იყოს მნიშვნელოვანი მოკავშირე, და ამის ნაწილი არის ის, რომ ევროპამ პატივი უნდა სცეს საკუთარ ხალხს, საკუთარ სუვერენიტეტს და ამერიკა ამას მათ ნაცვლად ვერ გააკეთებს“, – დასძინა ჯეი დი ვენსმა.