უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს კრიტიკულ განცხადებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მან უარი განაცხადა კიევის მიერ შეთავაზებულ დახმარებაზე რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის შედეგების შესამსუბუქებლად.
„კარგია, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ფიცო უკვე დაბრუნდა ვიეტნამის ძვირადღირებული სასტუმროდან და ბრატისლავაში იმყოფება. პირადად მისთვის ეს რთული უნდა იყოს – ფუფუნებაში ცხოვრებიდან გადასვლა საკუთარი შეცდომების გამოსწორების მცდელობაზე“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სლოვაკეთის პრემიერის შეცდომად დაასახელა რუსეთთან თანამშრომლობის გაგრძელების იმედი.
„ჩვენ შევთავაზეთ დახმარება სლოვაკეთის ხალხს რუსეთიდან გაზის ტრანზიტის შეწყვეტასთან ადაპტაციის პერიოდში, მაგრამ ფიცომ ქედმაღლურად უარი განაცხადა. ევროპაში ბევრი აფრთხილებდა მას, რომ არ შეიძლება უბრალოდ არაფრის კეთება და ლოდინი. ახლა ის ცდილობს, პიარით, სიცრუითა და ხმაურიანი ბრალდებებით გადააბრალოს პასუხისმგებლობა სხვას. მაგრამ პრობლემა სწორედ იმაშია, რომ მან ფსონი დადო მოსკოვზე და არა საკუთარ ქვეყანაზე, გაერთიანებულ ევროპასა და საღ აზრზე. ეს თავიდანვე განწირული ფსონი იყო“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ევროპაში ენერგიის მიწოდების ახალი წყაროების მოძიება, ევროკავშირთან თანამშრომლობა და ამერიკული გაზის მიწოდების გაზრდა დაეხმარება იმ პრობლემების მოგვარებაში, რაც „ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის ახლომხედველობამ გამოიწვია“.
ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ უკრაინა, როგორც არასაიმედო პარტნიორი, მკაცრად გააკრიტიკა და თქვა, რომ მობეზრდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპაში სიარული, მისი „მათხოვრობა“ და „სხვების შანტაჟი“. ამასთან, სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინიმ განაცხადა, რომ უარს ამბობს კიევში ოფიციალურ ვიზიტზე უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გამო.