რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს ყოველთვის შეუძლიათ, ჰქონდეთ რუსეთის მხრიდან ხელშეწყობის იმედი.
როგორც კრემლის პრესსამსახური იუწყება, სომხური მხარის ინიციატივით შედგა სატელეფონო საუბარი ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის.
„ნიკოლ ფაშინიანმა აცნობა რუსეთის პრეზიდენტს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შეთანხმებისა და ერევნის მზადყოფნის შესახებ, ხელი მოაწეროს ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს. ვლადიმერ პუტინმა ამასთან დაკავშირებით ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ყოველთვის გამოდიოდა და გამოდის სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის მხარდასაჭერად სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე. როგორც სომხეთს, ასევე აზერბაიჯანს ყოველთვის შეუძლიათ, დაეყრდნონ რუსეთის მხარის ნებისმიერ შესაძლო დახმარებას ამ მიზნების მისაღწევად“, – აცხადებენ კრემლში.
ამასთან ერთად, კრემლის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში.
სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის დასრულებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც.
„მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების პროექტის ტექსტზე მოლაპარაკებების დასრულებას. მხარს ვუჭერთ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს სრულფასოვანი და ყოვლისმომცველი სომხურ-აზერბაიჯანული ნორმალიზაციის მიღწევის გზაზე, როგორც ეს გათვალისწინებულია რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020-2022 წლების სამმხრივი შეთანხმებებით. მიზნად ვისახავთ, გავუწიოთ ყველანაირი დახმარება სამშვიდობო პროცესის შემდგომ წინსვლასა და ბაქოსა და ერევანს შორის დარჩენილი საკითხების გადაწყვეტას, მათ შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისთვის, ასევე სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვას, საერთო საზღვრის დელიმიტაციასა და ჰუმანიტარულ პრობლემატიკას იმ ზომითა და ფორმით, რომელიც მისაღები იქნება პარტნიორებისთვის. სომხურ-აზერბაიჯანული ნორმალიზაციის ხელშეწყობის საკითხებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი მზადაა, ეწვიოს ბაქოსა და ერევანს შესაბამისი კონსულტაციების ჩასატარებლად. ვადასტურებთ ჩვენს შეთავაზებას, უზრუნველვყოთ რუსული პლატფორმა აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლების კონტაქტებისთვის სომხურ-აზერბაიჯანული ნორმალიზაციის საკითხთა მთელი კომპლექსის შესახებ, ასევე სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოსაწერად“, – აღნიშნულია განცხადებაში.