სამშაბათი, ნოემბერი 24, 2026

ვიქტორ ყიფიანი: ბანკმა არც მეტი და არც ნაკლები, გადაგვიყვანა ისეთ პროცედურულ ხლართებში, რომლებიც თავისი სირთულით, ვადიანობითა და კომპლექსურობით უტოლდება სინგაპურსა და ბერმუდაზე სასამართლო დავებს

როდესაც მთავარმა ბენეფიციარმა მიმართა ბანკს წინადადებით, რომ ტრასტები დახურულიყო და შესაბამისად, ეს დახურვის პროცედურა მას აძლევს აქტივებზე წვდომის პირდაპირ საშუალებას, ბანკმა არც მეტი და არც ნაკლები, გადაგვიყვანა ისეთ პროცედურულ ხლართებში, რომლებიც თავისი სირთულით, ვადიანობითა და კომპლექსურობით უტოლდება სინგაპურსა და ბერმუდაზე სასამართლო დავებს. მიუხედავად იმისა, რომ ტრასტების დახურვა, როგორც ასეთი, ადმინისტრაციული პროცედურაა, რომელსაც 1-2 დღის მეტი არ სჭირდება, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

„რეალურად ჩვენ ახლა ვართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც ბანკი იყენებს ამ ტრასტებს, როგორც ინსტუმენტებს, კლიენტის ნებელობის, მისი შეუპოვრობისა და პრინციპულობის დატესტვისა. ტრასტებზე არსებულ თანხებს არანაირი შეხება არა აქვს არსებულ დავებთან. ეს არის საკითხი, რომელიც არანაირ დავას არ უნდა იწვევდეს. ეს ყველაფერი ერთად აღებული თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ ასეთი ხერხების ერთობლიობას გამართლება არ აქვს. რა არის ამ ხელწერის მამოძრავებელი, რა არის მოტივაცია ბანკის მესვეურთა მხრიდან – ეს ის კითხვაა, რომელიც დაისვა და დაშვების საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ეს დავა გასცდა სამართლებრივი დავის ფარგლებს და გადაინაცვლა სხვა კონტექტსში“, – აღნიშნა ყიფიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გურამ მაჭარაშვილი – დარწმუნებული ვარ, ევრობიუროკრატიის განცხადებების მიმართ ქართულ საზოგადოებაში დიდი ინტერესი აღარ არის

არ მგონია, რომ ევროკავშირის, ევროპარლამენტის და ზოგადად ევრობიუროკრატიის განცხადებები ქართულ საზოგადოებას დიდად აღელვებდეს, სამწუხაროდ, სხვათა შორის, იმიტომ, რომ თავადვე გაუწიეს დისკრედიტაცია ევროპის ინსტიტუტებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ევრობიუროკრატიის განცხადებების მიმართ ქართულ საზოგადოებაში დიდი ინტერესი აღარ არის.„ევროპის ინსტიტუტები იქნება, ევროპარლამენტი თავისი რეზოლუციებით თუ ევროკომისია გადაწყვეტილებებით, ქართულ საზოგადოებას და სახელმწიფოს სთხოვდა და სთხოვს დამნაშავე პირების გამოშვებას ციხიდან, მათივე ევროპის სასამართლო ამართლებს დანაშაულში სააკაშვილს და რეზოლუციებით გვავალდებულებენ, რომ გავაუქმოთ ის კანონი, რომელიც იცავს ლგბტ პროპაგანდისგან ახალგაზრდებს და ეროვნულ ინტერესებზე ვთქვათ უარი. ამიტომ, დღეს, დარწმუნებული ვარ, რომ ევრობიუროკრატიის განცხადებების მიმართ ქართულ საზოგადოებაში დიდი ინტერესი აღარ არის. მარტო ის რად კმარა, რომ დიდ დაპირისპირებაში თავად ევროკავშირი თავისივე თანამდებობის პირებთან და შეერთებული შტატების დღევანდელ პრეზიდენტთან და მის ადმინისტრაციასთან არის და რა გასაკვირია ახლა, რომ ევრობიუროკრატიას საქართველოში მიმდინარე პროცესები არ მოეწონოს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.ცნობისთვის, 25 ნოემბერს ევროპარლამენტში დაგეგმილია დებატები რეზოლუციის პროექტზე, რომლის სახელწოდებაა „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ბუდაპეშტში PROFFORMANCE-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა და ევროპულ აკადემიურ სივრცესთან თანამშრომლობის გაღრმავება სტრატეგიული მნიშვნელობისაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი არა მხოლოდ მონაწილეობს საერთაშორისო საგანმანათლებლო ინიციატივებში, არამედ აქტიურად არის ჩართული მათ განხორციელებაში, პროფესიული გამოცდილების გაზიარებასა და მიღებული ცოდნის საუნივერსიტეტო საქმიანობაში ინტეგრირებაში. PROFFORMANCE-ის საერთაშორისო ღონისძიებებში ხათუნა ჩაფიჩაძის, როგორც ინსტიტუციური ელჩის, მონაწილეობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჩვენი პროფესორ-მასწავლებლების გლობალურ პროფესიულ ქსელებში ჩართულობას, ევროპული გამოცდილების გაზიარებასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერებას. ამასთანავე, სასიხარულოა, რომ საერთაშორისო პლატფორმაზე საკუთარი პოზიციის წარმოჩენის შესაძლებლობა მიეცა ჩვენს სტუდენტს, ემა ჭანტურიას. ეს უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა - სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ერთობლივი მონაწილეობა იმ პროცესებში, რომლებიც თანამედროვე უმაღლესი განათლების განვითარებას განსაზღვრავს.ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სტუდენტზე ორიენტირებული აკადემიური გარემოს განვითარებაა. ამ მიმართულებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სოლიდური გამოცდილება და მიღწევები აქვს, რასაც ადასტურებს აკადემიური პერსონალის საერთაშორისო პროექტებში ჩართულობა, საგანმანათლებლო პროგრამების მუდმივი სრულყოფა და სტუდენტებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე გამოცდილების მიღების შესაძლებლობების შექმნა. ჩვენი მიზანია, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა კიდევ უფრო გაიმყაროს პოზიციები საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში და მოამზადოს კონკურენტუნარიანი, მაღალი პროფესიული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ახალი თაობა“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ საერთაშორისო ღონისძიებაში უნივერსიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობის შეფასებისას განაცხადა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორმა, ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა, სოციალური მეცნიერებების დოქტორმა, პოლიტოლოგმა და PROFFORMANCE-ის ინსტიტუციური ელჩმა (IPA) ხათუნა ჩაფიჩაძემ, ასევე, ამავე ფაკულტეტის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი ემა ჭანტურიამ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტ PROFFORMANCE-ის ფარგლებში გამართულ მნიშვნელოვან ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრები უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების, სწავლებისა და სწავლის პროცესის სრულყოფის, აკადემიური საქმიანობის შეფასებისა და სტუდენტთა ჩართულობის საკითხებს მიეძღვნა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, ვორკშოპების ძირითადი მიზანი იყო იმ მექანიზმებისა და შესაძლებლობების გააზრება, რომელთა მეშვეობითაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუძლიათ შეფასების პროცესი სწავლებისა და სწავლის განვითარების ეფექტიან ინსტრუმენტად აქციონ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შეფასების შედეგების პრაქტიკულ გამოყენებას, ინსტიტუციური გამოცდილების გაანალიზებასა და ისეთი მიდგომების დანერგვას, რომლებიც აკადემიური საქმიანობის ხარისხობრივ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.როგორც ხათუნა ჩაფიჩაძე აცხადებს, შეხვედრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და საერთაშორისო ექსპერტების უკუკავშირის როლი სასწავლო კურსების განვითარებაში. მისი თქმით, მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა დაინტერესებული მხარის შეფასებებისა და რეკომენდაციების სისტემური გაანალიზება და მათი სასწავლო კურსების შინაარსის, სწავლების მეთოდებისა და საგანმანათლებლო შედეგების გაუმჯობესების პროცესში ინტეგრირება.„ვორკშოპების კონცეფცია ეფუძნებოდა მნიშვნელოვან პრინციპს - შეფასება არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ მიღწეული შედეგების გაზომვით ან არსებული მდგომარეობის აღწერით. მისი მთავარი დანიშნულება უნდა იყოს მიღებული ინფორმაციის გამოყენება შემდგომი განვითარების, ხარისხის გაუმჯობესებისა და საგანმანათლებლო პროცესის უწყვეტი სრულყოფისთვის. სწორედ ამგვარი მიდგომა ქმნის შესაძლებლობას, შეფასება ინსტიტუციური განვითარების რეალურ მამოძრავებელ ძალად იქცეს. ღონისძიებების მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო სტუდენტური პერსპექტივის წარმოჩენა. PROFFORMANCE-ის ინსტიტუციური ელჩების საერთაშორისო შეხვედრისა და ვორკშოპის ფარგლებში გამართულ სტუდენტურ მრგვალ მაგიდაში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი ემა ჭანტურია, რომელიც დისკუსიაში სტუდენტ პანელისტად ჩაერთო. სტუდენტური მრგვალი მაგიდა წარმოადგენდა პლატფორმას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე საკუთარი ხედვები, გამოცდილება და მოსაზრებები გაეზიარებინათ უმაღლესი განათლების ხარისხის, სწავლებისა და სწავლის პროცესის ეფექტიანობისა და სტუდენტთა ჩართულობის შესახებ. ემას მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სტუდენტების უშუალო გამოცდილება და შეფასებები საგანმანათლებლო პროცესის გაუმჯობესების ერთ-ერთ აუცილებელ საფუძველს წარმოადგენს. სტუდენტთა მონაწილეობა მსგავსი ფორმატის საერთაშორისო დისკუსიებში ხელს უწყობს მათ აკადემიურ და პროფესიულ განვითარებას, კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობისა და ინტერკულტურული კომუნიკაციის უნარების გაძლიერებას“, - აცხადებს ხათუნა ჩაფიჩაძე.სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელთა მონაწილეობა ბუდაპეშტში გამართულ საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიებებში მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა უნივერსიტეტის აკადემიური გამოცდილების საერთაშორისო სივრცეში წარმოსაჩენად და ევროპულ საგანმანათლებლო მიდგომებთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

პარლამენტმა 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა.მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი პარლამენტს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა წარუდგინა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეალური ეკონომიკური ზრდა წელს 6.8% იქნება, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი – 120 მილიარდ 306 მილიონი ლარი, საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი – 5.2 პროცენტი, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი – მთლიანი შიდა პროდუქტის 1.2%, ხოლო მთავრობის ვალი – მთლიანი შიდა პროდუქტის 30%.ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები იზრდება 810 მილიონი ლარით და შეადგენს 27 მილიარდ 850 მილიონ ლარს.ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ზრდა ფიქსირდება საგადასახადო შემოსავლების ყველა ძირითად კატეგორიაში, მათ შორის, დამატებული ღირებულების გადასახადის პროგნოზი გაზრდილია 320 მილიონი ლარით, რის შედეგადაც, მისი თქმით, დამატებით 64 მილიონ ლარს მიიღებენ მუნიციპალური ბიუჯეტები.როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, გრანტებისა და სხვა შემოსავლების პროგნოზი იზრდება 326 მილიონი ლარით და 3 მილიარდ 8 მილიონი ლარით განისაზღვრება. ასევე, 130 მილიონი ლარით არის გაზრდილი პრივატიზაციის მაჩვენებელი და 480 მილიონ ლარს შეადგენს.ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი, ახალი ვალების აღების შემცირების ხარჯზე, 35 მილიარდ 991 მილიონ ლარს შეადგენს.

სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 15 ფაქტი აღიკვეთა.მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური და კუთვნილი ბარგის ასევე, მათი მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად, აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული ჯამში - 881 კოლოფი სიგარეტი აღმოაჩინეს.კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჩამოერთვათ არადეკლარირებული საქონელი და თოთოეული სანქციის სახით 1000 ლარით დაჯარიმდა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენი ამოცანაა, მოქალაქეებს, ასაკის, შემოსავლისა და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, ჰქონდეთ პროფესიის შეძენისა და კვალიფიკაციის ამაღლების სათანადო პირობები

პროფესიული განათლების მიმართ სახელმწიფოს მიდგომა არის მომავალზე გათვლილი, მომავალზე ორიენტირებული. ხარისხიანი სწავლება არის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი მყარი საფუძველიც და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით რეგიონებში სწავლების ხელმისაწვდომობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ Skillwill-ში ახალი კოლეჯისა და MIT Open Learning-თან თანამშრომლობის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლების ამოცანაა, მოქალაქეებს, ასაკის, შემოსავლის და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, ჰქონდეთ პროფესიის შეძენის და კვალიფიკაციის ამაღლების სათანადო პირობები.„თანამედროვე სასწავლო გარემო ახალგაზრდებს საკუთარ ქალაქში, საკუთარ რეგიონში განვითარების და საქართველოში დარჩენის საშუალებას აძლევს, ხოლო ადგილობრივ ბიზნესს სპეციალისტების მოზიდვაში ეხმარება – სწორედ ამისათვის გაიხსნა და მუშაობს Skillwill-ის კამპუსები ქუთაისსა და ბათუმში. ზოგადად მინდა აღვნიშნო, რომ ყველა კვლევის თანახმად კვალიფიციური კადრები არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, როგორც კერძო სექტორისთვის, ისე საჯარო სექტორისთვის და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, პროფესიული განათლების განვითარებას ენიჭება განსაკუთრებულზე განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩვენ სტუდენტებს ვთავაზობთ სათანადო პირობებს სახელმწიფო დაფინანსებით – ახალგაზრდებსაც და მათაც, ვისაც საქმიანობის სფეროს შეცვლა სურს, სწავლის საფასურის გადახდის გარეშე შეუძლიათ პროფესიის დაუფლება ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის Skillwill-ში. ეს არის ქვეყნის მომავალში ჩადებული ინვესტიცია: ცოდნა მოქალაქეს აძლევს დასაქმების საშუალებას, შემოსავლის გაზრდის საშუალებას, ხოლო ბიზნესს ამარაგებს კვალიფიციური კადრებით. ამიტომ დაფინანსებას ჩვენ სწავლების ხარისხს, პრაქტიკულ მომზადებას და შრომის ბაზრის მოთხოვნებს ვუკავშირებთ, რასაც 50-ზე მეტ კომპანიასთან კოლეჯის პარტნიორობაც, ბუნებრივია, უწყობს ხელს.პროფესიული განათლების მხარდაჭერით მოქალაქეებს მეტ შესაძლებლობას ვუქმნით, ვაძლიერებთ რეგიონებს და ვავითარებთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას: მადლობა Skillwill-ის ხელმძღვანელობას, მადლობა მთლიანად Skillwill-ის გუნდს, მადლობა ვაკო თურნავას, რომელიც ამ ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელია, მადლობა პედაგოგებს, საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებს. ყველას ძალიან დიდი მადლობა. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ღირებული წამოწყება, ძალიან ღირებული ინიციატივა, ძალიან ღირებული სასწავლებელი და შესაბამისად, თითოეული თქვენგანი იმსახურებს განსაკუთრებულ მადლობას, ყველას მინდა წარმატებები გისურვოთ სამომავლო საქმიანობაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები