უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინული საფრთხეებისგან ენერგეტიკული ობიექტების დასაცავად სამხედროებს გააგზავნის. უნგრული მედიის ცნობით, ამის შესახებ ორბანმა თავდაცვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინა ახალ ქმედებებს გეგმავს, რითიც უნგრეთის ენერგოსისტემას ახალ ზიანს მიაყენებს და ის საპასუხო ზომებს მიიღებს.
„მე გავცემ განკარგულებას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. ჩვენს ენერგეტიკულ ობიექტებთან სამხედროებს და საჭირო საშუალებებს განვალაგებთ, რათა თავდასხმების პრევენცია მოხდეს. პოლიცია იმორიგევებს კონკრეტულ ელექტროსადგურებთან, გამანაწილებელ სადგურებთან და სადისპეტჩერო ცენტრებთან“, – განაცხადა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე თქვა, რომ უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში დრონების გამოყენება აიკრძალება.
მანამდე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ნავთობსადენი „დრუჟბა“, რომლითაც უნგრეთს რუსული ნავთობი მიეწოდება, რუსეთის თავდასხმის შედეგად არ დაზიანებულა და უკრაინამ პოლიტიკური მოტივებით შეაჩერა რუსული ნავთობის მიწოდება უნგრეთში, რათა მხარი დაუჭიროს უნგრეთში დაგეგმილ არჩევნებში ოპოზიციას. მისივე თქმით, ამის გამო ბუდაპეშტი გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ შემუშავებული სანქციების მეოცე პაკეტისა და კიევისთვის გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს სესხის ბლოკირებას.

