აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიში ავლენს ბრიუსელიდან მომდინარე ცენზურასა და საარჩევნო ჩარევას მთელ ევროპაში. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს.
„ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები, მოსყიდული ჟურნალისტები, მანიპულირებული ალგორითმები, დივერსიულ სქემებში ჩადებული მილიონობით ევრო – ეს არის რეალური საფრთხე თავისუფლებისა და ხალხის სუვერენული ნებისთვის, ჩვენ ამას არ შევეგუებით“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელ X-ზე.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშის სათაურია „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II, ევროპის ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურის მიმართულებით და როგორ აზიანებს ის ამერიკელების გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკომისია ცენზურის კუთხით კიდევ უფრო აგრესიული იყო 2024 წლის ივნისში გამართული ევროპარლამენტის არჩევნების წინ.
ანგარიშის თანახმად, ევროკომისია ცდილობდა, ცენზურა დაეწესებინა კონტენტზე ეროვნული არჩევნების წინ მოლდოვაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, ირლანდიასა და რუმინეთში.
„2023-დან 2025 წლამდე ევროკომისია კავშირში იყო პლატფორმებთან და მათზე ზეწოლას ახდენდა, რათა ეროვნული არჩევნების წინ მკაცრად დაეცენზურებინათ კონტენტი მოლდოვაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, ირლანდიასა და რუმინეთში. გასაკვირი არ არის, რომ ევროკომისია კიდევ უფრო აგრესიული იყო 2024 წლის ივნისში გამართული ევროპარლამენტის არჩევნების წინ, სადაც ძალაუფლების ცვლილებას შეეძლო, თანამდებობებიდან ჩამოეცილებინა ევროკავშირის გლობალური ცენზურის კამპანიის არქიტექტორები“, – აღნიშნულია ანგარიშში.

