ოთხშაბათი, ოქტომბერი 16, 2024

ვილი სანიოლი: ქოჩორაშვილის პოზიციაზე ჩვენ სხვა მსგავსი სტილის ფეხბურთელი არ გვყავს და ამას უნდა შევეგუოთ

ქოჩორაშვილის პოზიციაზე ჩვენ სხვა მსგავსი სტილის ფეხბურთელი არ გვყავს და ამას უნდა შევეგუოთ, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, მოედანზე საუკეთესო შემადგენლობა დავაყენე. ქოჩორაშვილის პოზიციაზე ჩვენ სხვა მსგავსი სტილის ფეხბურთელი არ გვყავს და ამას უნდა შევეგუოთ, ამის გამო განსხვავებულ ტაქტიკასა და ფეხბურთელებს გამოვიყენებთ.

რაც შეეხება მიქაუტაძეს, მასზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. მხარი უნდა დავუჭიროთ, მაგრამ ემჩნეოდა, რომ უთამაშებელია. იმედია, ვითარება შეიცვლება“, – განაცხადა სანიოლმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თორნიკე შენგელიამ მიმდინარე ევროლიგაზე პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა

ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში მესამე მატჩი გამართა თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“. ბოლონიელებმა ლიეტუვის „ჟალგირისს“ უმასპინძლეს და 68:71 დამარცხდნენ. მეოთხე პერიოდის დასაწყისში „ჟალგირისი“ 10 ქულით დაწინაურდა, თუმცა საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე შენგელიას ზუსტი საჯარიმოებით „ბოლონიამ“ ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა და წინ გასვლაც – 63:62. თუმცა 2 წუთით ადრე თორნიკემ მეხუთე ფოლი მიიღო და მოედანი დატოვა. დარჩენილ დროში მეტი სიზუსტე სტუმრებმა გამოიჩინეს და გაიმარჯვეს კიდეც. შენგელიამ ამ სეზონში ევროლიგაზე პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა: 28 წუთში 11 ქულა, 11 მოხსნა, 2 პასი. „ვირტუსს“ სამი ტურის შემდეგ ჯერ მოგება არ აქვს, მომდევნო მატჩს 18 ოქტომბერს მანუჩარ მარკოიშვილის „მონაკოსთან“ გამართავს.

დონალდ ტრამპი კითხვაზე, ჰქონდა თუ არა თანამდებობის დატოვების შემდეგ პუტინთან საუბარი – კომენტარს არ ვაკეთებ, მაგრამ გეტყვით, რომ ეს თუ გავაკეთე, ჭკვიანური ნაბიჯი იქნებოდა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა, ეპასუხა შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა საუბარი ვლადიმერ პუტინთან 2021 წელს, თანამდებობის დატოვების შემდეგ, თუმცა აღნიშნა, რომ ასეთი საუბარი თუკი შედგა, გონივრული იქნებოდა. Bloomberg-ის მთავარი რედაქტორის კითხვაზე, შეუძლია თუ არა დაადასტუროს ანუ უარყოს პუტინთან საუბრის ფაქტი თანამდებობის დატოვების შემდეგ, ტრამპმა უპასუხა: „მე ამაზე კომენტარს არ ვაკეთებ. მაგრამ გეტყვით, რომ ეს თუ გავაკეთე, ჭკვიანური ნაბიჯი იქნებოდა. მე თუ მეგობრული ურთიერთობა მაქვს ადამიანებთან, თუ შემიძლია, ურთიერთობა მქონდეს ადამიანებთან, ეს ქვეყნისთვის კარგია და არა – ცუდი. მას 2000 ბირთვული ქობინი აქვს და ჩვენც. ჩინეთს გაცილებით ნაკლები აქვს, მაგრამ ისინი ხუთ წელიწადში დაგვეწევიან“, – განაცხადა ტრამპმა ინტერვიუს დროს. ცნობისთვის, Washington Post-ის ჟურნალისტის, ბობ ვუდვორდის ახალი წიგნში ნახსენებია, რომ ტრამპს რამდენჯერმე ჰქონდა საუბარი პუტინთან თეთრი სახლის დატოვების შემდეგ. მოგვიანებით, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში ბაიდენის ადმინისტრაცია სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავდა.

ევროკომისია არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ახალ გეგმას წარადგენს

ევროკომისია არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ახალ გეგმას წარადგენს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას. მედიასაშუალების ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა წერილობით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს, რომლებიც 17-18 ოქტომბერს მიგრაციის საკითხის განხილვას გეგმავენ. წერილში ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ ევროკომისია ახალი მანდატის დაწყებისთანავე გეგმავს, განიხილოს ათი საკითხი, რათა დაეხმაროს ევროკავშირის წევრებს მიგრაციულ გამოწვევებთან გამკლავებაში. ევროკომისიის განახლებული შემადგენლობა უფლებამოსილების შესრულებას, სავარაუდოდ, პირველი დეკემბრიდან დაიწყებს. წერილში ევროკომისიის პრეზიდენტი სთავაზობს ევროკავშირის ლიდერებს მაისში შეთანხმებული მიგრაციული პაქტის შესრულების დაჩქარებას. ის ასევე სთავაზობს მეტი შეთანხმების გაფორმებას მიგრანტების წარმომავლობის ან ტრანზიტულ ქვეყნებთან. კერძოდ, საუბარია თურქეთთან, ტუნისთან ან ლიბიასთან მოქმედ შეთანხმებებზე, რომლებსაც ევროკავშირი თანხას უხდის საზღვრის უკანონო კვეთის შესაკავებლად. ფონ დერ ლაიენმა დაასახელა ეგვიპტე, მაროკო, ალჟირი, მავრიტანია, სენეგალი და მალი იმ ქვეყნებად, რომლებთანაც ევროკავშირმა უნდა ითანამშრომლოს არალეგალური მიგრაციის შესაკავებლად. ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე გამოდის შეთავაზებით, რომ ის მიგრანტები, რომლებსაც ევროკავშირში დარჩენის უფლება არ ექნებათ, გაგზავნონ ე.წ. დაბრუნების ჰაბებში ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში, რომლებთანაც ევროკავშირს ექნება შესაბამისი შეთანხმებები. „ჩვენ უნდა შევისწავლოთ ევროკავშირის ფარგლებს გარეთ დაბრუნების ჰაბების იდეასთან დაკავშირებული შესაძლო გზები, განსაკუთრებით დაბრუნების შესახებ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით“, – აღნიშნავს ურსულა ფონ დერ ლაიენი წერილში. ევროკომისიის პრეზიდენტმა დაასახელა უკვე მიღწეული შეთანხმება იტალიასა და ალბანეთს შორის, როგორც შესაძლო მოდელი, რომლის მიხედვითაც, იტალიას შეუძლია, წელიწადში 36 ათასამდე მიგრანტი გაგზავნოს ალბანეთში მოწყობილ ორ ცენტრში, სადაც ისინი შემდგომ დეპორტაციას დაელოდებიან. პირველი ხომალდი, რომლითაც მიგრანტები ალბანეთში გაგზავნეს, იტალიიდან ორშაბათს გავიდა. ევროკომისია ასევე გეგმავს, გაამკაცროს ზომები ისეთი მიგრანტებისთვის, რომლებიც უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენენ.

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ მიერ დაწყებული ევროპული გზა ქართველ ხალხთან ერთად, ლოგიკურად დავასრულოთ და ღირსების შენარჩუნებით გავხდეთ ევროკავშირის წევრი

დღეს იმდენად მკაფიო განსხვავებაა „ქართულ ოცნებასა“ და მეორე მხარეს მდგარ „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, რომ საზოგადოებისთვის არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ზუგდიდში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასვლით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გუნდს შეუძლია მათ მიერ დაწყებული ევროპული გზა ქართველ ხალხთან ერთად, ლოგიკურად დაასრულოს და ღირსების შენარჩუნებით გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი. „ჩვენს გუნდს აქვს გამოცდილება, უნარი და, რაც მთავარია, პოლიტიკური ნება, რომ ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უზრუნველყოს. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ მიერ დაწყებული ევროპული გზა ქართველ ხალხთან ერთად, ლოგიკურად დავასრულოთ და ღირსების შენარჩუნებით გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ამის საპასუხოდ, გარე ძალების აგენტურას კვლავ ომი, ქაოსი და სიღარიბე სურს, რასაც გზა ქვეყნის განადგურებამდე მიჰყავს. შიდა და გარე მტრებს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ საქართველო დასაღუპად გაიმეტონ. მათ დღემდე ვერ გაუგიათ, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას როგორც უნდა ეცადონ, არ არსებობს ორი საქართველო! საქართველო მხოლოდ ერთია, რომლის მოსახლეობასაც მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით, საკუთარი ღირებულებების შენარჩუნებით სურს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი! სწორედ ეს მარწმუნებს, რომ 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გავერთიანდებით, გავიმარჯვებთ და ქვეყანას სამშვიდობოს გავიყვანთ!“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერი: 11 დღეში შედგება გადამწყვეტი არჩევნები, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ბედს – ყველამ ერთად საბოლოოდ უნდა ვუთხრათ უარი ომს და ავირჩიოთ მშვიდობა

სამეგრელო და სვანეთი გამოირჩევა თავისი ულამაზესი ბუნებით და უძვირფასესი კულტურული მემკვიდრეობით. სამეგრელო და სვანეთი ინახავს უამრავ საუნჯეს, რომელიც საქართველოს ეროვნულ, სარწმუნოებრივ და კულტურულ თვითმყოფადობას ქმნის. რაც მთავარია, სამეგრელო და სვანეთი გამოირჩევა განსაკუთრებული ღირსების მატარებელი და ნიჭიერი ადამიანებით, რომლებსაც ყოველთვის შეჰქონდათ განსაკუთრებული წვლილი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო განსაკუთრებული პატივისცემა თითოეული თქვენგანის მიმართ. ამის შესახებ  საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ზუგდიდში განაცხადა. მოგესალმებით მეგრელებო, მოგესალმებით სვანებო, მოგესალმებით ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ულამაზესი მხარის - სამეგრელოს და ზემო სვანეთის შვილებს. მოგესალმებით აფხაზეთიდან დევნილებს, მივესალმები დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს. მინდა მივესალმო სამეგრელო-ზემო სვანეთის მოქმედ და მომავალ წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტში. სამეგრელო და სვანეთი გამოირჩევა თავისი ულამაზესი ბუნებით და უძვირფასესი კულტურული მემკვიდრეობით. სამეგრელო და სვანეთი ინახავს უამრავ საუნჯეს, რომელიც საქართველოს ეროვნულ, სარწმუნოებრივ და კულტურულ თვითმყოფადობას ქმნის. რაც მთავარია, სამეგრელო და სვანეთი გამოირჩევა განსაკუთრებული ღირსების მატარებელი და ნიჭიერი ადამიანებით, რომლებსაც ყოველთვის შეჰქონდათ განსაკუთრებული წვლილი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო განსაკუთრებული პატივისცემა თითოეული თქვენგანის მიმართ. 11 დღეში შედგება გადამწყვეტი არჩევნები, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ბედს. ეს არის რეფერენდუმი, რომელზეც ყველამ ერთად საბოლოოდ უნდა ვუთხრათ უარი ომს და ავირჩიოთ მშვიდობა, უნდა ვუთხრათ უარი ამორალურ პროპაგანდას და ავირჩიოთ ტრადიციული ფასეულობები, უნდა ვუთხრათ უარი ბნელ წარსულს და ავირჩიოთ ჩვენი ქვეყნის ნათელი, ევროპული მომავალი.   საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ 2012 წლამდე საქართველოს მართავდა უსამშობლო პოლიტიკოსების, უცხოელი აგენტების ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც კლავდა და აწამებდა ადამიანებს, ძარცვავდა ბიზნესს, იტაცებდა ტელევიზიებს. ამ რეჟიმმა ჩართო ქვეყანა ომში 2008 წელს და დაგვაკარგვინა დროებით ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი. ამ ყველაფერთან ერთად, 2012 წლამდე ქვეყანაში იყო უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. ხალხს დაკარგული ჰქონდა ყოველგვარი იმედი, რომ ეს ვითარება რაიმეს ან ვინმეს შეიძლებოდა შეეცვალა.   სწორედ ამ დროს გამოჩნდა პოლიტიკურ ცხოვრებაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის განვითარებაში დემოკრატიული გარდატეხა შეიტანა და საქართველო განვითარების სწორ გზაზე დააყენა. სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ყველა ის გარდამტეხი ცვლილება, რომელსაც საქართველომ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკის, ევროინტეგრაციის, უსაფრთხოების და მრავალი სხვა მიმართულებით მიაღწია. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამისათვის.   2012 წლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უზრუნველყო ქვეყნის ფუნდამენტური წინსვლა ყველა მიმართულებით:: -         ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდი ლარიდან გავზარდეთ 90 მილიარდ ლარამდე, ხოლო 2028 წლისთვის 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება; -         ქვეყნის ბიუჯეტი 8.5 მილიარდი ლარიდან 28 მილიარდ ლარამდე გავზარდეთ, 2028 წელს კი, ბიუჯეტი 40 მილიარდ ლარს გადააჭარბებს; -         გავანახევრეთ უმუშევრობა. მხოლოდ ბოლო 2.5 წელიწადში შეიქმნა 170,000 სამუშაო ადგილი, ხოლო 2028 წლის ჩათვლით დამატებით 200,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება; -         712.5 ლარიდან 2,005 ლარამდე გავზარდეთ საშუალო ხელფასი, რომელიც 2028 წელს 3,500 ლარს მიაღწევს; -         2012 წლის შემდეგ, 680 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია სიღარიბე, ხოლო 2028 წლის ჩათვლით, სიღარიბეს დამატებით 300,000-მდე ადამიანი დაძლევს, რის შემდეგაც სიღარიბის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცდება; -         მხოლოდ გასული 2.5 წელიწადის განმავლობაში, 5 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიციები მოვიზიდეთ, ხოლო მომდევნო 4 წლის განმავლობაში, დამატებით 9 მილიარდი დოლარის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს მოვიზიდავთ; -         2012 წლამდე მხოლოდ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი იყო აშენებული, 2012 წლის შემდეგ კი, ქვეყანაში 300 კილომეტრი ავტომაგისტრალი აშენდა. მომავალ წელს დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა, რაც სამეგრელოდან და სვანეთიდან ქვეყნის სხვა რეგიონებში და დედაქალაქში მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. აშენდება ახალი ავტომაგისტრალი თეკლათიდან ანაკლიამდე, რაც ბუნებრივია ანაკლიის პორტსაც მოემსახურება და ზოგადად ამ რეგიონს; -         ვიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას, რომელიც სამეგრელოს განვითარებას ახალ სტიმულს შესძენს; -         2012 წლის შემდეგ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, შეიქმნა 700 ახალი საწარმო და გაფართოვდა 800 საწარმო. ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში, 2028 წლის ჩათვლით, ასობით ახალი საწარმო და 70,000 სამუშაო ადგილი შეიქმნება; -         2-ჯერ გავზარდეთ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება. მომავალი 4 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ქართული სოფლის გაძლიერებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიარდი გამოიყოფა, ცნობისათვის დაახლოებით 10-ჯერ ნაკლები იყო გამოყოფილი 2012 წლისთვის; -         სწრაფად ვითარდება ტურიზმი. 2028 წლისთვის საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 11 მილიონს, ხოლო ტურიზმიდან შემოსავლები 6,4 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. ვიწყებთ მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობას; -         2030 წელს საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 3-ჯერ გადააჭარბებს 2012 წლის მაჩვენებელს და საქართველო, ელექტროენერგეტიკული თვალსაზრისით, სრულიად თვითკმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა გახდება; -         2 მილიარდ ლარზე მეტი გამოიყოფა რეგიონული განვითარების ფონდისთვის, 400 მილიონი სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის, 155 მილიონი მთის ფონდისთვის, ხოლო 200 მილიონი - მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამისთვის; -         2012 წლის შემდეგ, 3-ჯერ გაიზარდა გაზიფიკაციის ტემპი და უკვე მომავალ წელს ბუნებრივი აირით მოსახლეობის 93% იქნება უზრუნველყოფილი. 15-ჯერ გაიზარდა სახელმწიფო ინვესტიციები წყალმომარაგებაში. მომავალ წელს 24-საათიან წყალმომარაგებაზე წვდომა ქვეყნის ყველა ქალაქს ექნება; -         2012 წლამდე, ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, 2012 წლის შემდეგ კი, 109 იუსტიციის სახლი აშენდა, ხოლო მომავალი წლის ბოლომდე კიდევ 12 იუსტიციის სახლი გაიხსნება და ამით მთელი ქვეყანა დაიფარება; -         2012 წლის შემდეგ, 4 ჯერ გავზარდეთ განათლების დაფინანსება. საბავშვო ბაღები გავხადეთ სრულიად უფასო და შემოვიღეთ უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა. ქვეყნის მასშტაბით დავასრულეთ 836 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია და დავიწყეთ 885 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა. ავაშენეთ 174 სკოლა და დავასრულეთ 1,000-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია, მომდევნო 4 წელიწადში კი, 500-ზე მეტი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდება; -         4-ჯერ გაიზარდა სპორტის დაფინანსება და შედეგები არის სახეზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც სპორტულ მიღწევებზეც სათანადოდ აისახა და მომდევნო წლების განმავლობაში ვიწყებთ 2 მილიარდიან პროგრამას სპორტული ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებისთვის; -         ჩვენმა ხელისუფლებამ შემოიღო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და სხვა მიზნობრივი პროგრამები. 4-ჯერ გაიზარდა ქვეყნის სოციალური ბიუჯეტი და ჯანდაცვის დაფინანსება. შედეგად, 5-ჯერ გაუმჯობესდა ჯანდაცვის ფინანსური ხელმისაწვდომობა ჩვენი მოსახლეობისთვის,  72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანების რაოდენობა.  5-ჯერ გაფართოვდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი. 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები. 1 იანვრიდან, 70 წლამდე ასაკის პენსიონერთათვის პენსია 350 ლარი, ხოლო 70 წელს გადაცილებულ პენსიონერთათვის - 450 ლარი გახდება. შესაბამისად, 420 და 540 ლარამდე გაიზრდება პენსიები მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის; -         35,000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო ღირსეული საცხოვრისი, ხოლო მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ, ბინებს ახლად აშენებულ კორპუსებში დამატებით 6,000 დევნილი ოჯახი მიიღებს, დღეს დავიწყეთ ზუგდიდში 1700 ოჯახისთვის განკუთვნილი სპეციალური საცხოვრებლის 7 კორპუსის მშენებლობა, რაც დასრულდება 2027 წელს. ეს არის მხოლოდ არასრული ჩამონათვალი იმისა, რაც გავაკეთეთ გასული 12 წლის მანძილზე და რის გაკეთებასაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში ვგეგმავთ.   რაც მთავარია, ყველამ უნდა გავიხსენოთ, რომ მშვიდობის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის წინსვლა და განვითარება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც საქართველოს ომი არ ჰქონია. ახლაც, „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა შეინარჩუნებს მშვიდობას და უზრუნველყოფს ნათელ მომავალს ქართველი ხალხისთვის. ჩვენი ქართული ოცნებაა საქართველოს გამთლიანება. ზუგდიდიდან რამდენიმე კილომეტრშია გამყოფი ხაზი, რომელიც ხელოვნურად გვაშორებს ჩვენს ისტორიულ მხარეს - აფხაზეთს. გამყოფი ხაზი ხელოვნურად გვაშორებს ადამიანებს, მათ შორის ჩვენ აფხაზ ძმებსა და დებს, რომლებიც ენგურს გაღმა ცხოვრობენ. დარწმუნებული ვარ, მალე დადგება ის დრო, როდესაც ყოველგვარი ხელოვნური დაბრკოლება მოიხსნება და ქართველები და აფხაზები ერთად ვიცხოვრებთ ერთიან და განუყოფელ ქართულ სახელმწიფოში, ერთად შევქმნით საქართველოს ნათელ მომავალს და ერთად გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ამისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს 26 ოქტომბრის არჩევნებს. 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა დავდგეთ ერთად, რათა დავიცვათ მშვიდობა, ღირსება და კეთილდღეობა ჩვენი ქვეყნისთვის 26 ჩვენი დღეა და ოქტომბერი ჩვენი თვეა! 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ და გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და გაიმარჯვებს  ქართული სახელმწიფო! ღმერთი ფარავდეს ამ ულამაზეს მხარეს და ღმერთი ფარავდეს საქართველოს!- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები