საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ერთა ლიგაზე სომხეთთან მატჩამდე ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„ხომ არ დავუბრუნდებით 4-3-3 სისტემას? ცვლილებების დრო მოდის. წინა ფორმაცია, 3-5-2, წარმატებით გამოვცადეთ, მაგრამ ფეხბურთი სულ ვითარდება და უახლოეს პერიოდში ახალ სქემას აუცილებლად მოვსინჯავთ.
ხვიჩას გარეშე, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება იმავე სისტემით თამაში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მთავარია გუნდური დისციპლინა. ეს საქართველოს ნაკრებში უმაღლეს დონეზე იყო, თუმცა ბოლო მატჩებში გარკვეულწილად დავკარგეთ. იმედი მაქვს, ხასიათს დავიბრუნებთ. ვიმედოვნებ, რომ თამაშს კარგად დავიწყებთ, რაც ჩვენი მიზანია.
შემოდგომაზე ბევრ ფეხბურთელს ფსიქოლოგიური და ფიზიკური დაღლილობა ეტყობოდა, რაც ბუნებრივი იყო. თუმცა დიდ იმედს ვამყარებ იმაზე, რომ მათ მოახერხეს ფორმის აღდგენა.
სომხეთის ნაკრები ახალმა მწვრთნელმა ჩაიბარა, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, რომ აგრესიულად ითამაშებენ. რაც შეეხება გულშემატკივარს, შეჩვეულები ვართ, რომ უცხოეთშიც ბევრი გვამხნევებს. ბულგარეთსა და კვიპროსში გასვლით მატჩებზე ჩვენ გვერდით უამრავი ქომაგი იყო. იმედი მაქვს, მათ ხვალაც გავახარებთ“, – განაცხადა სანიოლმა.
ერთა ლიგაზე სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 20 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.