ორშაბათი, დეკემბერი 8, 2025

ვილი სანიოლი – იმედი მაქვს, ჩვეულ თამაშს და მუხტს მალე დავიბრუნებთ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩს სოფიაში, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს – თამაში 18 ნოემბერს 23:45 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთვაზებთ.

მატჩამდე „ჯვაროსნებმა“ სოფიაში ივარჯიშეს, მანამდე კი მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ვილი სანიოლი -„სატურნირო თვალსაზრისით ეს მატჩი, შესაძლოა, არაფერს წყვეტს, მაგრამ მნიშვნელოვანი ოფიციალური თამაშია და მოგება გვინდა, ამიტომ შემადგენლობაში ექსპერიმენტები არ იქნება. გვსურს, რომ ყოველ მომდევნო შეხვედრაში უკეთესად ვითამაშოთ. ფეხბურთი მსოფლიოში ასეთია, ხან სიხარული მოაქვს, ხანაც – იმედგაცრუება.

ახალი მოთამაშეების საქმეში ნახვა ყოველთვის საინტერესო და საჭიროა. ბევრი ახალი ფეხბურთელი გამოვცადეთ, შეიძლება, თამაშის შესაძლებლობა ყველას არ ეძლევა, მაგრამ ნაკრებში ყოფნა ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, დებიუტანტი ილია ბერიაშვილიც კარგად შეეწყობა გუნდს.

მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ მომდევნო ერთა ლიგისთვის და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. ამისთვის თითოეულ თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მარტში და ივნისში ამხანაგურ თამაშებს ჩავატარებთ, თუმცა ამ მატჩებს ოფიციალურ თამაშებად აღვიქვამ.

რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მოედანზე ყოველთვის ქმნის განსხვავებას. იმედი მაქვს, ნაკრებს მალე დაუბრუნდება.

საქართველოს ნაკრებში 2021 წელს ჩავიბარე, როცა ბევრი გამოწვევა გვქონდა. ბევრი ვიმუშავეთ და შედეგად, დიდ  ტურნირზე ვითამაშეთ. ასეთი მიღწევის შემდეგ რთულია ხოლმე მოტივაციის მოძებნა, იმედი მაქვს, ჩვეულ თამაშსა და მუხტს მალე დავიბრუნებთ“.

ოთარ კიტეიშვილი – „ამ შესარჩევი ციკლის დაწყების წინ განსხვავებული მოლოდინები გვქონდა, მაგრამ იმედგაცრუებულები ვართ. მთავარია, სიტუაციის გამოსწორების გზები ვნახოთ და მალე გამოვასწოროთ, როგორ დავბრუნდეთ წარმატების გზაზე“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ევროკავშირის შვიდი ქვეყანა ბრიუსელს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე იმოქმედოს გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხთან დაკავშირებით

ევროკავშირის წევრი შვიდი ქვეყანა ბრიუსელს მოუწოდებს, გაყინული რუსული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედოს, რათა უკრაინის ფინანსური დახმარების უზრუნველყოფა შეძლონ, – ამის შესახებ აღნიშნულია ესტონეთის, ფინეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და შვედეთის ლიდერების მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტასა და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი გაგზავნილ ერთობლივ წერილში.როგორც წერილშია აღნიშნული, „უკრაინის მხარდაჭერა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში არ არის მხოლოდ მორალური ვალდებულება, ის ასევე არის ჩვენი საკუთარი ინტერესიც“.„ამიტომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად კომისიის წინადადებასთან დაკავშირებით, რათა რუსული გაყინული აქტივებიდან გამოვიყენოთ თანხა უკრაინის რეპარაციული სესხისთვის“, – ნათქვამია ესტონეთის, ფინეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და შვედეთის ლიდერების ერთობლივ წერილში.

აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სახელმწიფო დეპარტამენტში სხვა ქვეყნებში რუსეთის გავლენასთან ბრძოლის განყოფილება შეიქმნება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სხვა ქვეყნებში რუსეთის გავლენასთან ბრძოლის განყოფილება შეიქმნება. როგორც აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, ახალი განყოფილება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს სტრუქტურას დაემატება და მისი მიზანი რუსეთის გავლენასთან ბრძოლა იქნება.აშშ-ის „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის“ მიხედვით, კონგრესი დაავალდებულებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, შექმნას განყოფილება, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთის გავლენას სხვა სუვერენულ ქვეყნებზე და რუსეთის სხვა „მავნებლურ ქმედებებს „იმ ქვეყნებში, რომლებიც არიან აშშ-ის მოკავშირეები ან პარტნიორები“.საუბარია ქმედებებზე, რომლებიც „ეხება, ემუქრება ან ძირს უთხრის აშშ-ის ინტერესებს“.პროექტის მიხედვით, ამ განყოფილების ხელმძღვანელობა თვეში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ. კანონპროექტში ნათქვამია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ომის მდივანი და ეროვნული დაზვერვის დირექტორი რეგულარულად გააგზავნიან კონგრესში ანგარიშს „რუსეთის და ჩინეთის მავნებლური ოპერაციებისა და კამპანიების შესახებ, რომლებსაც ისინი აწარმოებენ ბალკანეთის ქვეყნებში“.ცნობისთვის, აღნიშნული ინიციატივა შევიდა აშშ-ის „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში“, რომელიც რესპუბლიკელმა და დემოკრატმა კონგრესმენებმა უკვე შეათანხმეს და ის უახლოეს ხანში იქნება მიღებული.

გურამ მაჭარაშვილი – საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები არსებობენ, ვითარდება ეკონომიკა და აქედან გამომდინარეც არის პოზიტიური შეფასებები საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან

საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები არსებობენ, ვითარდება ეკონომიკა და აქედან გამომდინარეც არის პოზიტიური შეფასებები საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის დოკუმენტზე, რომ საბაზისო ინდექსის მიხედვით, 2012 წლის შემდეგ დეოლიგარქიზაციის გაუმჯობესებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულში მესამე ადგილზეა ირლანდიისა და ნიდერლანდების შემდეგ.„გავიხსენოთ, ერთი-ორი წლის წინ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით, რა დავა იყო ატეხილი. დღეს კი ეს შედეგი გვაქვს, მათ შორის მათივე საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასება დეოლოგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით, როდესაც ქვეყანა გადის პირველ სამეულში პოზიტიური თვალსაზრისით. ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები არსებობენ, მუშაობენ, ვითარდება ეკონომიკა და აქედან გამომდინარეც არის ეს პოზიტიური შეფასებები საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

2012 წლის შემდეგ დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულშია

ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა.კვლევა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ყველა, 41 ქვეყანას მოიცავს და მომზადებულია ევროკავშირის დაკვეთით ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში.ანგარიშში სხვადასხვა თემებთან ერთად გაანალიზებულია ევროპის ქვეყნების ოლიგარქიული ტენდენციები. ანგარიში ყურადღება საქართველოსაც ეთმობა. მკვლევართა შეფასებით საქართველო რისკ ფაქტორის მიხედვით ჩამორჩება მაგალითად შვეიცარიას, კვიპროსს, უნგრეთს და ა.შ. ( გვ. 41). მიუხედავად ანგარიშში რისკად აღქმული იმ მოცემულობისა, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი მმართველი პარტიის მხარდამჭერია, რეალური და მრავალფაქტორიანი მონაცემების ანალიზის საფუძველზე კვლევამ დაადგინა, რომ საქართველო დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი გაუმჯობესებით ევროპის საუკეთესო სამეულშია (გვ.42) (გვ. 89).ოლიგარქიზაციის და დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი ტენდენციის შესაფასებლად მკვლევრებმა ევროკავშირის დაფინანსებით 2 ინდიკატორი შეიმუშავეს: ოლიგარქიზაციის ცვლილებების საბაზისო (გვ.42) და კორექტირებული (გვ. 89) მაჩვენებლები. ოლიგარქიზაციის ტენდენციის საბაზისო ინდიკატორი ასახავს 2012 წლის შემდეგ მომხდარ ცვლილებებს 10 წლიანი გაანგარიშებით და ეძღვნება იმის დადგენას, თუ როგორ შეიცვალა ეროვნულ სიმდიდრის ფორმირებაში საზოგადოების უმდიდრესი 1%-ის წვლილი. საბაზისო ინდექსის მიხედვით 2012 წლის შემდეგ დეოლიგარქიზაციის გაუმჯობესებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულში მესამე ადგილზეა ირლანდიის და ნიდერლანდების შემდეგ (გვ.42). კვლევის მიხედვით დგინდება, რომ 10 წლიანი გაანგარიშებით საბაზისო მაჩვენებელი ევროპის 41 ქვეყნიდან მხოლოდ 15-ში გაუმჯობესდა, დანარჩენ ქვეყნებში ადგილი აქვს ოლიგარქიზაციის გაღრმავებას. ამასთან ოლიგარქიზაციის საბაზისო ინდიკატორი გაუარესდა ევროკავშირის წევრ და შენგენის ზონის 20 ქვეყანაში . ეს ქვეყნებია: საფრანგეთი, გერმანია, ფინეთი, შვეიცარია, შვედეთი, ისლანდია, დანია, ავსტრია, ესპანეთი, ესტონეთი, ლატვია, ჩეხეთი, პოლონეთი, მალტა, სლოვაკეთი, ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი.მკვლევრებმა საბაზისო ინდექსის გარდა უფრო სიღრმისეული, მრავალფაქტორიანი ანალიზის საფუძველზე ოლიგარქიზაციის ცვლილების კორექტირებული ინდექსიც შეიმუშავეს (გვ. 89). ოლიგარქიზაციის ტენდენციის კორექტირებული ინდექსი აანალიზებს სიმდიდრის უთანაბრობის გაუმჯობესების და გაუარესების ხანგრძლივ ტენდენციებს, რომელიც სპეციალური ფორმულით შეწონილია საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობის ცვლილების ტენდენციებთან 2013-2023 წლებში(გვ. 88-89).შედეგები საქართველოსთვის შთამბეჭდავად გამორჩეული აღმოჩნდა. ირკვევა, რომ ამ კორექტირებული ინდექსის მიხედვით, დეოლიგარქიცაზიის ხანგრძლივი 10 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მთელს ევროპაში მეორე ადგილზეა ირლანდიის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ოლიგარქიზაციის ცვლილების შეწონილი მაჩვენებელი ევროპის 41 ქვეყნიდან 17-ში გაუარესდა.ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში ევროკავშირის დაკვეთით ევროკომისიის პროგრამის ფარგლებში ევროპის ანალიზისა და პოლიტიკის ინსტიტუტის ჩართულობით მომზადდა პროექტის მიერ რომლის სახელწოდებაა „ანტიკორუფციული პოლიტიკის მტკიცებულებებში, რეგულაციებსა და გავლენას შორის არსებული ხარვეზის შევსება“.

ფოთში, საცხოვრებელ ბინაში გაჩენილ ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა

ფოთში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. ცეცხლი რუხაძის ქუჩაზე მდებარე მაღალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გვიან ღამით გაჩნდა.მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი მარტო ცხოვრობდა. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. მობილიზებული იყო პოლიცია.ცეცხლის გაჩენის მიზეზი სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვი გახდა.

ბოლო სიახლეები