ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, მსოფლიო ბანკის მიმოხილვაში 2025 წლის ეკონომიკური ზრდა 1,5 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, რაც, ცინცაძის შეფასებით, კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ 2025 წელს საქართველოში იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ვიდრე ამას მსოფლიო ბანკი ელოდებოდა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ზრდის მიმართულებით გადაიხედა 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც.
„ჩვენ ვხედავთ, რომ 2026 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0,5 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი და ის, მსოფლიო ბანკის შეფასებით, 5,5 პროცენტი იქნება. საქართველოს 2026-2027 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს დაახლოებით 1,6-ჯერ აღემატება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ზრდა იმაზე გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები პროგნოზირებდნენ“, – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
როგორც ვახტანგ ცინცაძემ აღნიშნა, მათი მიზანია აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნება.
„ჩვენი მიზანია, მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ აღნიშნული ტენდენცია, უზრუნველვყოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა. ეს დადებითად აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე და, ზოგადად, ხელს შეუწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას, საერთაშორისო პოზიციების გაუმჯობესებას“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

