შაბათი, მარტი 14, 2026

ვასილ მაღლაფერიძე – ტელევიზიები თავიანთ მაყურებელს ელაპარაკებიან იმაზე, რაც მათ უნდათ, პირველი არხის ჟურნალისტები კი ცდილობენ, მოყვნენ ის, რაც არის, როგორც ერთი მაყურებელი, მადლობას ვუხდი მათ

ტელევიზიები თავიანთ მაყურებელს ელაპარაკებიან იმაზე, რაც მათ უნდათ, პირველი არხის ჟურნალისტები კი ცდილობენ, მოყვნენ ის, რაც არის და მე, როგორც ერთი მაყურებელი, მადლობას ვუხდი მათ, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ადამიანებს უნდათ, ტელევიზია იყოს ბრძოლის იარაღი და როდესაც შენ ცდილობ, ბრძოლის იარაღი არ იყო, ეს შეიძლება, არცერთ მხარეს არ მოსწონდეს ხოლმე. მე პირადად, ძალიან მადლობელი ვარ პირველი არხის ჟურნალისტების. მგონია, რომ თვიდან-თვემდე მათი პროფესიონალიზმი იზრდება, რეპორტაჟები და გადაცემები ნამდვილად ძალიან მაღალი დონის არის. კარგად ვიცნობ ევროპის საზოგადოებრივ მაუწყებლებს და ჩვენი არავისზე არაფრით ნაკლები არ არის, ხშირად მეტიც კი არის. ეს არის კარგი ოპერატორების ნამუშევარი, თავდადებული ნამუშევარი, როცა ვხედავთ, აქციები როგორ არის გაშუქებული. ეს არის ის ტვირთი და გამოწვევა, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა ზიდოს“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ და ვის შორის უნდა ჩატარდეს დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებულ ვითარებაში, როდესაც პარტიების უმრავლესობამ ხელი მოაწერა პრეზიდენტის „ქარტიას“, კანონი კი ამბობს, რომ დებატები უნდა ჩატარდეს, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, დებატი უნდა შედგეს პროგრამებთან დაკავშირებით, ეკონომიკურ-პოლიტიკურ საკითხებზე, პარტიების რაღაც ჯგუფი კი დროებითი ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდა, რომელმაც რაღაც პროცესები უნდა დაალაგოს.

„ვხედავთ, რომ ქვეყანაში არ არის დიალოგის და დისკუსიის რეჟიმი. ყველა თავის სიმართლეში აბსოლუტურად დარწმუნებულია და ეს იწვევს ხოლმე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ გაღიზიანებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ კანონს უნდა გადავუხვიოთ. ხშირად, ეს გაღიზიანებული რეფლექსიაა, ვიღაცას რაღაც გაახსენდება, გამოვარდება და რაღაცას იტყვის. საქართველოში რაღაცნაირად იყო ეს ნორმა, რომ „უპრაგონო“ ლაპარაკი და სიტყვების ბრახუნი არ იყო მიღებული, მაგრამ ახლა უკვე, სამწუხაროდ, ვისაც რა გაახსენდება და მოუნდება, იმას იძახის“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორია მედიის როლი საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საკითხში იმ მოცემულობაში, როცა საზოგადოება ორად არის გაყოფილი პოლიტიკურად, მსოფლმხედველობრივად, იდეოლოგიურად, წარსულისადმი დამოკიდებულებით, მომავლის ხედვით და კულტურის აღქმით, რას ნიშნავს მიუკერძოებლობა, როგორ უნდა იყოს ასეთ ვითარებაში საზოგადოებრივი მაუწყებელი მიუკერძოებელი და სად უნდა იპოვოს ამ მიუკერძოებლობის მიუკერძოებელი შემფასებელი ასე მკვეთრად პოლარიზებულ მსოფლიოში, მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ არსებულ რეალობაში ამის გაკეთება ძალიან რთულია, თუმცა არის კანონი და პრინციპები, რომლის დაცვითაც საზოგადოებრივი მაუწყებელი მიუკერძოებელი რჩება.

„ამ ამოცანას თუ დაისახავთ, ვფიქრობ, რკინის ქალამანი უნდა ჩაიცვათ, თუმცა ეს მარტო ქართული მოვლენა არ არის. არცერთი ტელევიზია არ გეტყვით, რომ მიკერძოებულია და ამას არცერთი ადამიანი არ გეტყვით, არცერთი პოლიტიკოსი, არცერთი ექსპერტი, თუმცა, რა თქმა უნდა, ერთმანეთზე გვექნება გონივრული ეჭვები, რა და როგორ არის. ახლა, შემფასებელიც რომ ვთქვათ, ვინ უნდა იყოს მიუკერძოებლობის შემფასებელი? კონკრეტულ მაგალითებს გეტყვით – მაგალითად, შენ თუ არ წერ, რომ ეს რუსული კანონია, ატყდება ხოლმე ერთი ამბავი, რომ ობიექტური არ ხარ. მან რომ თქვა, ეს რუსული კანონიაო, ესე იგი, უნდა იყოს რუსული კანონი და პირიქით. ერთსაც მიაჩნია, რომ ეს მიკერძოებაა და მეორესაც. არხმა რა უნდა ქნას, როცა ყველა თავის სიმართლეს უყურებს? მგონია, რომ მიუკერძოებლობის აბსტრაქტულად დევნა აქედან არ გამოვა და ჟურნალისტებმა კანონი, კონსტიტუცია უნდა დაიცვან. ერთადერთი საზომი ეს იქნება. საერთოდ, ჟურნალისტები პოლიტიკურ მოწოდებებს უნდა მოერიდონ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები ამ პრინციპს ნამდვილად იცავენ, ფაქტების სიზუსტეს იცავენ და კონსტიტუციის ფარგლებიდან არ გადიან“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მაღლაფერიძის თქმით, სამწუხაროდ, ბილწსიტყვაობა ფოჩიან ქაღალდში გაეხვია, როგორც გამოხატვის თავისუფლება და ის ძალიან მძიმე ბულინგის, ზეწოლის, ფსიქიკაზე ზემოქმედების ფორმად იქცა, რაც, ხშირ შემთხვევაში, ფიზიკურ ზემოქმედებაზე მძლავრი იარაღია.

„ეს მეთოდი დიდი ხნის განმავლობაში მკვიდრდებოდა და მიიღო ისეთი ფორმა, როგორიც მიიღო. პირდაპირ გეტყვით, ეს ნაპერწკლებით თამაშია ბენზინის ავზთან. ეს არ იყო ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი მოვლენა. ალბათ, არც ფრანგული კულტურისთვის დამახასიათებელი არ იყო და არც ესპანური კულტურისთვის, ეს რაღაც ბოლოს გაჩნდა. ცოტა გაიბრაზებს თავს პოლიტიკოსი, ვითომ რაღაცნაირად აღიგზნება და ამას ხელს უწყობენ მედიის წარმომადგენლები, რადგან მათ ჰგონიათ, რომ ეს კარგია და შემდეგ ამით ბედნიერებას გრძნობენ. ჟურნალისტიკისთვის ეს არის მდარე, ამავე დროს, ძალიან ცუდ კულტურას ამკვიდრებს, რადგან ქმნის ბილწსიტყვაობის და სისულელის ჭუჭყს; დიდი ნაგავი რომ გროვდება, სიტყვა ფასს კარგავს და როცა ასეთ ვითარებაში ადამიანი რაღაცას იტყვის, უკვე არაფერს ისეთი ფასი აღარ აქვს. საუკუნეების განმავლობაში გამომუშავებული ქცევის ნორმები ადამიანს რაღაცნაირად ზღუდავს და ეს არის გარკვეული ურთიერთობების წესი, ასე კი, თანდათან ვუბრუნდებით იმ სტადიებს, რომელიც კაცობრიობამ გამოიარა. ვფიქრობ, თავმოყვარე ჟურნალისტმა ასეთი ადამიანი რაღაც პერიოდი არ უნდა ჩაწეროს. როცა რესპონდენტი შენთან თავს ბილწსიტყვაობის და იარაღით მუქარის უფლებას აძლევს, შენ კი ეს მოგწონს, სულ მცირე, სერიოზული „გოიმობაა“ ჟურნალისტის მხრიდან. ეს არის ჟურნალისტების გამოწვევა“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ჰეზბოლას“ ლიდერი – მზად ვართ, ისრაელთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის

„ჰეზბოლა“ მზადაა, ისრაელთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის, – ამის შესახებ ლიბანური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ნაიმ ყასემმა განაცხადა.მისი თქმით, ისრაელი გაოცებული დარჩება ბრძოლის ველზე.შეგახსენებთ, რომ ირანის სულიერი ლიდერის ლიკვიდირების გამო შურის საძიებლად „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით ცეცხლი 2 მარტს გახსნა, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო იერიშები მოჰყვა. შედეგად, ლიბანში 700-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ათ მილიონ დოლარამდე ჯილდოს სთავაზობს პირებს, რომლებსაც „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ „მთავარ ლიდერებზე“ აქვთ ინფორმაცია

აშშ ათ მილიონ დოლარამდე ჯილდოს სთავაზობს იმ პირებს, რომლებსაც „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ „მთავარ ლიდერებზე“ აქვთ ინფორმაცია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას.სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს იმ პირთა სიას, რომელთა შესახებ ინფორმაციის მიღებაც სურს აშშ-ს. კერძოდ, დასახელებულია ათი კონკრეტული პირი, მათ შორის ირანის ახალი უმაღლესი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი და უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი.„ფლობთ ინფორმაციას ამ ტერორისტ ლიდერებზე? გამოგვიგზავნეთ ინფორმაცია. ეს შეიძლება გახდეს საფუძველი, რომ მიიღოთ ჯილდო და რელოკაცია“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ისინი „ირანის რევოლუციური გვარდიის“ სამხედრო ფრთის სხვადასხვა სტრუქტურას მართავენ და მათ მიმართულებას აძლევენ.

ცნობილია მასწავლებლის ვინაობა, რომელიც ტაბახმელაში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

ტაბახმელაში სკოლის პედაგოგი, ელენე ჯანჯღავა საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.არსებული ინფორმაციით, მას თავის არესი ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული ჭრილობა.როგორც ,,ტიფლის ნიუსს'' შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – უაღრესად ფრთხილად ვმოქმედებთ იმ მზაკვრული სქემების, ხაფანგებისა და პროვოკაციების წინაშე, რომლითაც ჩვენს ომში ჩათრევას ცდილობენ, ყველაფერს ვამოწმებთ უმცირეს დეტალამდე

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ირანთან ომში არ ჩაერთვება. ამის შესახებ ერდოღანმა სტამბულში ყოფნისას განაცხადა.„როგორც მთავრობა, ჩვენ უაღრესად ფრთხილად ვმოქმედებთ იმ მზაკვრული სქემების, ხაფანგებისა და პროვოკაციების წინაშე, რომლითაც ჩვენს ომში ჩათრევას ცდილობენ. ჩვენი ყურადღება მოვლენების თვალსაჩინო ნაწილზე კი არ არის გამახვილებული, არამედ იმაზე, რაც ფარდის მიღმა იმალება. ყველაფერს ვაანალიზებთ და ვამოწმებთ უმცირეს დეტალამდე. ისევე როგორც გასულ ღამეს მოხდა, ამ პროცესში ჩვენ ვახორციელებთ ყველა საჭირო პრევენციულ ზომას ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს საჰაერო სივრცეს არღვევს“, – აღნიშნა ერდოღანმა.შეგახსენებთ, ნატო-ს სამხედრო ძალებმა თურქეთის საჰაერო სივრცესთან ირანიდან ნასროლი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ომის დაწყების შემდეგ ირანული რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში დააფიქსირეს და ნატო-ს სამხედრო ძალებმა ჩამოაგდეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მოასპარეზე ლეგენდარული მოცურავე, პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მკვლევარი და პედაგოგი, 9-გზის მსოფლიო ჩემპიონი, ვეტერანი სპორტსმენი - პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი ფინეთის ქალაქ ოულუში გამართული 2026 წლის ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატიდან საქართველოში ჩემპიონის ტიტულით (ოქრო) და 2 ვერცხლის მედლით დაბრუნდა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ლეგენდარულმა მოცურავემ, საქართველოს სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაციის - „სპორტი ყველასათვის“ და სტუ-ის ფინანსური და საორგანიზაციო მხარდაჭერით, ოულუს ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატზე 80+ ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით იასპარეზა და უნივერსიტეტსა და ქვეყანას ახალი საერთაშორისო გამარჯვებები მოუტანა.ოულუს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 2 000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 25-მეტრიან დისტანციაზე ბატერფლაის სტილით ცურვაში მოიპოვა, ხოლო ვერცხლის მედლებს 25- და 50-მეტრიან დისტანციებზე თავისუფალი სტილით ასპარეზობისას დაეუფლა. ჩემპიონატზე წყლის ტემპერატურა 0.2 გრადუსი იყო.ლეგენდარულ მოცურავეს წლევანდელ ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატში მორიგ მნიშვნელოვან გამარჯვებას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ულოცავს. როგორც რექტორი აღნიშნავს, 80 წელს გადაცილებულმა ვეტერანმა სპორტსმენმა - პროფესორმა ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიო კიდევ ერთხელ გააოცა.„სასიხარულო და საამაყოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მოასპარეზე ლეგენდარულმა სპორტსმენმა, მოცურავემ - ჩვენი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორმა, ცნობილმა მკვლევარმა და არაჩვეულებრივმა პედაგოგმა, არაერთი თაობის სპეციალისტებისა და მკვლევრების აღმზრდელმა, ყველასათვის საყვარელმა და პატივსაცემმა კოლეგამ - ბატონმა ჰენრი კუპრაშვილმა ფინეთში, ოულუს ზამთრის ცურვის წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო თავისუფალი სტილით ასპარეზობისას ორჯერ დაიკავა მეორე საპრიზო ადგილი და ვერცხლის მედლებს დაეუფლა.ვულოცავთ ბატონ ჰენრის ამ დიდებულ გამარჯვებას, რომელიც მან არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, არამედ მთელ საქართველოს მოუტანა. განსაკუთრებულ აღტაცებას იწვევს ის ფაქტი, რომ ასეთ საპატიო ასაკში ის კვლავაც საოცარი ენერგიით, შეუპოვრობითა და პროფესიონალიზმით აგრძელებს სპორტულ კარიერას და მსოფლიო სპორტის საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ადამიანი შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში იყოს ძლიერი, გამბედავი და მიზანდასახული.პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი მრავალი წელია ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენს უნივერსიტეტს როგორც მეცნიერების, ისე სპორტის სფეროში. ის არის გამორჩეული მკვლევარი, შესანიშნავი პედაგოგი და მაგალითი ახალგაზრდა თაობისთვის, თუ როგორ შეიძლება ცოდნის, შრომისა და ძლიერი ნებისყოფის შერწყმა დიდი მიზნების მისაღწევად.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, დიდი სიყვარულით ვულოცავ ჩვენს უფროს კოლეგას - პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს მსოფლიო ჩემპიონატის ოქროსა და ვერცხლის მედლებს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და ახალ გამარჯვებებს როგორც სპორტულ ასპარეზზე, ისე სამეცნიერო-აკადემიურ საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, ბატონი ჰენრი კუპრაშვილი კიდევ არაერთხელ ასახელებს ჩვენს უნივერსიტეტსა და ქვეყანას”, - აღნიშნავს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.ცნობისათვის, პროფესიით ისტორიკოსი, ჟურნალისტი და პოლიტოლოგი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, „მხედრული მამაცობისათვის“ მედლისა და ჯორჯ ბაირონის ოქროს მედლის კავალერი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ის პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი მსოფლიო ჩემპიონია ბიატლსა და ტრიატლში (თანამედროვე ხუთჭიდი), ასევე, უკვე შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონია ზამთრის ცურვაში. 2002 წელს ჰენრი კუპრაშვილმა „მხედრული კოლხურით“ (ხელფეხშეკრულმა)დარდანელის სრუტე (12 კმ) 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა. მისი ავტორობით გამოიცა „ცურვის ეროვნული სახეობების შემსწავლელი პირველი ქართული სახელმძღვანელო”. წამყვანი მსოფლიო მასმედია ჰენრი კუპრაშვილს სხვადასხვა მეტსახელით მოიხსენიებს: „ადამიანი დელფინი“, „დარდანელის გმირი“, „წყლის პრომეთე“, „სრუტეთა მბრძანებელი“, „კაცი ლეგენდა“ და სხვა.

ბოლო სიახლეები