ოთხშაბათი, მარტი 18, 2026

ვასილ მაღლაფერიძე: თუ მამული, ენა, სარწმუნოება მავანისთვის ჩამორჩენილობა, მოღალატეობა და პრორუსობაა, აქ, ცხადია, ერთობაზე საუბარი აღარ ღირს – გვეცოდინება, რომ ერთმანეთის არ გვესმის, სჯობს, თანაცხოვრების რაიმე სხვა ფორმა ვეძებოთ

„მამული, ენა, სარწმუნოება – სიტყვებით კეკლუცობისთვის მოგონილი ტრიადა კი არ არის, არამედ ეს ტრიადა ქმნის იდეას, რასაც საქართველო ეფუძნება. საქართველოს ისტორია, არსებითად, სწორედ ამ იდეის დაცვის ისტორიას წარმოადგენს – ომის დროს ხმლით და თოფით იცავდნენ, მშვიდობიანობის დროს – კულტურის და ეკონომიკის ასპარეზზე.  – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

“მამული  ქართველების სამშობლო და საცხოვრისი ადგილია;

ენა არის სამყაროს აღქმის, შემეცნების და აზროვნების წესი;

სარწმუნოება მსოფლმხედველობის საფუძველი და ცივილიზაციური კუთვნილების განმსაზღვრელია; როდესაც საქართველომ რომის იმპერიის კვალდაკვალ ქრისტიანობა მიიღო, ეს იმას ნიშნავდა, რომ გეოგრაფიულად აზიაში მდებარე ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი გახდა (და დღემდე არის) იმ ცივილიზაციის ნაწილი, რასაც დღეს ევროპული ცივილიზაციას ვეძახით! ვახტანგ გორგასლის ანდერძი –  “აწ გამცნებ თქუენ, რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდგეთ და… სიყუარულსა ბერძენთასა ნუ დაუტეობთ”, საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრავდა ქვეყნის განვითარების ხაზს და დღემდე უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ გზავნილად რჩება (ბერძენთა სიყვარულში ვახტანგ მეფე რომის იმპერიასთან ცივილიზაციურ ერთობას გულისხმობდა).

ამ ტრიადას რომელიმე ერთი პოსტულატი თუ გამოაკლდა, იდეისგან აღარაფერი დარჩება და საქართველოც დასრულდება.

იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ახალგაზრდებმა ემოციურ ფონზე ყურადღება არ მიაქციეს ამ ტრიადაში ერთი სიტყვის შეცვლას, თუმცა, ვინც “სარწმუნოების” “ერთობით” ჩანაცვლება ჩაიფიქრა, იმან ზუსტად იცის, რომ ამით საქართველოს იდეას კლავს, ხოლო უადგილოდ გამოყენებული თავისთავად მშვენიერი სიტყვა და ცნება “ერთობა”, სინამდვილეში ერთობის წინააღმდეგაა მიმართული და მხოლოდ განხეთქილებას გააღრმავებს.

ქვეყნის შიგნით მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება, რასაც ყველანაირად აღვივებენ ათასი ჯურის პოლიტიკანები, მედროვეები და ავანტიურისტები, რომლებიც ქვეყნის გადაწვით აპირებენ ხელის მოთბობას, თუმცა, არც იმის დაუნახაობა შეიძლება, რომ ერთმანეთის აღარ გვესმის –  ბევრ ადამიანს გულწრფელად კარგი სურს თავისი ქვეყნისთვის და ასევე ძალიან გულწრფელად დამნაშავედ და მოღალატედ  მიაჩნია, მისივე თანამოქალაქე, რომელიც განსხვავებულად აზროვნებს.

სამწუხაროდ, ჩვენში დისკუსიის კულტურა უიმედოდ გარდაიცვალა და მისი ადგილი ბულინგის ხელოვნებამ დაიკავა, თორემ ამ ტრიადის ასე ხელაღების შეცვლის მცდელობამ, კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ “სწორედ დროც არის და საჭიროებაც მოითხოვს”, რომ დიდი ეროვნული დისკუსია დაიწყოს იმის გასარკვევად, როგორ ვიაზრებთ საქართველოს რაობას, კულტურულ ფასეულობებს, ეროვნულ მიზნებს, წარსულს, ფუნდამენტურ ცნებებს, როგორ ვხედავთ მომავალს და ასე შემდეგ.

დაგვრჩა კი რაიმე საერთო?! სამწუხაროდ, ეს რიტორიკული შეკითხვა არ გახლავთ!

თუ აღმოჩნდა, რომ აღარც მამული, ენა და სარწმუნოება გვაერთიანებს, აღარც ქვევრი, აღარც ვეფხისტყაოსანი, აღარც ისტორია, აღარც ეროვნული იდენტობის გამომხატველი სიმბოლოები და სიწმინდეები, თამარ მეფეზე პრეზერვატივი გვაგონდება, ერეკლეზე ღალატი, აღარც საერთო მიზნები გვაქვს და საერთოდაც ერთმანეთის დანახვა გვძაგს, მაშინ რა დაგვრჩა ის დამაკავშირებელი, რაც ერს ერთ მთლიანობად ქმნის?!

რომელიმე ერთი კანონის გამო ერთმანეთის ხოცვას რა აზრი აქვს, თუ წინასწარვე ვიცით, რომ მომავალშიც კატეგორიულად არ მოგვეწონება ერთმანეთის მიერ მიღებული მხოლოდ კანონები კი  არა, არამედ, უბრალოდ გამოთქმული აზრიც კი და წინდაწინვე მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ მომავალშიც არაფერზე შევთანხმდეთ.
დისკუსია აუცილებელია არა რომელიმე კანონთან დაკავშირებით, არამედ იმის გასარკვევად, რა დაგვრჩა საერთო ფასეულობა და ღირებულება. თუ მამული, ენა, სარწმუნოება მავანისთვის ჩამორჩენილობა, მოღალატეობა და პრორუსობაა, აქ, ცხადია, ერთობაზე საუბარი აღარ ღირს, აღარც საკამათო გვაქვს რამე, გვეცოდინება, რომ ერთმანეთის არ გვესმის, ვერც გავიგებთ და სჯობს, თანაცხოვრების რაიმე სხვა ფორმა ვეძებოთ.“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ალბანეთის მთავარეპისკოპოსი – ილია მეორე საქართველოს ეკლესიას სიბრძნით, მოთმინებითა და ღრმა რწმენით უძღვებოდა, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ წმინდა სინოდს, სასულიერო პირებსა და მორწმუნეებს

ტირანის, დურესისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსმა იოანემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სამძიმრის წერილი გაუგზავნა.როგორც მთავარეპისკოპოსი იოანე წერილში აღნიშნავს, პატრიარქის გარდაცვალების ამბავი „ღრმა მწუხარებით“ მიიღო და ის  „უძვირფასეს ძმად და თანამოსაყდრედ“ მოიხსენია.მღვდელმთავრი იოანე გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს, სასულიერო პირებსა და მორწმუნეებს.მთავარეპისკოპოსის განცხადებით, პატრიარქი ილია II თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში უძღვებოდა საქართველოს ეკლესიას „სიბრძნით, მოთმინებითა და ღრმა რწმენით“.მისი თქმით, განსვენებული მღვდელმთავარი გამოირჩეოდა მტკიცე ხასიათით, მართლმადიდებლური ტრადიციებისადმი ერთგულებით, მრევლისადმი სიყვარულითა და მართლმადიდებლობის ერთიანობისადმი მტკიცე თავდადებით.მთავარეპისკოპოსმა იოანემ სამძიმრის წერილში აღწერა პატრიარქის მოღვაწეობის რთული ისტორიული გარემოებებიც.„ილია II-მ ეკლესიის მართვა საბჭოთა რეპრესიების პერიოდში დაიწყო და საკუთარ სამწყსოს „თავდადებითა და კეთილგონიერებით“ უძღვებოდა, რამაც ხელი შეუწყო ეკლესიის აღორძინებას, ტაძრების აღდგენასა და სარწმუნოებაში დაბრუნების შთაგონებას“, – ნატქვამია წერილში.

საქართველოში წმიდა საყდრის დესპანი – მუდამ ღრმა მოწიწებით დავაფასებ ილია მეორის განსაკუთრებულ ღვაწლს მართლმადიდებლურ სამყაროში, ექვს პაპთან და წმინდა საყდართან მის მეგობრულ ურთიერთობებში

საქართველოში წმიდა საყდრის დესპანმა, ანტე იოზიჩმა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.სამძიმრის წერილს საქართველოში წმიდა საყდრის სადესპანო ავრცელებს.„თქვენო მაღალო ყოვლადუსამღვდელოესობავ, ღრმა მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, არამედ მთელი ქართული საზოგადოებისთვის.პატრიარქმა ილია II-მ თავისი ნახევარსაუკონოვანი მოღვაწეობით განსაკუთრებული ამაგი დასდო ქართველი ერის ქრისტიანული რწმენის განმტკიცებასა და საეკლესიო სტრუქტურების განვითარებას, რამაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქართული საზოგადოების სულიერ ბურჯად აქცია.არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირველი შეხვედრა მის უწმიდესობასთან და მუდამ ღრმა მოწიწებით დავაფასებ მის განსაკუთრებულ ღვაწლს საქართველოს ისტორიაში, მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში და ექვს პაპთან და წმინდა საყდართან მის მეგობრულ ურთიერთობებში.თქვენო მაღალო ყოვლადუსამღვდელოესობავ, წმინდა მამის, პაპ ლეონ XIV-ის საქართველოში წარმომადგენლობის სახელით, კიდევ ერთხელ გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთელ ქართველ ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, „საუკუნო განსასვენებელი დაუმკვიდრე, უფალო, და ამყოფე მარადიულ ნათელში“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

კარლო კოპალიანი-იმ უდიდეს ქართველთა წმინდა დასს შეუერთდა, რომლებმაც თავიანთი მოწამებრივი თუ საერო ცხოვრება სამშობლოს ანაცვალეს!!! დალოცვილი დატოვე შენი სათაყვანებელი ხალხი და ქვეყანა!

,,იმ უდიდეს ქართველთა წმინდა დასს შეუერთდა, რომლებმაც თავიანთი მოწამებრივი თუ საერო ცხოვრება სამშობლოს ანაცვალეს!!! დალოცვილი დატოვე შენი სათაყვანებელი ხალხი და ქვეყანა! მშვიდობით განისვენე დიდო მამაო ! მადლობა უფალო ყველაფრისათვის!''-ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი  უწმინდესზე წერს.

მეუფე შიო – ილია მეორის სახით, ჩვენ შევიძინეთ კიდევ ერთი დიდი მეოხი, მფარველი ზეციური საქართველოდან, რომელიც შეგვეწევა, გავაგრძელოთ ცხოვრება ისე, როგორც გვიანდერძა

ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს დაობლების შეგრძნება. იმდენად ვგრძნობდით ჩვენ ილია მეორის მამობრივ სიყვარულს, ზრუნვას, ძალას, ღვთის ძალას, რომელიც ვლინდებოდა მის მსახურებაში, რომ ვართ ნამდვილად დაობლებული, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.მეუფე შიოს თქმით, ილია მეორის უზარმაზარი ღვაწლიდან ალბათ ერთ-ერთი უმთავრესია, რომ მან ჩაიბარა საქართველოს ეკლესია დევნილ, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყულ მდგომარეობაში და დაგვიტოვა გაძლიერებული, გამართული ეკლესია, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში.„ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო ბიძინა, ყოვლად სამღვდელონო, მეუფენო, მღვდელმთავარნო, პატიოსანო მამანო, დედანო, ძმებო და დებო, დიდია დღეს ჩვენი მწუხარება, სრულიად საქართველოს მწუხარება, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს დაობლების შეგრძნება. იმდენად ვგრძნობდით ჩვენ მის მამობრივ სიყვარულს, ზრუნვას, ძალას, ღვთის ძალას, რომელიც ვლინდებოდა მის მსახურებაში, რომ ვართ ნამდვილად დაობლებულები. მე პირადად გიზიარებთ ჩემს გრძნობას და განცდას. ვიცი, რომ ჩვენი დები, ძმები, უმრავლესობა ასე განიცდის ამ მოვლენას, მაგრამ გვანუგეშებს ღვთის წყალობა და ის დიდი ღვაწლი, რომელიც მოიღვაწა მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ და ჩვენ დაგვიტოვა.მრავალი ქვეყნიდან გვწერენ სამძიმრის წერილებში და აღნიშნავენ მის მამობრივ, ამ საოცარ თვისებას, რომელიც ვრცელდებოდა არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მთელს მსოფლიო მართლმადიდებელ საქრისტიანოზე. ამიტომ ეს დანაკარგი არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოს საქრისტიანოსთვის. მინდა, მოგისამძიმროთ დღეს ყველას მისი უწმინდესობის გარდაცვალების გამო. მას ჰქონდა საოცარი თვისება, მისი ეს მამობრივი სიყვარული, მასშტაბი, ფიქრი და ლოცვა ეფინებოდა როგორც მთელ საქართველოს, ისე თითოეულ ადამიანს, რომელსაც ოდესმე ჰქონია შეხება მასთან. საოცარი მადლი ჰქონდა, რომ ამ ადამიანებში ახდენდა დიდ ფერიცვალებას და ცხოვრება ჩვენი, ვისაც გვქონია მასთან შეხება, უკეთესობისკენ იცვლებოდა. არ არის შემთხვევითი, რომ მან ღვთივ განისვენა სწორედ დიდი მარხვის, ჯვრის თაყვანისცემის კვირაში, როდესაც ეკლესია თაყვანს სცემს თავგანწირული სიყვარულის ამ უმთავრეს ნიშანს და სიმბოლოს, პატიოსან ცხოველსმყოფელ ჯვარს.ჩვენი წმინდა სინოდის მიმართვაში იყო აღნიშნული, რომ ეს არის მინიშნება, მისი უწმინდესობის ღვაწლი იყო ჭეშმარიტად მოწამებრივი. მინდა, დავამატო, რომ როგორც უკვე გაიგეთ, მისი დასაფლავება მოხდება კვირას, როდესაც ეკლესია აღნიშნავს იოანე კიბის აღმწერლის ხსენებას და გვმოძღვრავს ჩვენ სულიერი კიბის შესახებ, რომელიც სათნოებათა გზით მიმყვანებელია განღმრთობისკენ და სულის ცხონებისკენ.შეიძლება ითქვას, არ არის შემთხვევითი, რომ მის უწმინდესობაში და უნეტარესობაში იყო შერწყმული მოწამებრივი გზა და ღვაწლი, სულიერ კიბეზე უმაღლესი საფეხურის მიღწევა, რომელსაც ჩვენ ვხედავდით და ვხედავთ. ეს არის სათნოებები, რომლებიც მან მოიხვეჭა, დიდი სიყვარული, საოცარი სიმდაბლე, მოთმინება, სიბრძნე და სხვა.შეუძლებელია, დღეს ყველაფერზე ვისაუბროთ, ამ დროს გვინდა, ჩვენი გული სავსეა ემოციებით, ფიქრებით და სიყვარულით, მაგრამ მისი უზარმაზარი ღვაწლიდან ალბათ ერთ-ერთი უმთავრესი არის ის, რომ მან ჩაიბარა საქართველოს ეკლესია დამცრობილ, დაკნინებულ, დევნილ მდგომარეობაში, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყულ მდგომარეობაში და დაგვიტოვა ჩვენ, მის შვილებს გაძლიერებული, აღშენებული, გამართული ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში. დიდი სიყვარულით ქედს ვიხრით მისი მამობრივი ღვაწლის წინაშე და მადლობას ვუხდით მას ამისთვის“, – განაცხადა მეუფე შიომ.მეუფე შიოს თქმით, ძნელია დღეს საქართველოს წარმოდგენა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარეშე, მაგრამ ის ყოველთვის ჩვენთან არის და ჩვენთან იქნება.„მწუხარებასთან ერთად, ჩვენი გული ივსება სასოებით და იმედით, რომ უფალი მას მართალთა თანა განუსვენებს ცათა სასუფეველში და მისი სახით ჩვენ შევიძინეთ კიდევ ერთი დიდი მეოხი, მფარველი ზეციური საქართველოდან, რომელიც შეგვეწევა, რომ გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო ცხოვრება, სახელმწიფოებრივი ცხოვრება ისე, როგორც მას სურდა, როგორც დაგვიბარა და გვიანდერძა, რომ შევძლოთ ერთსულოვნება, ურთიერთსიყვარული, ურთიერთშერიგება და იმ ღირებულებებზე საბოლოოდ მყარად დაბრუნება, რომლის აღორძინებასა და გავრცელებაში უდიდესი როლი შეასრულა მისმა ღვაწლმა და ცხოვრებამ.კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ, ჩემო საყვარელო, ძვირფასო ადამიანებო, მეგობრებო, ღმერთმა შეუნდოს და ცათა სასუფეველი მიანიჭოს, ცათა სასუფეველში დაამკვიდროს მისი უწმინდესობის და უნეტარესობის სული. ჩვენ შეგვაძლებინოს, ღირსეულად აღვასრულოთ ეს დღეები, დაკავშირებული მის დასაფლავებასთან, ღირსეულად შევძლოთ, გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრება და ვისწავლოთ ცხოვრება მის გარეშე. ძნელია დღეს საქართველოს, ეკლესიის წარმოდგენა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარეშე, მაგრამ ის ჩვენთან არის და ჩვენთან იქნება ყოველთვის, ამის გვწამს და გვჯერა. ჩვენთან არს ღმერთი“, – აღნიშნა მეუფე შიომ.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა. ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან სამების საკათედრო ტაძარში სამგლოვიარო მსვლელობით გადაასვენეს. ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

სრულიად სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ მეორე – ილია მეორის მსახურება რწმენის სიმტკიცის დასტური იყო, მამობრივი სიბრძნითა და სიყვარულით ხელმძღვანელობდა თავის ერთგულ სამწყსოს

სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის ტექსტი გამოაქვეყნა.„მისი უწმინდესობის, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხანგრძლივი პაპური მსახურება რწმენის სიმტკიცისა და სულიერად ერთგული ლიდერობის დასტური იყო. მისი პონტიფიკატი აღინიშნა საქართველოში სულიერი ცხოვრების აღორძინებით და ეკლესიური ცხოვრების განმტკიცებითა და აღორძინებით. რთულ დროს კურთხეული პატრიარქი მამობრივი სიბრძნითა და სიყვარულით ხელმძღვანელობდა თავის ერთგულ სამწყსოს, მტკიცედ იცავდა საქართველოს წმინდა ეკლესიის მისიას“, – განაცხადა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა სამძიმარში.

ბოლო სიახლეები