საქართველოში არსებული პრობლემების მოგვარება ჩვენი, ეუთო-ს ან ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანოს საქმე არ არის, – ამის შესახებ ნათქვამია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, „ეს საქართველოს ხალხისა და ლიდერების პასუხისმგებლობაა“.
„იმედი მაქვს, პოლიტიკური სცენის დეესკალაციისა და რეალური პოლიტიკური დიალოგის დასაბრუნებლად პასუხისმგებლიან ნაბიჯებს ვიხილავ“, – განაცხადა ეუთო-ს დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარემ ბარონესა კრისტინ ბლოუერმა.
ამასთან, განცხადებაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პერე ჟოან პონსი აღნიშნავს, რომ ყველა მხარეს კონსტრუქციული ჩართულობისა და დიალოგის აღდგენის მიზნით პირდაპირი კომუნიკაციის დაწყებისკენ მოუწოდებს.
„ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველოს ბევრი შთამბეჭდავი პოლიტიკოსი ჰყავს. როგორც ჩანს, როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე მის გარეთ მყოფი პირები მუდმივად აქტიურად ურთიერთობენ საერთაშორისო პარტნიორებთან. სამწუხაროდ, შოკირებული ვიყავი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ისინი ერთმანეთთან არ ურთიერთობენ. მოვუწოდებ ყველა მხარეს კონსტრუქციული ჩართულობისკენ და დიალოგის აღდგენის მიზნით პირდაპირი კომუნიკაციის დაწყებისკენ. ამაში მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება“, – განაცხადა პერე ჟოან პონსმა.

