კვირა, აპრილი 5, 2026

ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს, სრულად შეასრულოს ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები

ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს, სრულად შეასრულოს ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები.

ერთობლივი განცხადების ტექსტს ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

„მადლობას ვუხდით პროფესორ პატრიცია გრიჟებიკს, მოსკოვის მექანიზმის ერთადერთ მომხსენებელს, მისი ზუსტი, დამოუკიდებელი და პროფესიონალური მუშაობისთვის და დღეს მონაწილე სახელმწიფოებისთვის წარდგენილი ყოვლისმომცველი ანგარიშისთვის. ანგარიში იძლევა საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენების დეტალურ და სანდო შეფასებას და გვთავაზობს მკაფიო რეკომენდაციებს საქართველოს ხელისუფლების, მონაწილე სახელმწიფოებისა და ფართო საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

ამავდროულად, ჩვენ მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ხელი შეუწყოს მომხსენებლის ქვეყანაში ვიზიტს და ორგანიზება გაუწიოს მაღალი დონის შეხვედრებს სამთავრობო ინსტიტუტებთან. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს ეს ჩართულობა და მომხსენებლის დასკვნები კონსტრუქციული დიალოგისა და რეფორმის საფუძვლად მიიჩნიოს.

ასევე, გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წევრების, ჟურნალისტების, ადამიანის უფლებათა დამცველების და სხვა თანამოსაუბრეების მიმართ, რომლებიც მომხსენებელთან თანამშრომლობდნენ. მათი მზადყოფნა, მიეწოდებინათ ჩვენებები და დოკუმენტაცია, გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო ამ ანგარიშის მთლიანობისა და სიღრმისთვის. მათი წვლილი ხაზს უსვამს სამოქალაქო საზოგადოების სასიცოცხლო როლს ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში და ისეთი გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობას, რომელშიც მათ შეუძლიათ, თავისუფლად და უსაფრთხოდ ფუნქციონირება.

მომხსენებლის მთავარი დასკვნა ცალსახაა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი: „მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული თვალსაზრისით აშკარა უკუსვლა მოხდა“. ანგარიში ასახავს ძალადობისა და სხვა სახის დარღვევებს მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტებისა და ჟურნალისტების მიმართ, რასაც მომხსენებელი აღწერს, როგორც „დამნაშავეთა თითქმის სრულ დაუსჯელობას“. ასევე, იგი ადგენს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დაკავებულების მიმართ მოპყრობამ „სავარაუდოდ, წამების ზღვარს მიაღწია“ და რომ არასათანადო მოპყრობის ბრალდებებზე გამოძიება არაეფექტური იყო.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს დასკვნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებებმა სისტემატურად შეზღუდა ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები. ანგარიშის თანახმად, ე.წ. „უცხოური გავლენის“ წინააღმდეგ მიმართული კანონები, მედიაზე, შეკრებებსა და პოლიტიკურ მონაწილეობაზე მოქმედ ცვლილებებთან ერთად, ზედმეტად ზღუდავს გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას და დამანგრეველ გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე.

მომხსენებელი ასევე აფრთხილებს, რომ: „ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა საფრთხეს უქმნის პოლიტიკური პლურალიზმის არსებობას“. ეს მოვლენები ძირს უთხრის ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ასევე კანონის უზენაესობას, რომლის ვალდებულებაც საქართველომ აიღო, როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფომ.

მომხსენებელი აღნიშნავს, რომ მან ეს მოვლენები შეაფასა საქართველოს უფრო ფართო უსაფრთხოების კონტექსტის გათვალისწინებით, რაც მოიცავს რუსეთის სამხედრო ყოფნას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გაუმკლავდეს დემოკრატიულ უკუსვლას და სრულად განახორციელოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები.

დღეს, განსაკუთრებით გვსურს გამოვყოთ შემდეგი ნაბიჯები: პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებდნენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ჩაატარონ სწრაფი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება წამებისა და არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდების შესახებ, დამნაშავეები კი პასუხისგებაში მიეცნენ.

მეორე, საქართველომ უნდა გააუქმოს ან ფუნდამენტურად გადახედოს კანონმდებლობას, რომელიც არ შეესაბამება საერთაშორისო ადამიანის უფლებების ვალდებულებებს, მათ შორის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონებსა და მასთან დაკავშირებულ ცვლილებებს, რომლებიც ეხება გრანტებს, მაუწყებლობასა და პოლიტიკურ მონაწილეობას. როგორც მომხსენებელი აღნიშნავს, ამ კანონების შესაბამისობაში მოყვანა მხოლოდ მცირე ცვლილებებით შეუძლებელია. ამით ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, აღადგინოს თანამშრომლობა ოდირ-თან და ვენეციის კომისიასთან და სრულად შეასრულოს მათი რეკომენდაციები.

მესამე, ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტების და საჯარო დებატების სხვა მონაწილეების თვითნებური დაკავებისა და სისხლისსამართლებრივი დევნისგან, გაიწვიოს თვითნებურად წაყენებული ბრალდებები და გაათავისუფლოს პოლიტიკური მიზეზების გამო დაკავებული ყველა პირი.

მეოთხე, საქართველომ უნდა შეწყვიტოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები, გაიწვიოს ამ საკითხთან დაკავშირებით განხილული განაცხადები და უზრუნველყოს პოლიტიკური პლურალიზმის სრული პატივისცემა.

და ბოლოს, ანგარიში ხაზს უსვამს სასამართლო სისტემისადმი ნდობის აღდგენის აუცილებლობას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებით, სამართლიანი სასამართლო პროცესის გარანტიების უზრუნველყოფით და ისეთი ინსტიტუტების რეფორმირებით, როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ეუთო-სა და ვენეციის კომისიის დიდი ხნის რეკომენდაციების შესაბამისად“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ერთობლივი განცხადების ხელმომწერები არიან: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და პოლონეთი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეუფე დანიელი – დებულებაში ცვლილება უნდა მოხდეს გაფართოებულ კრებაზე, პატრიარქის არჩევის შემდეგ, ყველანი პატრიარქის შვილები ვართ, გვინდა, მისი გზა გავაგრძელოთ, გარწმუნებთ, ყველაფერი იქნება კარგად

პატრიარქმა გაგვიკვალა გზა სიწმინდისა და ჭეშმარიტებისკენ. რომ გავყვეთ გზას, რომელსაც სამეუფო გზა ეწოდება, მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ერთსულოვნება. სინოდის ამჟამინდელი მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. არ აქვს მნიშვნელობა, ვის აირჩევს სინოდი – ის იქნება ღვთის რჩეული და მას ყველანი უნდა მივესალმოთ, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მისი თქმით, სინოდის არცერთი წევრი არ ეძებს საკუთარ ინტერესს, არამედ ვეძებს ღვთის ნებას.„გაგვიხარდება ნებისმიერი პიროვნება. თამამად შემიძლია ვთქვა, სინოდში ნებისმიერი პიროვნება დღეს არის მზად, გააგრძელოს პატრიარქის გზა. მთელი სინოდი ვართ ერთსულოვანი. არ იყო საკითხი, სადაც რაიმე გართულება გვქონდა. განსხვავებული აზრი როცა არის და ამის გამო არ არის უხერხულობა, ეს არის მაღალი დონე, ეს არის ერთსულოვნება, ეს არის გამარჯვება ადამიანურ, სუბიექტურ განწყობაზე, რომელიც ადვილი დასაძლევი არ არის. ჩვენ გვქონდა ეს ერთსულოვნება. შეიძლება, ზოგჯერ მოსაზრების გამოთქმისას ემოციური ვყოფილიყავით, მაგრამ არა ერთმანეთის მიმართ. ჩვენი სურვილია, ჩვენი განცდები მივწვდეთ ღვთის ნებას, როგორც ეს გვესახება. ყველაფერი იქნება სულიწმიდის კარნახით, ამაში დარწმუნებული ვართ“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.მიტროპოლიტმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ სუბიექტური აზრები არ იყოს კატეგორიული.„ყველას გვაქვს უფლება, გვქონდეს შეხედულება, მაგრამ არა კატეგორიული. ერთი შეხედულების მქონე საზოგადოების ნაწილმა, მეორე შეხედულების მქონე საზოგადოების მიმართ არ უნდა გამოთქვას უნდობლობა, არ უნდა გამოხატოს ეჭვი, რომ ეს არის ადამიანი და ჩემი არის ღვთაებრივი. ეს ნიშნავს გარკვეულ უხერხულობაში, დაპირისპირებაში შესვლას. უხილავი ძალა ცდილობს, ეს მოხდეს და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ჩვენ ვამბობთ, რომ სინოდში ეს დაცულია, მაგრამ ერიც მოქმედებს, ერის მდგომარეობას შეუძლია, დაგვეხმაროს ან პირიქით, დაამძიმოს. ჩვენი თხოვნაა ერისადმ: გავერთიანდეთ ლოცვაში, ურთიერთ პატივისცემაში. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სინოდმა, გვწამდეს, ეს არის სულიწმიდის კარნახი. ყველანი პატრიარქის შვილები ვართ, ყველანი მისი ერთგული ვართ და გვინდა, გავაგრძელოთ მისი გზა. ასე უნდა იყოს როგორც სასულიერო, ასე საერო დასი. ეს არის ჩვენი თხოვნა. გარწმუნებთ, ყველაფერი იყო და იქნება კარგად“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.რაც შეეხება პატრიარქობის კანდიდატის ასაკობრივ ზღვარს, მეუფე დანიელი აცხადებს, რომ არსებობს ეკლესიის გამგეობის დებულება და სინოდი მოქმედებს ამ დებულების საფუძველზე და გაფართოებული კრებისთვის ემზადება.„ყოველ ეტაპზე ეკლესიას შეუძლია, განავითაროს მართვა-გამგეობის დებულება, რაღაც სიახლე შეიტანოს, კორექტირება გააკეთოს. ამის სურვილი შეიძლება, ყველა წევრს ჰქონდეს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს გაფართოებულ კრებაზე, რომელიც პატრიარქის არჩევის შემდეგ გადაწყდება, როდის იქნება მოწვეული. ამიტომ აქ ცვლილებები არ მოხდება, რაც წესია ის არის, უბრალოდ წესთან და პროცედურასთან დაკავშირებით შეიძლება, იყოს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა. პრობლემა არ იქნება, სინოდი რასაც გადაწყვეტს. ჩვენ არ ავჩქარდით, გადავწყვიტეთ, ვილოცოთ და შემდეგ სინოდზე, რომელიც გაიმართება, საბოლოოდ შევჯერდებით ყველა საკითხზე, მათ შორის ასაკზე. შეიძლება ერთი და იგივე დებულება გაგებული იქნას სხვადასხვანაირად. სწორედ აქ არის ჩვენი რწმენა, რომ სულიწმინდა გვიკარნახებს, რა არის ღმერთის ნება, როგორ უნდა წავიკითხოთ, როგორ უნდა განვმარტოთ და უმრავლესობა რასაც გადაწყვეტს, ეს იქნება ღვთის ნება“, – გნაცხადა მეუფე დანიელმა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით

ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით, ამას სჭირდება 11 500 მგვტ დადგმული სიმძლავრე, ამ გენერაციის შექმნა და ამას სჭირდება შესაბამისი გეგმა და დაახლოებით, ათწლიანი პერიოდი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.პრემიერის შეფასებით, გამოწვევები არის ძალიან ბევრი, კომპლექსური და ამას სჭირდება კონკრეტული გეგმა.„სწორედ ამიტომ დავიწყეთ ჩვენ მუშაობა კონკრეტულ გეგმაზე, რომელიც გვაქვს შემუშავებული და მზად ვართ, რომ ფართო ჩართულობით დავამუშაოთ საბოლოოდ ეს გეგმა. ეს არის აუცილებელი, რათა ეს კომპლექსური ვითარება შეიცვალოს დადებითი  მიმართულებით. ძალიან ფართო სპექტრია პრობლემების.ჩვენი ამოცანაა, თვითკმარი გახდეს ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით, ამას სჭირდება 11 500 მგვტ დადგმული სიმძლავრე, ამ გენერაციის შექმნა და ამას სჭირდება შესაბამისი გეგმა და დაახლოებით, ათწლიანი პერიოდი. ეს არის ჩვენი ამოცანა. რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს, რა თქმა უნდა, საჭიროა ფართო ჩართულობა, როგორც ექსპერტული, ისე არაექსპერტული და ამისთვისაც ვართ მზად.ვფიქრობ, ალბათ, ყველა ვჯერდებით იმაზე, რომ დიდი ჰესების მშენებლობაც არის საჭირო, რათა ჩვენ უზრუნველვყოთ სისტემის სტაბილურობა, სისტემის სწორად განვითარება. ვჯერდებით ასევე იმაზე, რომ ამას სჭირდება სათანადოდ აღსრულება, ამას სჭირდება ექსპერტული ჩართულობა, გეგმაზომიერი მუშაობა. ამისთვის ვართ მზად. ჩვენ შეგვიძლია, საზოგადოებას დავპირდეთ, რომ ჩვენი მიდგომა იქნება აბსოლუტურად სერიოზული. რა სერიოზულობაც ვაჩვენეთ გასული თვეების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, კონკრეტულად ენერგეტიკის სექტორში, გეგმაზომიერების კუთხით და ა.შ. ასეთივე მიდგომით გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენი კარი არის აბსოლუტურად ღია ექსპერტებისთვის, ექსპერტული ჩართულობისთვის. ეს არის ჩვენი მოწოდებაც და მადლობა ასეთი ინიციატივისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ირანის წინააღმდეგ მიმართული ომი-ირანის ელჩი

,,ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ირანის წინააღმდეგ მიმართული ომი. აშშ-ისა და ისრაელის აგრესიული თავდასხმები პეტროქიმიურ მრეწველობასა და ბუშეჰრის ატომური სადგურის მიმდებარე ტერიტორიებზე წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ყველა წითელი ხაზის, ჰუმანისტური პრინციპებისა და თვით სტრატეგიული რაციონალურობის აშკარა დარღვევას. ეს კატასტროფა კონკრეტულად ერთი რეგიონით არ შემოიფარგლება. ამ გზამ შესაძლოა სპარსეთის ყურე გადააქციოს ქიმიური და ბირთვული კრიზისის ეპიცენტრად. ეს კრიზისი მილიონობით ადამიანს, ცოცხალ არსებასა და რეგიონის გარემოს ათწლეულების განმავლობაში განადგურების საფრთხის წინაშე დააყენებს. მსოფლიომ არ უნდა მოიტყუოს თავი: ამ ქმედებების შედეგები გასცდება ირანის საზღვრებს. მსურს განვაცხადო: ეს არ არის „მუქარა“, ეს არის სერიოზული გაფრთხილება, რომლის შედეგებიც კაცობრიობის მომავალს ემუქრება. სპარსეთის ყურის ქვეყნები, რომლებმაც დაუშვეს, რომ ამერიკას მათი სამხედრო ბაზები გამოეყენებინა და ისრაელთან ე.წ. აბრაამის შეთანხმებას დაჰყაბულდნენ, დღეს თავად გადაიქცნენ მთავარ მსხვერპლად. ის, ვინც ცეცხლში გაიარა, გახლდათ აბრაამი, უფლის წინასწარმეტყველი, ხოლო აბრაამის სახელით ცეცხლის დამნთები არის სიონიზმი. სწორედ ამიტომ მოხდა, რომ Randy George, აშშ-ის სახმელეთო ძალების სარდალი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს — რადგან მას არ სურდა, რომ მის სამხედრო კარიერაში სტრატეგიული უგუნურება ჩაწერილიყო. ეს არის გაფრთხილება: დღევანდელობისთვის და მომავალი ათწლეულებისთვის''-წერს ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი

ლოცვა, რომელიც მრევლმა 4 აპრილის საღამოდან 6 აპრილის დილის ჩათვლით უნდა წაიკითხოს

4 აპრილის საღამოდან 6 აპრილის დილის ჩათვლით, ღირს არსის ნაცვლად, ეს ლოცვა იკითხება:ბზობის კვირას წასაკითხი.ღმერთი უფალი გამოგვიჩნდა ჩუენ დღეს, განმზადეთ დღესასწაული და მხიარულებით მოვედით და განვადიდოთ ქრისტე ბაიაითია და რტოებითა ქებისმეტყუელთა, კურთხეულ არს მომავალი სახლითა უფლისათა უკუნისამდე.

სომხეთის პარლამენტის სპიკერი – რუსეთი გაზის საფასურს თუ გაზრდის, სომხეთი დატოვებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს

სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ სომხეთი დატოვებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს, თუ რუსეთი გაზის საფასურს გაზრდის.„ისინი ასეთ გადაწყვეტილებას თუ მიიღებენ, სომხეთიც მიიღებს თავის გადაწყვეტილებას და საბოლოოდ გამოვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს“, – განაცხადა სიმონიანმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე.ამასთან, მისი თქმით, „არ ფიქრობს, რომ საქმე აქამდე მივა“, რადგან სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის „ძალიან კარგი, ეფექტიანი საუბარი შედგა“.ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას, სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნა, რომ სომხეთი რუსულ გაზს შეღავათიან ფასად იღებს.„დღეს, თქვენ იცით, ენერგომატარებლების, გაზის ფასები ევროპაში 600 დოლარს აღემატება ათას კუბურ მეტრზე, ხოლო რუსეთი სომხეთს გაზს 177.5 დოლარად აწვდის. სხვაობა დიდია, სხვაობა არსებითია,“ — განაცხადა პუტინმა.სომხეთმა 2024 წლიდან შეაჩერა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობა და აღარ იხდის შენატანებს ამ ორგანიზაციაში, თუმცა ფორმალურად ქვეყანა ორგანიზაციიდან არ გამოსულა.

ბოლო სიახლეები