ეუთო/ოდირის განცხადებით, საქართველოში მიღებული ახალი კანონმდებლობა, “რომელიც ზღუდავს სამოქალაქო უფლებებს, პოლიტიკურ უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს”.
როგორც ეუთო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) განცხადებაშია ნათქვამი, „საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და დემოკრატიული და ადამიანის უფლებების გარემოს მდგომარეობის გაუარესების ფონზე, ოდირი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს 4 მარტს მიღებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებების გამო, რომლებიც შეზღუდვებს უწესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და უცხოური დაფინანსების სხვა მიმღებებს, უკრძალავს მათ პოლიტიკურ პარტიებში გაწევრიანებასა და საჯარო თანამდებობების დაკავების მიზნით კენჭისყრას, კიდევ უფრო ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისთვის საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას და კანონსაწინააღმდეგოდ აცხადებს იმ აქტივობებს, რომლებიც ხელისუფლების „დელეგიტიმაციად“ მიიჩნევა“.
ოდირის განცხადებით, „ახალ კანონმდებლობას უარყოფითი გავლენა ექნება გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებების უფლებებზე და მკვეთრად შეზღუდავს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობას. კანონის ფართო მოქმედების მასშტაბმა შესაძლოა გავლენა იქონიოს არა მხოლოდ დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ადამიანის უფლებათა დამცველებზე, არამედ ექსპერტებზე, კონსულტანტებსა და მომსახურების მიმწოდებლებზეც“.
„მკაცრი სისხლისსამართლებრივი სასჯელები, ისევე როგორც ფართოდ და ბუნდოვნად განსაზღვრული ტერმინები, როგორიცაა „მასობრივი დაუმორჩილებლობა“ ან „ექსტრემიზმი“, რომლებიც შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს, არ შეესაბამება კანონის უზენაესობის სტანდარტებს სამართლებრივი განსაზღვრულობის შესახებ და თვითნებურად აღსრულების რისკებს ქმნის. ნებისმიერი სახის უცხოური დაფინანსების კანონსაწინააღმდეგოდ გამოცხადება მთავრობის წინასწარი ნებართვის გარეშე, რაც ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, არაპროპორციულ ზომას წარმოადგენს, რომელიც ძირს გამოუთხრის მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

