პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაუქმებას ეხება. ცვლილების მიხედვით, ამ ორი უწყების ფუნქციები და უფლებამოსილებები აუდიტის სამსახურს გადაეცემა. სიახლე ძალაში მომავალი წლის პირველი მარტიდან შევა.
“ევროსაბჭოს მოთხოვნა იყო, რომ ეს სტრუქტურები ყოფილიყო დამოუკიდებელი. ამ სტრუქტურებმა იმუშავა, თავის როლი შეასრულა. დამოუკიდებლობის უმაღლესი ხარისხი, ყველა არსებულ ფორმატთან შედარებით, აქვს აუდიტის სამსახურს. ასე რომ, ეს საქმიანობა გაგრძელდება, ეს სამსახურები იმუშავებს აუდიტის სამსახურის შემადგენლობაში,” – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი.

