ჩემპიონთა ლიგის მეორე ტური კიდევ უფრო მეტ საინტერესო მატჩს გვპირდება. ჩვენი და მთელი საფეხბურთო სამყაროს მთავარი ინტერესი კატალონიისკენაა, სადაც “ბარსელონა” პსჟ-ს უმასპინძლებს. კარგია, იამალი რომ ბრუნდება, სამწუხაროდ, ხვიჩა კვარაცხელი ვერ ითამაშებს და ცუდია რაფინია, დემბელეს, დუეს, მარკინიოსის ტრავმები – ასეთ დაპირისპირებებს დიდი ფეხბურთელები ძალიან უხდებიან!..
“ესტადიო ოლიმპიკოზე” (55 926) ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ჩადის – ოთხშაბათს, 23:00 საათზე. როგორც პსჟ-მა, ასევე “ბარსელონამ” ტურნირი წარმატებით დაიწყეს, ერთმა “ატალანტას”, მეორემ კი “ნიუკასლს” სძლია.
ლუის ერიკეს ფაქტორი ამ დაპირისპირებას განსაკუთრებულ ელფერს სძენს. ლუჩომ ჩემპიონთა ლიგა ჯერ კატალონიელებს მოაგებინა, 10 წლის შემდეგ კი პარიზელები აზეიმა.
შეუძლებელია, ამ გუნდების დაპირისპირების დროს ლეგენდარული 6:1 არ გაგახსენდეს. აღსანიშნავია, რომ ბარსელონაში ბოლო ორი სტუმრობა ფრანგების გამარჯვებით დასრულდა და პარიზელებმა 8 გოლი გაიტანეს.
ამ შეხვედრას უსმან დემბელეს თამაში კიდევ უფრო საინტერესოს გახდიდა – დიდი ისტორიები “ბარსასთან”, გატანილი გოლი ბოლო მატჩში და სულ ახალი ინტრიგა – “ოქროს ბურთი”, სადაც ფრანგმა იამალს აჯობა.
კატალონიურ გრანდს ჩემპიონთა ლიგაზე შინ განსაკუთრებით ბევრი გააქვს, ბოლო შვიდიან ექვსში მინიმუმ სამი გოლი და ბოლო 17-ში 75 შედეგიანი დარტყმა – ასტრონომიული მაჩვენებელი.
ძალიან კი გვინდოდა ხვიჩა კვარაცხელიას ეთამაშა, მაგრამ… “კვარა” კატალონიელებს საკმაოდ სუსტი “ნაპოლით” დაუპირისპირდა და იქ ბევრი შანსი არ ჰქონია.