ნარკომომხმარებლებისთვის ახალი ანტინარკოტიკული საკანონმდებლო პაკეტი დამატებით შეზღუდვებს ითვალისწინებს – თუ აქამდე ღია სივრცეში მარიხუანას მოხმარება მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმით განისაზღვრებოდა, ახლა 3 წლით მართვის მოწმობის ჩამორთმევას და 5 წლით საჯარო ან საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის აკრძალვას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, პროექტში მომხმარებლის იძულებითი წესით ნარკოტესტზე გადაყვანა ჩანაცვლებულია უარის შესაძლებლობით, თუმცა სანქციები ძალაში რჩება.
ინიციატივის ავტორები ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას ეროვნულ ამოცანად მიიჩნევენ.
“პირველ რიგში, ეს არის ეროვნული საკითხი, რომლის მიზანიცაა, რომ თაობები არ დავკარგოთ, გენოფონდი არ შეგვიმცირდეს პირდაპირი გაგებით – ეს პირდაპირ მოქმედებს ზოგადად ერის გამრავლებაზე, გენოფონდზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ახალგაზრდები არიან ნარკოტიკული ნივთიერების თრობის ქვეშ. ბუნებრივია, ახლა აქ, ზოგი იტყვის, რომ ეს ნაკლებად ან მეტად დამაზიანებელია, ზოგადად ნარკოტიკული საშუალებები მიუხედავად ხარისხისა, მედიცინის მუშაკების მიერ დადგენილია, რომ იწვევს გარკვეულ პრობლემებს”, – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.