ეს ველი, სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ, ქართველთა საბრძოლო დიდების, ერთიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული თვითშეგნების სიმბოლოა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, დიდგორის ველზე მიმდინარე სახალხო დღესასწაული „დიდგორობა 2024“-ის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, დიდგორის ბრძოლა არამხოლოდ სამხედრო წარმატება, არამედ მრავალწლიანი გონივრული პოლიტიკის შედეგია.
„დიდგორის ბრძოლა, ნებისმიერი ძლევამოსილის ახელმწიფოს სამხედრო ხელოვნების ისტორიას დაამშვენებდა. ეს იყოს საქართველოს ისტორიაში უდიდესი სამხედრო წარმატება, რომელმაც ქართული სახელმწიფოს გაძლიერებას და ჩვენი ისტორიის ოქროს ხანას დაუდო საფუძველი. დიდგორის ბრძოლა ქართველი კაცის სიმამაცის, სამხედრო ნიჭიერების, სამშობლოსთვის თავგანწირვის გამოხატულებაა. ჩვენი ქვეყნისთვის დიდგორის ბრძოლა არამხოლოდ სამხედრო წარმატება, არამედ მრავალწლიანი გონივრული პოლიტიკის შედეგია, რომელიც დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის მიერ ქვეყნის ეტაპობრივი გაძლიერებისკენ იყო მიმართული. დიდგორის ბრძოლა ძლევაი საკვირველის მთავარი საფუძველი ეროვნული კონსოლიდაცია, გონივრული საგარეო და საშინაო პოლიტიკა, ქართული ჯარისა და ეკონომიკის განვითარება იყო. დღევანდელი დღე პირველ რიგში გვასწავლის იმას, რომ საერთო ეროვნული მიზნების მისაღწევად სიმამაცესა და შეუპოვარ ბრძოლასთან ერთად დიდი გამარჯვებისთვის აუცილებელია ქვეყნის მუდმივ გაძლიერებაზე მიმართული რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკა, ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების განმტკიცება და საზოგადოების სრული კონსოლიდაცია. ჩვენს მებრძოლებს აბჯრად აქვთ ეს დიდი ისტორია. დღეს, ჩვენი თავდადებული ბრძოლა ქვეყნის უანგარო სამსახურია – სწორი პოლიტიკა და სტრატეგია, რითაც ჩვენ შევძლებთ შევინარჩუნოთ მშვიდობა და გავაძლიეროთ საქართველო, ავაშენოთ ძლიერი, ხანგრძლივ მშვიდობაზე ორიენტირებული სახელმწიფო, რაც ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა“, განაცხადა ჩიქოვანმა.