“მოგესალმებით სრულიად საქართველოს. არ მეგონა, რომ კიდევ დავუბრუნდებოდი ჩემი ოჯახის ბულინგის თემას, თუმცა, როგორც ჩანს, გაუსვრელი არავინ უნდა დარჩეს. დღეს ბიჭები არიან სამიზნეები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ არავის ვუვარდებით სახლში ,არც სცენაზე, არც პირად ცხოვრებაში, არც სამარცხვინო ნაბიჯებით გამოვირჩევით… როცა ყვირი “სირცხვილია” -ს, სულ ცოტა, მისი შინაარსი კარგად უნდა გესმოდეს ადამიანს – “რა არის სირცხვილი და რა – არა”. ეს ბიჭები იმ ოჯახში გაიზარდნენ, სადაც ყველაფრის ფასი ძალიან კარგად ვიცით. არც მშიერის დაპურება გვეშლება, არც უსახლკაროს მიღება, არც მრწამსისთვის ჯოჯოხეთის გავლა, არც მდუმარებაში გლოვა, არც უსახლკარობის შიში, არც ერთმანეთის სიყვარული და არც – ქვეყნის. არც გაზის ყლაპვის შეგვშინებია ოდესმე და არც ვინმესთვის სიმართლის თქმის. ასე რომ, შორს ხელები ჩემი ოჯახიდან” – წერს ნატო გელაშვილი სოციალურ ქსელში და შვილების, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეების ფოტოს აქვეყნებს. ეს განცხადება მომღერალმა გუშინდელი კონცერტის შემდეგ გააკეთა. როცა გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები სცენაზე ზუკა ხუციშვილთან ერთად სიმღერას ასრულებდნენ, სცენაზე ახალგაზრდა ბიჭი ავიდა, რომელმაც ძმებ ჭოხონელიძეებს სიტყვის თქმის უფლება სთხოვა და თქვა, რომ მათ თანატოლს, 21 წლის მატე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამ თხოვნაზე ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეებისგან მან უარი მიიღო, აუდიტორიიდან კი ისმოდა შეძახილები: “სირცხვილია”, “ასე არ შეიძლება…”