შაბათი, თებერვალი 22, 2025

ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სს „ქართუ ბანკის“ თითქოსდა სპეციალურად დაჯარიმების შესახებ, არის სრული სპეკულაცია და მოსახლეობის განზრახ შეცდომაში შეყვანას ემსახურება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული.

„მოგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი თავისი საზედამხედველო მანდატის ფარგლებში ახორციელებს საფინანსო სექტორის ყველა წარმომადგენლის პერიოდულ შემოწმებას. სებ-ის პირდაპირი ვალდებულებაა, მოიკვლიოს რეგულაციების დარღვევის ფაქტები და მოახდინოს რეაგირება. შემოწმება მიზნად ისახავს მოქმედ კანონმდებლობასთან კომერციული ბანკის შესაბამისობის დადგენას, მათ შორის, შიდა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებას.

შემოწმების შედეგად საფინანსო სექტორის წარმომადგენელთათვის განისაზღვრება შესაბამისი რეკომენდაციები და გასატარებელი ღონისძიებები. მათ შორის, სებ-ის ზედამხედველობის ფარგლებში, შესაძლოა, კომერციულ სუბიექტს ფულადი ჯარიმაც დაეკისროს. ცნობისთვის, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბანკებისთვის დაკისრებული ჯარიმების რაოდენობა 100-ზე მეტია.

მათ შორის, არსებული მიდგომით ისარგებლა სებ-მა სს „ქართუ ბანკთან“ მიმართებაშიც. 2023 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში „ქართუ ბანკის“ მხრიდან კონკრეტული ტრანზაქციის განხორციელება-აღრიცხვის პროცესში მოქმედ რეგულაციებთან მთელი რიგი შეუსაბამობები დადგინდა ანალიზისა და შესწავლის შედეგად და არა – მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, როგორც ეს სხვადასხვა მხარის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებში ისმის. შესწავლის შედეგად ბანკს დაუწესდა ჯარიმა და მიეცა მითითებები. ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს „ქართუ ბანკი“ აქამდე არ დაჯარიმებულა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სებ-ის მიერ არაერთხელ გამოყენებულა სხვადასხვა სახის საჯარიმო ზომა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების, მათ შორის „ქართუ ბანკის“ მიმართაც.

აქვე, ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო სისტემის საზედამხედველო პროცესი საერთაშორისოდ აღიარებული რისკზე დამყარებული მიდგომის შესაბამისად წარიმართება. აღნიშნული, მათ შორის, მოიცავს საჯარო ინფორმაციის განგრძობით მონიტორინგს, რათა მაქსიმალურად ადეკვატურად მოხდეს ამა თუ იმ კომერციული ბანკის რისკის პროფილის შეფასება და საზედამხედველო გადაწყვეტილებების მიღება.

ამასთან, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ფინანსური ინსტიტუტების მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმების დაწესება ეროვნული ბანკისთვის ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილებაა. ამიტომ ჩვენთვის გაუგებარია ყველა ის კითხვა, რომელიც სებ-ის მიერ მანდატით მინიჭებული ვალდებულების პირნათლად შესრულების გამო გაჩნდა“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ჯეი დი ვენსი – იდეა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა მოლაპარაკება უნდა დაიწყოს სიტყვებით „იქნებ უკრაინა ნატო-ში შევუშვათ“, საღ აზრს ეწინააღმდეგება

იდეა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა მოლაპარაკება უნდა დაიწყოს სიტყვებით „იქნებ უკრაინა ნატო-ში შევუშვათ“, საღ აზრს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სოციალურ ქსელ „იქსში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი პასუხობს ბრალდებებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია რუსეთის მიმართ „დაშოშმინებას” წარმოადგენს. „ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კონფლიქტის დასასრულებლად. ეს იქნებოდა „დაშოშმინება” მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ უკრაინელებს გამარჯვების რეალური გზა აქვთ. მათ ეს გზა არ აქვთ, ამიტომ ეს დაშოშმინება არ არის. რამდენადაც ვხვდები, „დაშოშმინების“ შესახებ ბრალდებები რამდენიმე არგუმენტს ეყრდნობა. პირველი არის კრიტიკა იმისა, რომ ჩვენ საერთოდ ვსაუბრობთ რუსებთან. პრეზიდენტს სჯერა, რომ დიპლომატიის საწარმოებლად თქვენ რეალურად უნდა ესაუბროთ ხალხს. ამას ადრე სახელმწიფო მოღვაწეობას უწოდებდნენ; მეორე იდეა – ხშირად ყალბ მედიარეპორტაჟებზე დაყრდნობით – რომ ჩვენ „რუსებს ყველაფერი მივეცით, რაც სურდათ“; მესამე, რომ თუ ჩვენ დახმარების კიდევ ერთ პაკეტს მივიღებდით, უკრაინა მოსკოვამდე მივიდოდა, ნავალნის მკვდრეთით აღადგენდა და რუსეთს დემოკრატიულ და თავისუფალ ლიდერს დაუსვამდა (მე ვაზვიადებ, მაგრამ მხოლოდ ცოტათი). ყველა ეს არგუმენტი აშკარად მცდარია“, – წერს ვენსი. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ ტრამპს დასახული აქვს მიზანი და კარგად აწარმოებს მოლაპარაკებებს. „ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი მოლაპარაკების პოზიციის გამჟღავნებას იმისთვის, რომ ხალხი უკეთ გრძნობდეს თავს. პრეზიდენტი ცდილობს, მიაღწიოს მდგრად მშვიდობას და არა – დაამშვიდოს უკრაინის დროშების მოფრიალე ადამიანების ეგო ან შფოთვა. იდეა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა დაიწყოს მოლაპარაკება სიტყვებით „იქნებ უკრაინა ნატო-ში შევუშვათ“, ეწინააღმდეგება ყველანაირ საღ აზრს. კიდევ ერთხელ, ეს არ არის დათმობა, როცა აღიარებ რეალობას, რეალობას, რომელზეც პრეზიდენტი ტრამპი ზოგიერთ შემთხვევაში წლების განმავლობაში მიუთითებდა“, – წერს ჯეი დი ვენსი. ვენსი ასევე ამბობს, რომ მზადაა, დაიცვას პრეზიდენტ ტრამპის მიერ უკრაინის ხელმძღვანელობის მიმართ გამჟღერებული კრიტიკა.  

სიახლე ონკოპაციენტებისთვის – ქიმიო-ჰორმონო და სხივური თერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი და მომსახურების ტარიფები განსაზღვრა

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების შესახებ ონკოპაციენტებმა უკვე იციან. უწყებამ, როგორც ქიმიო, ასევე სხივური თერაპიის დროს აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი განსაზღვრა. გაიწერა მომსახურების ტარიფიც. ამ დრომდე, ონკოთერაპიისთვის საჭირო გამოკვლევების ნუსხას თავად სამედიცინო დაწესებულება ადგენდა, ხშირ შემთხვევაში განსხვავებული იყო ტარიფებიც. ონკოპაციენტები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებულ სხვა რეფორმებზეც საუბრობენ. სიახლეებზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრი. მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ პაციენტებისთვის საჭირო მომსახურების ტარიფი უკვე დადგენილია და მკურნალობის პროცესში ყველა აუცილებელ გამოკვლევას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. ცვლილებებზე საუბრობენ ექიმები. ამბობენ, რომ სიახლე ონკოპაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას, კიდევ უფრო გაამარტივებს. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან სამედიცინო დაწესებულებებში არსებული დავალიანების დაფარვას უკავშირდება. კლინიკების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ სიახლე საავადმყოფოების ფინანსურ ნაწილზეც დადებითად აისახება. დღეს არსებული მდგომარეობით, სახელმწიფოს მხრიდან, ქიმიოთერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევები 100 პროცენტით ფინანსდება. პაციენტის საჭიროების მიხედვით, ანაზღაურებადია დამატებითი ლაბორატორიული კვლევებიც. ასევე ფინანსდება, ქიმიო, ჰორმონო, სხივურ თერაპიასთან დაკავშირებით საჭირო კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა.

დაკავებულია 22 პირი– რა ჩანს ფარულად გადაღებულ ვიდეომასალაში

ფარული აუდიო და ვიდეო მასალა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე საკონტროლო შესყიდვის დროს გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ყიდიან ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს. ნარკოდანაშაულის ფაქტზე სულ 22 პირია დაკავებული, მათგან 12-ს კი გამოძიება რეალიზაციას ედავება. ბრალდებულებს შორის არიან საქართველოს, ბელარუსის, უკრაინის, იორდანიისა და თურქეთის მოქალაქეები. ნაწილი წარსულში ნასამართლევია. ჰეროინი, ექსტაზი, მეტადონი, სუბოტექსი - ეს იმ ნარკოტიკული საშუალებების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოიღეს. საქმეში მტკიცებულებების სახით დევს, ელექტრო სასწორები და სავარაუდოდ, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხაც. "კურიერი" დღეს დაკავებულების ადვოკატებსაც ესაუბრა. ბრალდებულთა ნაწილი დანაშაულს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს, ნაწილი კი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. ნარკოდანაშაულის საქმეზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.  

„ვემშვიდობებით ჩვენს უძვირფასეს კოლეგას…“ – თბილისის 117-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის 117-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. “როცა ყველა სიტყვა უძლურია. ვემშვიდობებით ჩვენს უძვირფასეს კოლეგას, კისკისას, უძლიერეს, უჭკვიანეს და ულამაზეს ქალბატონ ნინელი ფოლადაშვილს!” – ინფორმაციას თბილისის 117-ე სკოლა ავრცელებს. ცნობისთვის, მოცეკვავეს, ოთო ფოლადაშვილს დედა გარდაეცვალა. პედაგოგი მძიმე დაავადებას ებრძოდა.

თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე მედიას: ამ ოთახში ბევრი ადამიანი ვერ აშუქებდა იმ ფაქტს, რომ ჯო ბაიდენი მენტალურად არაკომპეტენტური იყო და ვერ მართავდა ქვეყანას

სტივენ მილერმა თეთრი სახლის პრეს-კორპუსს ჩაუტარა „მოქალაქეობრივი გაკვეთილი“ პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ, ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. თეთრი სახლის შტაბის უფროსის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში უპასუხა კითხვას, რომელიც მედიის შეშფოთებას იწვევდა იმის გამო, რომ ილონ მასკი „არარჩეული ბიუროკრატის“ ფუნქციას ასრულებს და ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების იგნორირებას ახდენს. ”თქვენ მაცდუნებთ, რომ ძალიან უხეში რამ ვთქვა მედიაში ჩვენს ზოგიერთ მეგობარზე”, - დაიწყო მან. „მართალია, რომ ამ ოთახში ბევრი ადამიანი ოთხი წლის განმავლობაში ვერ მალავდა იმ ფაქტს, რომ ჯო ბაიდენი ფსიქიკურად არაკომპეტენტური იყო და ვერ მართავდა ქვეყანას. „ასევე მართალია, რომ ამ ოთახში ბევრ ადამიანს, ვინც გამოიყენა ეს თეზისი იმის შესახებ, რომ ელონი არ არის არჩეული, წარმოდგენა არა აქვს, როგორ მუშაობს მთავრობა. ასე რომ, მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ჩავატარო მოკლე გაკვეთილი სამოქალაქო განათლებაში“, - განაგრძო მან.

ბოლო სიახლეები