არსებობს კარგი მიზეზი, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა განაახლოს ურთიერთობა პრეზიდენტ პუტინთან, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტთსნ, დონალდ ტრამპთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მე არასდროს მივცემ რჩევებს პრეზიდენტ ტრამპს. ჩვენ გვაქვს მეგობრული და ნდობით აღსავსე დისკუსია. მაგრამ ჩემი გამოცდილება პრეზიდენტ პუტინთან არის შემდეგი: პირველ რიგში, მე ყოველთვის ვფიქრობ, რომ დისკუსია კარგია სხვა ლიდერებთან და განსაკუთრებით მაშინ, როცა არ ეთანხმები. მე შევწყვიტე საუბარი პრეზიდენტ პუტინთან ბუჩას და ომის დანაშაულების შემდეგ, რადგან ჩავთვალე, რომ იმ დროს მისგან ვერაფერს მივიღებდით. ახლა ეს შანსია. დიდი ცვლილებაა, რადგან არის აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. ასე რომ, ახალი კონტექსტია. არსებობს კარგი მიზეზი, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა განაახლოს ურთიერთობა პრეზიდენტ პუტინთან. ვფიქრობ, რომ კარგია დისკუსია. ვფიქრობ, სასარგებლოა მოლაპარაკებების გამართვა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობისკენ სვლა. მაგრამ ჩემი მთავარი მოსაზრება იყო ის, რომ ჯერ ვეცადოთ, მივიღოთ რამე, რისი შეფასებაც, შემოწმებაც და დადასტურებაც შესაძლებელია. დავრწმუნდეთ, რომ ვაშენებთ საკმარის გარანტიებს მოკლევადიან პერსპექტივაში. და აქ ვართ ჩვენ, მზად ვართ, ჩავერთოთ. რაც შეეხება საფრანგეთს, ჩემი ევროპელი კოლეგების დიდი ნაწილი მზადაა, ჩაერთოს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ამერიკული მხარდაჭერა, რადგან ეს არის უსაფრთხოების გარანტიების სანდოობის ნაწილი“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.