დღეს, საქართველოში, კულტურის პოლიტიკა განხილულია როგორც უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ქვეყნის განვითარებისთვის. საქართველო თავისი მდიდარი, შთამბეჭდავი ისტორიით და მისწრაფებებით გამორჩეული და უძველესი ერია, რომელიც მსოფლიომ კიდევ უფრო კარგად უნდა გაიცნოს და დააფასოს. სწორედ კულტურა განსაზღვრავს ერის მნიშვნელოვან ღირებულებებს. განათლება და კულტურა არის ის მიმართულებები, რომლებიც ქვეყნის განვითარების მთავარი ქვაკუთხედია, – ამის შესახებ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში, კულტურის მინისტრს მოუსმინეს.
მისი თქმით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელობისას, თეა წულუკიანის მიერ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების მოგვარების მიზნით. ასევე, მის მიერ პრიორიტეტულ საკითხად იქნა მიჩნეული ოქროს ფონდისა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის გადარჩენა.
„მჯერა ქალბატონი თეას აქტიური მონაწილეობით მოხერხდება უდიდესი მნიშვნელობის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენა. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას მხარი დავუჭიროთ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რათა ქვეყანას გააჩნდეს კულტურის პოლიტიკის ერთიანი ხედვა, რომელიც მიმართული იქნება არსებული გამოწვევების დაძლევასა და ქვეყანაში შემოქმედებითი პროცესის ჰარმონიზაციისა და განვითარებისკენ“, – განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.