სამშაბათი, დეკემბერი 30, 2025

ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენი მოქალაქეები იქნებიან იმ სიკეთის მიმღები, რასაც ევროპის მოქალაქეები იღებენ

სოციალური უფლებებისა და სოციალური მომსახურების მიწოდების პროცესის გაუმჯობესების, ასევე შრომითი უფლებების მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობის დახვეწის ხელშეწყობის მიზნით ევროპის საბჭო ახალ პროექტს – „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“, იწყებს.

პროექტის ონლაინ პრეზენტაცია ჯანდაცვის სამინისტროში დღეს გაიმართა. ღონისძიება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების დირექტორმა ქრისტოფ პუარელმა გახსნა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ეფექტური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

„სახელმწიფომ უკანასკნელი წლების განმავლობაში რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და რეფორმები განახორციელა, განსაკუთრებით კი, შრომითი უფლებების დაცვის კუთხით. თუმცა, თავიდანვე ცხადი იყო საჭირო იყო დამატებით გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები და მათი პრაქტიკაში განხორციელების უზრუნველყოფა. 2013 წლის ე.წ. პირველ ტალღას მოჰყვა 2019 წლის 19 თებერვალს ცვლილებები კანონმდებლობაში, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა დამსაქმებლის ვალდებულება დაიცვას პირთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი და დაზუსტდა შევიწროებისა და სექსუალური შევიწროების ცნებები არსებულ კანონმდებლობაში და სხვ.

ეს იყო პირველი ეტაპი სახელმწიფოს მხრიდან შეესრულებინა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, რასაც გაგრძელება მოჰყვა და 2020 წლის 29 სექტემბერს შრომის კანონმდებლობაში ცვლილებებმა მოიცვა შრომის სამართალს მიკუთვნებული ყველა დირექტივის მოთხოვნა. უკანასკნელი ცვლილებები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შრომით უფლებებს და ქმნის არა მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე დაცვის არამედ სათანადოდ აღსრულების გარანტიებს, რაც გულისხმობს დამოუკიდებელი, აღმასრულებელი უწყების შრომის ინსპექციის შექმნას.

გარდა ამისა, საქართველო როგორც ევროპის სოციალური ქარტიის წევრი ქვეყანა იღებს ვალდებულებას, რომ იბრძოლებს ეკონომიკური და სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად. საქართველოს მიერ ამჟამად რატიფიცირებულია „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-19 მუხლის, 63-ე პუნქტი, რითაც სახელმწიფომ აიღო მთელი რიგი ვალდებულებები, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, უმაღლესი და პროფესიული განათლების, კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებთან და სხვა უფლებებთან.

ყველა ის მიმართულება, რასაც ევროპის საბჭოს ახალი პროექტი ისახავს მიზნად, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისათვის, ვინაიდან შესაბამისი უწყებების შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა ამ პროცესის უაღრესად აუცილებელი და მნიშვნელოვანი ნაწილია. დასასრულს შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სახელმწიფო სისტემურად მიუდგა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს და ყოველდღიურად ძალიან აქტიური ნაბიჯებს დგამს შრომის უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების განმტკიცების მიმართულებით. ბუნებრივია, ყოველივე აღნიშნული არ გვაძლევს მოდუნებისა და თვითკმაყოფილების საშუალებას. ვაცნობიერებთ, რომ ეს არის ხანგრძლივი პროცესი და ამ პროცესს სჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა, რათა ქვეყანაში ღირსეულად და სათანადოდ იყოს დაცული შრომის უფლებები, შეიქმნას უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო, რაც თავის მხრივ წარმოადგენს შრომის პროდუქტიულობის ამაღლებისა და ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების საფუძველს. შრომის პროდუქტიულობის ამაღლება და შესაბამისი გარემო ნამდვილად არის როგორც დასაქმებულების, ისე ბიზნესის კეთილდღეობის მყარი გარანტი.

ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ყოველივე ამის პარალელურად გვაქვს საკმაოდ ამბიციური წამოწყება, რაც გულისხმობს საქართველოში სოციალური კოდექსის შემუშავებას. ამასთან მიმართებაში ევროკავშირის ქვეყნებისა და უცხოელი პარტნიორების ჩართულობით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ორი მიმართულება ერთმანეთთან მოვა ისეთ თანხვედრაში, რომელიც საბოლოო ჯამში, მოგვცემს ჩვენი მოქალაქეებს სრულ დაცულობასა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა უმაღლეს ხარისხში იქნება აყვანილი.

მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ აქტიური ჩართულობისთვის, თქვენი მხარდაჭერისთვის და ჩვენი მხრიდან, კიდევ ერთხელ, დავაფიქსირო მზაობა – მაქსიმალურად მოხდეს თითოეული პუნქტისა და საჭიროების დაახლოება ევროპულ კანონმდებლობასთან, ევროპული ოჯახის ხედვებთან. დარწმუნებული ვარ, საქართველო შეძლებს, ყველაფრის ისე აღსრულებას, რომ ჩვენი მოქალაქეები იქნებიან იმ სიკეთის მიმღები, რომელსაც ევროპელი მოქალაქე იღებს“ , – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის სახელმწიფო რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობა დონალდ ტრამპის წინააღმდეგაც იყო მიმართული

ეს ტერორისტული აქტია, რომელიც მოლაპარაკებების ჩაშლისკენ არის მიმართული, – ასე ეხმაურება კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, კიევმა ვლადიმერ პუტინის სახელმწიფო რეზიდენციაზე თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატით სცადა.პესკოვის თქმით, ეს ქმედება არა მხოლოდ ვლადიმერ პუტინის, არამედ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგაც იყო მიმართული.„ეს მართლაც ტერორისტული აქტია, რომელიც მოლაპარაკებების ჩაშლისკენ არის მიმართული. მინდა, გავიხსენო ზელენსკის საშობაო მიმართვა, რაც მან პუტინის და ასევე, ტრამპის წინააღმდეგ თქვა. ეს უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ხელშეწყობას, პრეზიდენტ ტრამპის მცდელობებისთვის ძირის გამოთხრას ისახავს მიზნად“, – აცხადებს კრემლის პრესსპიკერი და აღნიშნავს, რომ „ტერორიზმის აქტი“ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ნდობის დონეს ვერ შეამცირებს.ამასთან, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კიევის რეჟიმის ქმედებების დიპლომატიური შედეგები რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოლაპარაკებებში უფრო მკაცრი პოზიციის ჩამოყალიბება იქნება.„ბუნებრივია, პოზიციას საჯაროდ არ გამოვაცხადებთ. რუსეთი არ ტოვებს მოლაპარაკებების პროცესს და რა თქმა უნდა, გააგრძელებს მოლაპარაკებებსა და დიალოგს, პირველ რიგში ამერიკელებთან. რაც შეეხება პრეზიდენტის ადგილსამყოფელს, ამჟამინდელ პირობებში, ეს საკითხი საჯარო განხილვის საგანი არ არის“, – აღნიშნა პესკოვმა.ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, 28-29 დეკემბერს კიევმა ვლადიმერ პუტინის სახელმწიფო რეზიდენციაზე თავდასხმა 91 უპილოტო საფრენი აპარატით სცადა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე სავარაუდო თავდასხმის შესახებ ვლადიმერ პუტინისგან შეიტყო – „ეს კარგი არ არის, სულ სხვა რამაა მის სახლზე თავდასხმა“.ამასთან, ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) განცხადებით, მტკიცებულება, რომ უკრაინამ ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა განახორციელა, არ არსებობს.

მარიამ ქვრივიშვილი – ენერგეტიკის სექტორისთვის ჯარიმების პატიება არის ამ დარგის მნიშვნელობის ხაზგასმა და იმის აღიარებაც, რომ შესაძლებელია, სახელმწიფოს მხარესაც არაერთი გამოწვევა იყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორის სწრაფი განვითარებისთვის საქართველოს მთავრობამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ჯარიმების პატიებით და ეს არის საფუძველი იმისთვის, რომ ახალი,  სუფთა ფურცლიდან დაიწყოს და გაგრძელდეს  ურთიერთთანამშრომლობა სახელმწიფოსა და ენერგეტიკის სექტორს შორის. ამ საკითხებზე მინისტრმა განახლებადი ენერგეტიკის სექტორის  წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც 2025 წლის შედეგები შეაჯამა.„სახელმწიფოს მხრიდან ეს არის ძალიან მკაფიო დემონსტრირება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი სექტორია ენერგეტიკა, მათ შორის, ეს არის აღიარებაც, რომ, შესაძლებელია,  სახელმწიფოს მხარესაც იყო არაერთი გამოწვევა, მათ შორის, გვქონდა კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ძალიან პასუხისმგებლიანი ინვესტორი მიმართავდა შესაბამის უწყებებს, მხოლოდ მხარდაჭერის გადავადებისთვის ან რიგი საკითხებისათვის და ამაზე რეაგირება ან დროული არ იყო, ან საერთოდ არ იყო. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, სადაც გავითვალისწინეთ ენერგეტიკის დარგის სწრაფი განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ბარიერი, რასაც სექტორისგან ვისმენდით“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.მინისტრის შეფასებით,  სექტორთან მუშაობის პროცესში  იდენტიფიცირებული, მთავარი გამოწვევა სწორედ ჯარიმების კომპონენტი იყო, რის გამოც ენერგეტიკული პროექტების უდიდესი ნაწილი შეფერხებული იყო.  მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, მას შემდეგ,  რაც ჯარიმების პატიებით ენერგეტიკის სექტორთან ურთიერთობაში ყველაზე დიდი ბარიერი  მოიხსნა, ბოლო რამდენიმე კვირაა, სამინისტრო აქტიურად ამუშავებს დიდი ოდენობის მომართვიანობას შესაბამისი კატეგორიის მემორანდუმების გაფორმებაზე, რომლებიც ეხება ენერგეტიკული პროექტების კვლევას, მშენებლობას და სხვა.„ენერგეტიკის სექტორთან ძალიან აქტიურად იმუშავა სამინისტროსა და მის სისტემაში შემოსულმა ახალმა გუნდმა იმისთვის, რომ სწორი შეფასებები გაგვეკეთებინა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საქველმოქმედო აქციათა ციკლი დაიწყო

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, წინასაახალწლო ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, საქველმოქმედო აქცია მოხუცებულთა სახლ „იმედიდან“ დაიწყო, სადაც 35 ბენეფიციარს პროდუქტები, პირველადი დახმარებისა და ჰიგიენის ნივთები გადასცეს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივითა და მხარდაჭერით, წინასაახალწლო საქველმოქმედო ღონისძიებები, რომელიც მიზნად ისახავს ხანდაზმულთა მხარდაჭერას, ტრადიციულად იმართება. ისევე როგორც წინა წლებში, ამჯერადაც ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ, ფაკულტეტის წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა და სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ პანსიონატ „იმედის“ ბენეფიციარებს ჰუმანიტარული პაკეტები გადასცეს.სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მსგავსი აქტივობებით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აკადემიური საზოგადოების როლს საზოგადოებრივი სოლიდარობის გაძლიერებასა და ჰუმანური ღირებულებების დამკვიდრებაში. პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, უნივერსიტეტის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობა ხელს უწყობს სტუდენტებში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სოციალური ჩართულობის კულტურის განვითარებას, საქველმოქმედო ღონისძიებები კი იქცევა განათლებისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ურთიერთკავშირის მნიშვნელოვან მაგალითად. „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის საქველმოქმედო ღონისძიებები არ წარმოადგენს ერთჯერად აქტივობას, არამედ ის არის უნივერსიტეტის სოციალური პასუხისმგებლობის სისტემური გამოხატულება. მსგავსი, უკვე ტრადიციად ქცეული ინიციატივა ემსახურება როგორც მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას, ასევე სტუდენტებისა და აკადემიური საზოგადოების ღირებულებათა ერთიანობის გაძლიერებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტების ჩართულობა, რადგან სწორედ ამ გზით ყალიბდება მათში სოციალური პასუხისმგებლობა, თანაგრძნობა და მოქალაქეობრივი თვითშეგნება. უნივერსიტეტი, როგორც საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ინსტიტუტი, ვალდებულია იყოს აქტიური მონაწილე იმ პროცესებში, რომლებიც ადამიანურ ღირსებასა და სოლიდარობას ეფუძნება. მადლობას ვუხდი თითოეულ სტუდენტს, თანამშრომელს აქციაში ჩართულობისთვის, რექტორს კი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის“, - განაცხადა პროფესორმა თალიკო ჟვანიამ.როგორც სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ აღნიშნა, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, სტუ-ის ფაკულტეტები, „ქალთა ასოციაციასთან“ ერთად, წინასაახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას ატარებენ.„ქალთა ასოციაციისთვის მსგავსი შეხვედრები მხოლოდ დახმარების გაწევა არ არის - ეს არის ადამიანური ურთიერთობის, ყურადღებისა და თანაგრძნობის გამოხატვა. ხანდაზმულ ადამიანებთან პირადი კონტაქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათთვის არანაკლებ ფასეულია სითბო, ვიდრე მატერიალური დახმარება. წინასაახალწლო პერიოდში ასეთი ინიციატივები გვახსენებს, რომ საზოგადოებრივი ერთიანობა იწყება თითოეული ადამიანის მიმართ ზრუნვით. სწორედ ეს არის ქალთა ასოციაციის მთავარი მისია. მადლობა მინდა გადავუხადო ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტს თანამშრომლობისთვის, რექტორს კი მუდმივი მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა ქალთა საუნივერსიტეტო ასოციაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ.სტუ-ის ინფორმაციით, საქველმოქმედო ღონისძიებები გაგრძელდება და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფზე იქნება ორიენტირებული.

ეროვნული ბანკი – 2025 წლის პირველ სამ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი პროცენტულად მშპ-თან ისტორიულად დაბალ მაჩვენებელზეა და მშპ-ს 2.1 პროცენტს შეადგენს

საქართველოს ეროვნული ბანკი საგადასახდელო ბალანსის განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს.საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის პროფიციტმა 338.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისი მშპ-თან ფარდობა წლიურ ჭრილში 3.5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და მშპ-ს 3.3 პროცენტს მიაღწია.„აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მომსახურების ბალანსმა. კერძოდ, წლიურ ჭრილში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების (ICT) ექსპორტი, რომლის ზრდის ტემპმა 88.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო მისი მშპ-თან ფარდობა 2.9 პროცენტს უტოლდება. გაზრდილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც წლიურად 6.6 პროცენტით და მისი მშპ-თან ფარდობა 16.1 პროცენტს შეადგენს. მიმდინარე ანგარიშის მშპ-თან ფარდობის გაუმჯობესებაში ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო შემოსავლების ანგარიშის გაუმჯობესებაც.რაც შეეხება 2025 წლის პირველი სამი კვარტლის ჯამურ მაჩვენებლებს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2.1 პროცენტს შეადგენს, რაც ისტორიულად დაბალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ პირველი სამი კვარტლის განმავლობაში, მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქონლის სავაჭრო ბალანსმა. კერძოდ, საქონლის ექსპორტი წლიურად გაიზარდა 8 პროცენტით, ხოლო იმპორტის ზრდის ტემპმა  6.3 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო დეფიციტის მშპ-თან ფარდობა კი 1.1 პპ-ით გაუმჯობესდა და 18.3% შეადგინა. ამასთანავე, მომსახურებისა და შემოსავლების ფორმირების ანგარიშებიც დადებითად აისახა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.სებ-ის ცნობით, მიმდინარე ანგარიშის დაფინანსების ერთ-ერთი ძირითადი წყარო კვლავ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია, რომლის მოცულობა 2025 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით მშპ-თან 4.7 პროცენტს შეადგენს.„წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.ცნობისთვის, საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია“, შესაბამისად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას აკადემიკოს სერგი ჯიქიას ოჯახმა მეცნიერის წიგნებისა და გამოცემების უნიკალური ფონდი გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში ცნობილი აღმოსავლეთმცოდნის, საქართველოში თურქოლოგიის ფუძემდებლის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის - სერგი ჯიქიას წიგნებისა და გამოცემების უნიკალური ფონდის გამოფენა მიმდინარეობს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, აკადემიკოს სერგი ჯიქიას წიგნების უნიკალური ფონდი საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკას მისმა ოჯახმა გადასცა, რაც მნიშვნელოვანი წვლილია ქართული სამეცნიერო მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და მომავალი თაობებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის.სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილია აკადემიკოს სერგი ჯიქიას პირადი ბიბლიოთეკის ნაწილი, რომელიც მოიცავს იშვიათ გამოცემებს, სამეცნიერო ნაშრომებსა და აღმოსავლეთმცოდნეობისა და თურქოლოგიის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ლიტერატურას.პროფესორ ვაჟა პაპასკირის განცხადებით, ფონდი განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს როგორც მკვლევართათვის, ისე სტუდენტებისა და ფართო აკადემიური საზოგადოებისათვის.„აკადემიკოს სერგი ჯიქიას წიგნებისა და გამოცემების უნიკალური ფონდის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკისთვის გადმოცემა განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა. აღნიშნული კოლექცია არა მხოლოდ ასახავს ქართველი მეცნიერის მრავალწლიან სამეცნიერო მოღვაწეობას, არამედ წარმოადგენს ღირებულ წყაროს აღმოსავლეთმცოდნეობისა და თურქოლოგიის სფეროში მომავალი კვლევებისთვის. მსგავსი ფონდების დაცვა, კვლევითი პროცესისთვის ხელმისაწვდომობა და მათი ინტეგრირება აკადემიურ გარემოში ბიბლიოთეკის ერთ-ერთ უმთავრეს მისიას წარმოადგენს, რაც ხელს უწყობს როგორც ეროვნული სამეცნიერო მემკვიდრეობის შენარჩუნებას, ისე მისი შემდგომი განვითარებისთვის მყარი საფუძვლის შექმნას”, - აცხადებს ვაჟა პაპასკირი.როგორც დიდი მეცნიერის შვილიშვილი, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ანა ჯიქია აღნიშნავს, ოჯახისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ინიციატივას - უნივერსიტეტში ჩამოყალიბდეს აკადემიკოს სერგი ჯიქიას სახელობის უნიკალური ფონდი, რომლის საფუძველსაც მისი პირადი სამეცნიერო ბიბლიოთეკა წარმოადგენს.„სერგი ჯიქია იყო არა მხოლოდ ქართული თურქოლოგიის ფუძემდებელი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, არამედ მეცნიერი, რომელმაც ქართული და თურქული აკადემიური სივრცეები ერთმანეთთან მჭიდროდ დააკავშირა. მისი მიერ მომზადებული და გამოცემული „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“ დღემდე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროდ რჩება საქართველოს ისტორიის, ოსმალური ადმინისტრაციული სისტემისა და კავკასიის ისტორიული პროცესების კვლევისთვის. მიმაჩნია, რომ აკადემიკოსის უნიკალური ბიბლიოთეკის უნივერსიტეტისთვის გადაცემა და მის საფუძველზე სპეციალური ფონდის შექმნა იქნება არა მხოლოდ მემორიალური, არამედ მკვეთრად პრაქტიკული და კვლევითი მნიშვნელობის მქონე ნაბიჯი. ამ ფონდის ფარგლებში „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ რამდენიმე ფურცლის ჩვენება ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და მკვლევრების უშუალო კონტაქტს პირველწყაროებთან და გააძლიერებს ისტორიულ-დოკუმენტურ ცნობიერებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ფონდი უნივერსიტეტისთვის გახდება შინაარსობრივი პლატფორმა თურქ კოლეგებთან აკადემიური თანამშრომლობის გასაღრმავებლად. სერგი ჯიქიას ნაშრომები თურქოლოგიისა და ოსმალური კვლევების სფეროში დღესაც ავტორიტეტულ და საყრდენ წყაროდ მიიჩნევა, რაც ქმნის ბუნებრივ საფუძველს ერთობლივი კვლევების, პროექტებისა და სამეცნიერო დიალოგისთვის. ჩემთვის ეს ინიციატივა პირადი მნიშვნელობის მატარებელიცაა: მე ვარ აკადემიკოს სერგი ჯიქიას შვილიშვილი, რომელმაც სწავლა, აკადემიური ხარისხის დაცვა და შემდგომი სამეცნიერო საქმიანობა სწორედ ამ უნივერსიტეტში განახორციელა. უნიკალური ფონდის შექმნა ამ სივრცეში ჩემთვის სიმბოლურადაც და პროფესიულადაც ასახავს აკადემიური ტრადიციის, თაობებს შორის უწყვეტობისა და უნივერსიტეტის ღირებულებების თანხვედრას. ვფიქრობ, რომ აკადემიკოს სერგი ჯიქიას სახელობის ფონდი გახდება უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის გამაძლიერებელი, მისი აკადემიური იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობისთვის ღირებული საყრდენი“, - აცხადებს ანა ჯიქია.

ბოლო სიახლეები