რეფორმის მეორე ნაწილი დაწყებულია და გულისხმობს კლინიკების მართვის ჰოლდინგის გაძლიერებას. რესპუბლიკური საავადმყოფოს, ბათუმის რესპუბლიკურის, რუხის საავადმყოფოს და ასევე ქუთაისის ჩხობაძის სახელობის კლინიკის ბაზაზე დავიწყეთ რეაბილიტაციისა და აღჭურვის პროცესი, – ეს განცხადება, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა.
„პირველ რიგში რეფორმის მეორე ნაწილი გულისხმობს, ექიმებისთვის უწყვეტ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათი შესაფერისი სამუშაო ადგილების უზრუნველყოფას, შესაბამისი ანაზღაურებით. ეს პროცესი დაწყებულია და საერთო ჯამში ერთიდან ორ წლამდე ვადაში ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ, შედეგებზე, ეს რეფორმები ერთობლივად რას მისცემთ ადამიანებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხდა, რომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმაში ჩართული იქნება კერძო სექტორიც. „აქ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს აქვს უფრო მეტად დაცული ბალანსი. ჩვენი მზად ვართ თანამშრომლობისთვის. მნიშვნელოვანია ასევე კერძო სექტორში ჰოსპიტალური სექტორის ჩართულობა, ვინაიდან მიმდინარეობს ტარიფების დადგენის პროცესი, რომელიც ასევე არის რეფორმის გარკვეული ნაწილი და ერთ-ერთი კომპონენტი. სწორედ აქ მათ ჩართულობას აქვს დიდი მნიშვნელობა“, – განაცხადა ტიკარაძემ.