ხუთშაბათი, მაისი 15, 2025

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პროცესი წამოიწყო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პროცესი წამოიწყო.

შესაბამისი გადაწყვეტილება ლუქსემბურგში გამართულ სხდომაზე მიიღეს.

კომიტეტის სხდომაზე უკრაინის წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრს, ქსავიე ბეტელს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წერილი გადასცეს, რომელშიც ის ტრიბუნალის დაფუძნების თხოვნით გამოდის.

სპეცტრიბუნალის შექმნის პროცესის ხელმძღვანელობა ალენ ბერსეს დაევალა.

მედიის ცნობით, ტრიბუნალის შექმნისთვის საჭირო ფორმალური პროცედურები შეიძლება, 2025 წლის ბოლოს, ან 2026 წლის დასაწყისში დასრულდეს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სპეცტრიბუნალის შექმნის ძირითადმა ჯგუფმა, რომელშიც შედის 40-მდე ქვეყანა, ევროკომისია, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახური და ევროპის საბჭო, ტექნიკურ პროექტზე მუშაობა დაასრულა.

პროექტი შედგება სამი მთავარი დოკუმენტისგან: უკრაინასა და ევროპის საბჭოს შორის ტრიბუნალის ფორმირების შესახებ ორმხრივი შეთანხმების ტექსტი, მისი წესდება და შეთანხმება ტრიბუნალის მართვის შესახებ, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა „გაფართოებული ნაწილობრივი შეთანხმება“.

„გაფართოებული ნაწილობრივი შეთანხმება“ ეხება ტრიბუნალის მართვასა და დაფინანსებას. ზოგიერთ ქვეყანას შეეძლება, მას ხელი ავტომატურად მოაწეროს ევროპის საბჭოში თავისი წევრობის საფუძველზე, სხვებს კი დასჭირდებათ დოკუმენტის რატიფიცირება ეროვნულ პარლამენტებში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„სიენენი“ – დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე დასასწრებად თურქეთში გამგზავრებას არ გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე დასასწრებად თურქეთში გამგზავრებას არ გეგმავს.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ თეთრი სახლის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებებისთვის სტამბოლში ჩასვლა არ გამორიცხა.„ხვალინდელი დღე სრულად დაკავებული გვაქვს, მაგრამ მზად ვარ, შევცვალო გრაფიკი, რათა გადავარჩინო სიცოცხლეები“, – აღნიშნა ტრამპმა მანამდე.ცნობისთვის, დონალდ ტრამპი ოფიციალური ვიზიტით ახლო აღმოსავლეთში იმყოფება. 13 მაისს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩავიდა, 14 მაისს კატარს ეწვია და შეხვედრებს 15 მაისს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაასრულებს.ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სტამბოლში მოლაპარაკებებზე წარდგენილი დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა. სიიდან ირკვევა, რომ თურქეთში თავად ვლადიმერ პუტინი არ ჩავა.

„უნდა გადავეჩვიოთ იმას, რომ რაკი ვინმე უცხოელია, აუცილებლად სწორს უნდა ამბობდეს. ყველა უცხოელი იცავს საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებს“ – მაია ბითაძე

უნდა გადავეჩვიოთ იმას, რომ რაკი ვინმე უცხოელია, აუცილებლად სწორს უნდა ამბობდეს. ყველა უცხოელი იცავს საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებს - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.როგორც ბითაძემ აღნიშნა, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, საქართველოს დიდი გამოწვევები უდგას, ამიტომ მნიშვნელოვანია, ქვეყანამ, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესები დაიცვას."როგორც საქართველოს მოქალაქეს, მეამაყება, რომ ვარ იმ პარლამენტის წევრი, რომელმაც პირველად გაბედა და ხმა აიმაღლა საპარლამენტო განცხადების დონეზე და პასუხი გასცა სხვა ქვეყნის პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც სიცრუით იყო გაჯერებული. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ, რომ ჩვენ ვართ ამ პლანეტის დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეები, იმ სახელმწიფოსი, რომელიც ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში იმყოფება, ქვეყნის, რომლის 20%-იც არის ოკუპირებული და ამდენი ხანია ბეჭვის ხიდზე გადის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი თავისთვის უნდა შეგეძლოს, რომ პასუხი გავცეთ ყველა იმ ცრუ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიძლება ვინმე ავრცელებდეს და გადავეჩვიოთ იმას, რომ რაკი ვინმე უცხოელია, აუცილებლად სწორს უნდა ამბობდეს. ყველა უცხოელი იცავს საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებს და ჩვენ უკვე გავიზარდეთ ქართველები იმდენად, რომ ეს კარგად გავიაზროთ და დავანებოთ თავი იმ ადამიანების ნდობას, რომელიც კარდაკარ დადის უცხოეთში და აფუჭებს იმას, რაც "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა," - განაცხადა მაია ბითაძემ.

ირაკლი კობახიძე – აგენტები ცდილობდნენ, მძიმე ფონი შეექმნათ, თუმცა იმდენად კარგი ტენდენციები გვაქვს, რომ სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2029 წლის ჩათვლით, მსოფლიოში მე-2 ადგილზე ვიქნებით...

ე.წ. ექსპერტებს აკეთებინებდნენ კოორდინირებულ ნეგატიურ განცხადებებს ეკონომიკაზე, მათი მეშვეობით ცდილობდნენ, შეექმნათ ნიჰილიზმი, ვინაიდან ცნობილია, რომ განწყობა აისახება ხოლმე ეკონომიკურ მონაცემებზე, აგენტი უნდა იყო, რომ ეს გააკეთო და ასე ავნო შენს ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, მიუხედავად აგენტურის მცდელობებისა, ქვეყანას აქვს ძალიან კარგი მაჩვენებელი ყველა მიმართულებით, სავალუტო ფონდის პროგნოზით კი, 2029 წლის ჩათვლით, საქართველო იქნება მსოფლიოში მე-2 ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.„ჩამოიყვანესკონკრეტული ადამიანები, ე.წ. ექსპერტები საზღვარგარეთიდან, სინამდვილეში არავითარი ექსპერტები ისინი არ იყვნენ, იყვნენ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები თავის დროზე და მათი მეშვეობით ცდილობდნენ, შეექმნათ მძიმე ფონი, ნიჰილიზმის განწყობა დაემკვიდრებინათ ეკონომიკურ ტენდენციებთან დაკავშირებით, ესეც აჩვენებს, რამდენად მძიმეა აგენტის ხვედრი. ერთ-ერთი ასეთი ე.წ. ექსპერტის ციტატა იყო, პირდაპირ ამბობდა, ეს იყო იანვარში, რომ 3 თვეში ლარის კურსი იქნებოდა მინიმუმ 3.1, ინფლაცია კი, მინიმუმ 6 %, თუ 8 %, გვექნებოდა ეკონომიკური ვარდნა და ა.შ. აღარ მინდა, შორს წავიდე. ასეთი პროგნოზები გააკეთებინეს, თუმცა 3 თვეზე მეტი გავიდა უკვე. მიზეზი ამ ყველაფრისა იყო ის, რომ ზოგადად განწყობა აისახება ხოლმე ეკონომიკურ და სხვა ტიპის მონაცემებზე. შესაძლოა, განწყობის შექმნის ხარჯზე შენ ხელოვნურად შეუწყო ხელი კურსის დევალვაციას, ან შეიძლება შეაფერხო ეკონომიკური ზრდა. ზოგადად, როდესაც განწყობა საზოგადოებაში არის მძიმე, ამ შემთხვევაში, ნაკლებია მოტივაცია, რომ შეიძინონ პროდუქტი, ეს აგდებს ეკონომიკურ აქტივობას და ა.შ. სწორედ, ამაზე იყო გამიზნული ასეთი განცხადებები, ე.წ. ექსპერტებს აკეთებინებდნენ კოორდინირებულად ნეგატიურ განცხადებებს ეკონომიკაზე. აგენტი უნდა იყო, რომ ასეთი განცხადებები გააკეთო, ცდილობ, ავნო შენს ქვეყანას ნეგატიური განწყობის შექმნით. მათი ე.წ. პროგნოზები არ შესრულდა, ლარის კურსი არის არა 3.1-ზე მეტი, არამედ 2.75-ის ფარგლებში, მადლობა ეროვნულ ბანკს იმ ძალისხმევისთვის, რომელიც გასწია ამ ყველაფრისთვის. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სერიოზული რეზერვები დავაგროვეთ ჩვენ ამ ბოლო თვეების განმავლობაში. მანამდე გვიწევდა რეზერვების გაყიდვა, გასული წლის მეორე ნახევარში განსაკუთრებით, წელს კი პირიქით, დავიწყეთ რეზერვების დაგროვება და მადლობა ამისათვის ეროვნულ ბანკს და მის ხელმძღვანელობას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, მათი ე.წ. პროგნოზი იყო მინუსი, ეს იყო ჩვეულებრივი დაკვეთა და ჩვენ, პირველი კვარტლის მონაცემებით, გვაქვს 9%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა. ასევე, 3 %-ის ფარგლებში გვაქვს ინფლაცია, რაც ოპტიმალური მაჩვენებელია, ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ის, თუ ეს აგენტურა რა განწყობის დათესვას ცდილობდა და საით ცდილობდა ეკონომიკური ტენდენციების წაყვანას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ბოლომდე დავიცვათ ხალხის ინტერესი. ეს ყველაფერი პირდაპირ ხალხზე აისახება, ეს ხომ არ არის ის, რომ შეიძლება მარტო ხელისუფლება, ან ხელისუფლებაში ვიღაც შეასუსტოს. როდესაც ნელდება ეკონომიკური ზრდა, ეს პირდაპირ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე, მართლა აგენტი უნდა იყო, რომ ასეთი რაღაც გააკეთო და სცადო. თუმცა ეს არის აგენტის ხვედრი და თუ ხარ აგენტი, ნებისმიერ დავალებაზე ხარ იძულებული, რომ ხელი მოაწერო, ზუსტად ეს ხდება ამ კონკრეტული ადამიანების შემთხვევაში. გაგრძელდება ზრუნვა ეკონომიკურ განვითარებაზე, ეს არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ჯერ კიდევ 9 000 აშშ დოლარს ცოტათი აღემატება ჩვენი მშპ, ჩვენი ეკონომიკა. ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით საშუალო ეკონომიკურ მაჩვენებელს, რაც არის ევროპაში, თუმცა ის ტენდენციები, რაც გვაქვს, გვაძლევს სერიოზული ოპტიმიზმის საფუძველს და არის ასევე სავალუტო ფონდის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, 2029 წლის ჩათვლით, ჩვენ ვიქნებით მე-2 ადგილზე მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. ანუ, იმდენად კარგია ტენდენცია, რომ ამ ტენდენციიდან გამომდინარე და საერთო ეკონომიკური და ფისკალური მონაცემებიდან გამომდინარე, გვაქვს სავალუტო ფონდის მხრიდანაც ასეთი საინტერესო პროგნოზი. აღსანიშნავია, რომ ჩვენ, სავალუტო ფონდის პროგნოზებსაც ყოველთვის ვასრულებდით ხოლმე გადაჭარბებით და ვფიქრობთ, რომ, მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი წლების განმავლობაში სავალუტო ფონდის პროგნოზებს გადაჭარბებით შევასრულებთ,“- განაცხადა პრემიერმა.

ზურაბ პოლოლიკაშვილი – კარგი იქნება, თუ ირაკლი კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა – გამოვიდეს და თქვას რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა

ზურაბ პოლოლიკაშვილი აცხადებს, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის გაწვევის გადაწყვეტილება მასთან შეთანხმებული არ იყო.ამის შესახებ ის „ფორმულასთვის“ გაგზავნილ წერილში საუბრობს და ითხოვს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახსნას, რატომ გააკეთა ეს და „რაში გაცვალა“ მისი კანდიდატურა.„ალბათ, უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ... 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგერთვებით. მანამდე ის, რომ ეს ჩემი სურვილი იყო ან შეთანხმებული ჩემთან, არის დიდი ტყუილი. კარგი იქნება, თუ კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა ეს... 3 კვირაა და მეტი ვწერ, ვურეკავ და იმალება, გამოვიდეს და თქვას რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა! მე არ წარმოვადგენ არც deep states და არც გლობალურ ომის პარტიას - მე ვარ ქართველი გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივანი“, - აღნიშნავს ის წერილში, რომელსაც "ფორმულა" ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე – ალბანეთში, სამიტზე ერთადერთი საკვანძო, ძირითადი გზავნილი, რაც შეიძლება გვქონდეს,არის სამართლიანი დამოკიდებულება ჩვენი ხალხისა და ქვეყნის მიმართ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადებით, ალბანეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეექვსე სამიტი ერთდღიანია და შეხვედრები დერეფნებსი იმართება.„ფორმატს რაც შეეხება, არის ერთდღიანი საკმაოდ დატვირთული. ერთადერთი, სადაც შეიძლება იქ შეხვედრები გაიმართოს, არის დერეფნები, ასეც ხდება ხოლმე. დერეფნებში, როგორც წესი, ხვდებიან ერთმანეთს ლიდერები და ამას ყოველთვის ვაკეთებთ ჩვენც. როგორც წესი, გამორიცხულია, ასეთი სესიის დროს არ მოგეცეს, სულ მცირე, ექვს-შვიდ ლიდერთან გასაუბრების საშუალება. ჩვენ არც მოგვითხოვია შეხვედრები, მაგრამ ადგილზე ვეცდებით, ყველას გავესაუბროთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.კითხვაზე, ლიდერებთან შეხვედრისას, რა იქნება მთავარი გზავნილები, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მის მიერ გავრცელებულ წერილში გახმოვანებულია სწორედ ის გზავნილები, რაც საქართველოს აქვს.„პრეზიდენტს ტრამპის მიმართ და ვიცე-პრეზიდენტის მიმართ გავრცელებულ ღია წერილში ჩვენ რაც გავახმოვანეთ, ეს არის ძირითადად ჩვენი გზავნილები. ჩვენ ვითხოვთ ერთადერთ რამეს, ეს არის სამართლიანობა ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის მიმართ. ძალიან ბევრი ბრძოლა გვაქვს, ოთხი ომი გვაქვს გამოვლილი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, გვაქვს გამოვლილი ასევე არაერთი საერთაშორისო მისია. ჩვენი 32 ჯარისკაცი დაიღუპა საერთაშორისო მისიებში, სადაც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ჯარისკაცი გვყავდა წარმოდგენილი, იგივე ავღანეთი რომ ავიღოთ, აბსოლუტურ მაჩვენებლებში მეოთხე ადგილზე ვიყავით ჩვენი მისიით. ამხელა წვლილი გვაქვს შეტანილი საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში, ასეთი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, სად არის დაფასება. არავითარი დაფასება. რაც შეეხება დემოკრატიას, ამხელა პროგრესი განიცადა ქვეყანამ ამ 12 წლის განმავლობაში, სად არის ამის დაფასება. არავითარი დაფასება, არავითარი გათვალისწინება. ერთადერთი გზავნილი რაც შეიძლება გვქონდეს, საკვანძო, ძირითადი გზავნილი, ჩვენ ხომ ზედმეტს არაფერს არ ვითხოვთ, ეს არის სამართლიანი დამოკიდებულება ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის მიმართ. ამაზე შეიძლება ყველასთან საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები