უნგრეთის მმართველი პარტია „ფიდესი“ გეგმავს საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც ქვეყნიდან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების გაძევებას ითვალისწინებს, თუ ხელისუფლება ჩათვლის, რომ ისინი სუვერენიტეტისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას.
დაგეგმილი ცვლილებების შესახებ პარლამენტში „ფიდესის“ ჯგუფის ლიდერმა, მატე კოჩიშმა განაცხადა.
„უნგრეთის მოქალაქე, რომელსაც ასევე აქვს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა, შესაძლოა, გაძევებული იყოს უნგრეთის ტერიტორიიდან კანონით განსაზღვრული პირობებით, თუ ის ან მისი საქმიანობა საფრთხეს უქმნის უნგრეთის ეროვნულ სუვერენიტეტს, საზოგადოებრივ წესრიგს, ტერიტორიულ მთლიანობას ან უსაფრთხოებას“, – დაწერა კოშიჩმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.
როგორც „ევრონიუსი“ აღნიშნავს, მმართველი პარტიის წარმომადგენელმა მიანიშნა, რომ აღნიშნული ზომა შესაძლოა, გამოყენებული იყოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებსაც მთავრობა უცხოური ინტერესების გამტარებლად მიიჩნევს.
„ბოლო წლებში უცხოური ძალები და სპეკულანტები სულ უფრო ხშირად არაკეთილსინდისიერად და ფართოდ ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, მათ შორის საარჩვენო პროცესშიც კი და ასევე აქტიურად იყვნენ ჩართული უნგრეთის წინააღმდეგ ევროპის მასშტაბით ცილისმწამებლურ კამპანიაში. ისინი ამას ფსევდო სამოქალაქო ორგანიზაციების, კორუფციული პოლიტიკოსების და მედიაორგანიზაციების საშუალებით აკეთებდნენ, რომლებიც საკუთარ თავს დამოუკიდებელს უწოდებენ“, – აღნიშნა კოჩიშმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტივისტები შიშობენ, რომ ახალი ცვლილებებით შესაძლოა, ქვეყნიდან გაძევება დაემუქროთ პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანისა და მისი მთავრობის კრიტიკოსებს, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ.
„სიტყვებს ვეძებ და ვერ ვპოულობ. მე ვგრძნობ ერთდროულად ბრაზსა და შეშფოთებას. მათმა თითქმის 15-წლიანმა მმართველობამ ბევრი რამისთვის შემამზადა, თუმცა არა იმ ფაქტისთვის, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც განსხვავებულად ფიქრობს და არ არის მხოლოდ უნგრეთის მოქალაქე, შესაძლებელია, გახდეს სამიზნე“, – განაცხადა ორბანის კრიტიკოსმა, ისტორიკოსმა სტეფანო ბოტონიმ, რომელიც უნგრეთისა და იტალიის მოქალაქეობას ფლობს. ბოტონიმ აღნიშნულ ინიციატივას „მასობრივი წითელი ხაზი“ უწოდა.