პარასკევი, ნოემბერი 15, 2024

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი – „უცხოური გავლენისა“ და „ოჯახური ღირებულებების“ კანონების გაუქმების და რეფორმების გარეშე შეუძლებელი იქნება, საქართველომ გაწევრიანების გზაზე პროგრესს მიაღწიოს, რაც მალე მიხვდებიან, მით უკეთესი

„უცხოური გავლენისა“ და ე.წ. ოჯახური ღირებულებების კანონების გაუქმებისა და რეფორმების იმპლემენტაციის გარეშე საქართველოსთვის შეუძლებელი იქნება, მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგარიტის სხინასმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ევროკავშირის გზას ალტერნატივა არ აქვს.

„26 ოქტომბერს 2 მილიონზე მეტმა ქართველმა მისცა ხმა, რათა აერჩია ახალი პარლამენტი. ამ არჩევნებზე, სამწუხაროდ, აღინიშნა სერიოზული დარღვევები, რომელთა შესახებ ცნობები გავრცელდა როგორც არჩევნების მიმდინარეობისას, ისე საარჩევნო კამპანიის დროსაც. მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და პირველ ყოვლისა, გამოვხატოთ გულწრფელი მადლიერება ევროპარლამენტისადმი და შვიდი ევროპარლამენტარისგან შემდგარი დელეგაციისადმი, რომელიც წარმოადგენდა ხუთ პოლიტიკურ ჯგუფს და ხუთ სხვადასხვა ქვეყანას, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოში გამართული არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში. ამ დელეგაციამ წარმოადგინა კრიტიკული კრიტიკული ინფორმაცია დაშინების და ზეწოლით აღსავსე გარემოს შესახებ, რომელიც აღინიშნა არჩევნების პროცესში.

მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ეს არჩევნები ჩამოუვარდებოდა იმ სტანდარტებს, რომელსაც ელოდები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მფლობელი ქვეყნისგან. მმართველმა პარტიამ სარგებელი მიიღო არათანაბარ პირობებში. მათ გამოიყენეს ხელთ არსებული მნიშვნელოვანი რესურსი, რათა მოეხდინათ ომის შიშის ინსტრუმენტალიზაცია და ახდენდა საკუთარი თავი პოზიციონირებას, როგორც ერთადერთი პოლიტიკური ძალისა, რომელსაც შეეძლო სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფა. რეჟიმმა ასევე გაავრცელა დეზინფორმაცია, რომელშიც ამტკიცებდა, რომ საქართველო პროგრესს აღწევდა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და ჩაახშო განსხვავებული მოსაზრებები. ეს ტაქტიკა წარმატებული აღმოჩნდა ოპოზიციის წინააღმდეგ, რომელიც შედარებით დაყოფილი იყო და არ ჰქონდა მმართველი პარტიის მსგავსი რესურსი. არჩევნების შემდეგ რამდენიმე ათასმა ქართველმა გამართა მშვიდობიანი დემონსტრაციები და გააჟღერა უკმაყოფილება არჩევნების შედეგებისადმი და იმის მიმართ, როგორ იყო ჩატარებული ეს არჩევნები. ბევრი მათგანი აფრიალებდა ევროკავშირის დროშებს. ჩვენ როდესაც ვხედავთ ევროპულ დროშებს პროტესტის მონაწილეთა ხელში, ვიცით, რომ ეს ჩვენც გვეხება და არა მარტო ქართველებს.

ამ გადამწყვეტი მომენტის შემდეგ, ევროკომისიის სახელით მინდა, სამ მნიშვნელოვან საკითხს გავუსვა ხაზი. პირველი – ივნისის შემდეგ ევროკავშირმა შემართული პასუხი გასცა საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას. წევრ სახელმწიფოებთან კოორდინაციით ჩვენ დავწიეთ დაბლა პოლიტიკური კონტაქტების დონე და შევაჩერეთ კრიტიკული დახმარება – 30 მილოონი ევრო ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში და 121 მილიონი ევრო მთავრობისადმი პირდაპირი დახმარება. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამის შედეგად ფაქტობრივად შეჩერდა. ეს ზომები ძალაში დარჩება, ვიდრე ხელისუფლება არ შეცვლის კურსს, ამავე დროს, ჩვენ გავაგრძელებთ ურყევ მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისადმი და დამოუკიდებელი მედიისადმი, რომელიც წარმოადგენს, ისევე, როგორც ჩვენთან, დემოკრატიის ფუნდამენტურ შემადგენელს.

მეორე – არჩევნების შემდეგ ევროკავშირმა მკაფიოდ გამოხატა პოზიცია მტკიცე საჯარო განცხადებით, რომელშიც მოუწოდა საქართველოს მთავრობას, უპასუხოს სერიოზული დარღვევების შესახებ ცნობებს. ჩემმა კოლეგამ, ჯოზეფ ბორელმა უკვე დაამატა საქართველოში ჩატარებული არჩევნების საკითხი 18 ნოემბერს დაგეგმილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დღის წესრიგში. ეს მოგვცემს საშუალებას, კიდევ ერთხელ განვიხილოთ შემდგომი ნაბიჯები და მოხდეს შეთანხმება პოტენციურ დამატებით ზომებზე.

და ბოლოს, მესამე – ნებისმიერი სამომავლო თანამშრომლობის განახლება საქართველოს ხელმძღვანელობასთან მოხდება მკაფიო და მკაცრი პირობების საფუძველზე, რომლებიც ასევე გაწერილია ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში. მთავრობამ ხელახლა უნდა დაადასტუროს ერთგულება რეფორმების დღის წესრიგისადმი, მათ შორის ცხრა  ნაბიჯის შესრულებისადმი, რომლებიც იდენტიფიცირებულია კომისიის მიერ. მან ასევე უნდა შეწყვიტოს დეზინფორმაცია, ყალბი ინფორმაცია და ევროკავშირის საწინააღმდეგო სიძულვილის რიტორიკა. ეს კონკრეტული ზომები არ გადაიხედება – „უცხოური გავლენის კანონი“ და ე.წ. ოჯახური ღირებულებების კანონი უნდა გაუქმდეს. ამ კანონების გაუქმებისა და დემოკრატიული რეფორმების იმპლემენტაციის გარეშე საქართველოსთვის შეუძლებელი იქნება, მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. საქართველოს ევროკავშირის გზას ალტერნატივა არ აქვს. პირობები დაწესებულია და მკაფიოა – დემოკრატია და კანონის უზენაესობა. რაც უფრო მალე მიხვდებიან ამას თბილისში, მით უკეთესია“, – განაცხადა სხინასმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – ვფიქრობთ, იმ მიდგომებიდან გამომდინარე, რომელიც აქვს აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ჩვენს ურთიერთობებში ყველაფერი წარიმართება დადებითად

ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ მიდგომებიდან გამომდინარე, რომელიც აქვს აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ყველაფერი წარიმართება დადებითად ჩვენს ურთიერთობებში, ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა-მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაღალი ალბათობით ძალიან მალევე, მომავალი წლიდან მშვიდობა დამყარდება რეგიონში, რის გამოც საქართველოზე წნეხი შემცირდება. „დონალდ ტრამპის არჩევას საქართველოსთვის ექნება მკვეთრად პოზიტიური გავლენა ორი მიზეზის გამო – ერთი არის ის, რომ მაღალი ალბათობით ძალიან მალევე, მომავალი წლიდან მშვიდობა დამყარდება ჩვენ რეგიონში, რის გამოც ჩვენზე წნეხი შემცირდება. ვიდრე ომი დაიწყებოდა უკრაინაში, ასეთი წნეხი არ იყო. სხვადასხვა დროს იყო სირთულეები ურთიერთობებში, მაგრამ ასეთი მძიმე წნეხის ქვეშ ჩვენი ქვეყანა არასდროს ყოფილა, როგორც ის იყო უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. როგორც კი ომი დასრულდება უკრაინაში, ჩვენს რეგიონში, მაშინვე შესუსტდება წნეხი ჩვენს ქვეყანაზე და რა თქმა უნდა, ეს დადებითად აისახება მათ შორის ორმხრივ ურთიერთობებზე, მეორე – ეს არის თავად დონალდ ტრამპის ფაქტორი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ მიდგომებიდან გამომდინარე, რომელიც აქვს აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ყველაფერი წარიმართება დადებითად ჩვენს ურთიერთობებში, ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი. დანარჩენი ჩვენც უნდა ვიმუშაოთ ძალიან აქტიურად. განწყობა არის ოპტიმისტური, დანარჩენი დავუკვირდეთ მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე გვექნება ხელშესახები ცვლილებები ურთიერთობების გაჯანსაღების და გადატვირთვის კუთხით, როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან

ჩვენთვის კვლავაც რჩება მთავარ პრიორიტეტად ურთიერთობების გადატვირთვა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში – „აქტუალური თემა-მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით ელჩი დანიგანის პოზიციას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან მალე იქნება ხელშესახები შედეგები ურთიერთობების გაჯანსაღების და გადატვირთვის კუთხით. „მე არ მინდა აქ სიღრმეში შევიდე. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის კვლავაც რჩება მთავარ პრიორიტეტად ურთიერთობების გადატვირთვა. ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ამ ურთიერთობებში წინა ელჩის პირობებში, გახსოვთ, რაც გამოვიარეთ 2020 წლის ბოლოდან მოყოლებული, 2021 წელს, 2022-ში, 2023-ში, რევოლუციის ორი მცდელობა იყო ამ წლების განმავლობაში. შესაბამისად, ურთიერთობების ის დონე, რომელიც არის დღეს სახეზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ მოგვწონს და ამას სჭირდება თვისებრივი, არსებითი გადატვირთვა. ამაზე ვართ ორიენტირებულები, ამიტომ არ მინდა, სიღრმეებში შევიდე. დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება ძალიან მალე ხელშესახები ცვლილებები ურთიერთობების გაჯანსაღების და გადატვირთვის კუთხით. მე მგონია, რამდენიმე თვეში ძალიან მკაფიოდ გამოჩნდება სერიოზული ძვრები ამ ურთიერთობებში. ჩვენ სამ რამეს ვუკავშირებდით ურთიერთობების გადატვირთვას, ეს იყო ჩვენი არჩევნები, რომელიც უკვე დასრულდა და დასრულდა იმ შედეგით, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება ჯანსაღ ურთიერთობებს საქართველოსა და აშშ-ს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის, დასრულდა ამერიკის არჩევნები და ესეც დასრულდა ისე, როგორც ყველაზე მეტად წაადგება ურთიერთობების გადატვირთვას და დარჩა მესამე საკითხი – ეს არის უკრაინაში ომის დასრულება“,- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გეგმის არარსებობა შედეგია იმის, რომ გაცნობიერებული აქვთ საკუთარი პოზიციების უკიდურესი სისუსტე, არც ხალხის მხარდაჭერა აქვთ, არც საბაბი არჩევნების გაყალბებაზე სასაუბროდ

ოპოზიციის გეგმის არარსებობა სინამდვილეში ერთი რამის შედეგია – მათ გაცნობიერებული აქვთ საკუთარი პოზიციების უკიდურესი სისუსტე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციას აქვს ძალიან სუსტი პოზიციები, ვინაიდან არც საბაბი აქვთ არჩევნების გაყალბებაზე სასაუბროდ და არც ხალხის მხარდაჭერა. „ადრე იყო, ოთხი წლის წინ, დავუშვათ, ადამიანური შეცდომები, ტექნიკური ხარვეზები, დისბალანსები ოქმებში და ა.შ. ახლა ასეთი რამეებიც კი არ არის, ანუ აბსოლუტურად სუფთაა ყველაფერი და ამ კუთხით აქვთ სუსტი პოზიციები. ასევე, მათ მიმართ ხალხის მხარდაჭერა დღეს არის კიდევ უფრო სუსტი, ვიდრე ეს იყო ოთხი წლის წინ. თქვენ იცით, რამხელა სხვაობა იყო ჩვენს შედეგსა და მეორე პოლიტიკურ პარტიას შორის. ეს იყო 890 000 ხმა, ანუ ჩვენმა პარტიამ აიღო 890 000 ხმით მეტი მეორე პარტიასთან შედარებით, 43%-ით მეტი ავიღეთ. ერთი და იგივე რესურსი სჭირდება საარჩევნო წარმატებას და ქუჩაში წარმატებას, ეს არის ხალხის მხარდაჭერა. თუ არ გაქვს ხალხის მხარდაჭერა, ბუნებრივია, ვერც იქ გექნება წარმატება და ვერც აქ და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც არც გეგმა აქვთ, ვინაიდან რაღაც უნდა გიმაგრებდეს პოზიციებს, რომ გეგმა დასახო შენი აქტივობისთვის. გეგმას ზუსტად იმიტომ ვერ სახავენ, რომ არავითარი სიმყარე არ აქვთ საკუთარ პოზიციებში. არც ხალხის მხარდაჭერა აქვთ, არც რაიმე საბაბი არჩევნების გაყალბებაზე სასაუბროდ. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ისინი არიან სუსტად წარმოდგენილნი“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია, სჭირდება სახალხო ლეგიტიმაცია, რომელიც უკვე მიიღო

ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება პარლამენტს, პარლამენტს სჭირდება სახალხო ლეგიტიმაცია, რომელიც ამ პარლამენტმა უკვე მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის ლეგიტიმაცია რომ სჭირდებოდეს რომელიმე პარლამენტს რომელიმე ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ვერცერთი დემოკრატიული სისტემა ვერ იფუნქციონირებდა. „მგონია, რომ ბოლოს ყველა შემოვა პარლამენტში. ეს არის ჩემი პროგნოზი, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამ პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ არავითარი რესურსი, მათ შორის ისინი, პირველ რიგში, პარლამენტს ვერავითარ სიკეთეს ვერ მოუტანენ. იმდენად დესტრუქციულები და რადიკალურები არიან თავიანთი არსით, რომ მათი მონაწილეობა საპარლამენტო ცხოვრებაში მხოლოდ და მხოლოდ კონტრპროდუქტიული იქნება. წინა ოთხი წელი ყველას ახსოვს, მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, მაგრამ ვერაფერი დადებითი ვერ მოუტანეს საპარლამენტო ცხოვრებას, მთლიანად იყო დესტრუქცია, მთლიანად იყო რადიკალიზმი. აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ შემოვლენ პარლამენტში თუ არა, ამით არსებითად არაფერი შეიცვლება. მთავარი არის ერთი რამ – ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება პარლამენტს, პარლამენტს სჭირდება სახალხო ლეგიტიმაცია, რომელიც ამ პარლამენტმა უკვე მიიღო, როდესაც მილიონ 120 ათასი ადამიანი გამოვიდა, მხარი დაუჭირა მმართველ გუნდს, როდესაც მთლიანობაში ორი მილიონ 100 ათასი ადამიანი გამოვიდა და მხარი დაუჭირა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას. ამით შედგა უკვე პარლამენტის ლეგიტიმაცია. ოპოზიციის ლეგიტიმაცია რომ სჭირდებოდეს რომელიმე პარლამენტს რომელიმე ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ვერცერთი დემოკრატიული სისტემა ვერ იფუნქციონირებდა, შესაბამისად, ყველაფერი არის ძალიან მარტივად. შემოვლენ-არ შემოვლენ ეს არის მათ გადასაწყვეტი. პარლამენტის ლეგიტიმაცია არის სახეზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კობახიძის თქმით, ოპოზიციას დღეს არ აქვს ის რესურსი, რაც ჰქონდათ ოთხი წლის წინ. „მაშინ მათ ჰქონდათ რესურსი, რომ ჩვენ იძულების ქვეშ დავმდგარიყავით, შევსულიყავით მოლაპარაკებებში, ხელი მოგვეწერა არასწორ შეთანხმებაზე. ეს იყო შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა კონსტიტუციური ჩარჩოდან ქვეყნის გასვლას. სამი ძირითადი მიზანი ჰქონდა მაშინდელ შეთანხმებას, ერთი იყო სასამართლოზე ოპოზიციის გავლენის დაბრუნება – პირველი, რაც აისახა მაშინდელი აპრილის შეთანხმებაში; მეორე იყო ცესკო-ზე ოპოზიციის კონტროლის უზრუნველყოფა, კონკრეტული მექანიზმები იყო ამასთან დაკავშირებით ჩადებული. პარლამენტი, რეალურად, ვერ ირჩევდა ცესკო-ს თავმჯდომარეს, რადგან იყო საჭირო კვალიფიციური უმრავლესობა, შესაბამისად, ოპოზიციონერი მოადგილე ხდებოდა ავტომატურ რეჟიმში ცესკო-ს თავმჯდომარე. გარდა ამისა, კვალიფიციური უმრავლესობის გამო, პარლამენტი ვერ ირჩევდა ცესკო-ს სხვა წევრებს, ამის გამო, ოპოზიციის ხელში გადადიოდა ცესკო-ში უმრავლესობა. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რა მოხდებოდა ასეთ შემთხვევაში, ანუ ოპოზიციის ხელში რომ ყოფილიყო ცესკო-ს უმრავლესობა და ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობა. ის საბოტაჟი, რასაც ცდილობენ პარლამენტში, მოხდებოდა ცესკო-ში და არჩევნებს დაუკავშირდებოდა. არჩევნები საერთოდ ვერ შედგებოდა იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია წააგებდა არჩევნებს. ამის შემდეგაც გაგრძელდა ზეწოლა ამ თემებთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, „სასამართლოზე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კონტროლის დაბრუნება იყო პირველი მიზანი; მეორე იყო ცესკო-ზე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კონტროლის უზრუნველყოფა და მესამე, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები“. „მაშინ ჩვენ მოგვიწია 43-პროცენტიან ბარიერზე დათანხმება, რაც იყო სრული ნონსენსი, სრული აბსურდი. თვითმმართველობის არჩევნებს დაუკავშირდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი, ამაზეც მოგვიწია დათანხმება. ეს სამი საკითხი გულისხმობდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ქვეყნის გასვლას. მაშინ იყო უფრო ძლიერი ოპოზიცია, გამომდინარე იქიდან, რომ კონტექსტი იყო შესაბამისი, დღეს საერთოდ არაფრის რესურსი არ აქვთ, მათ შორის იმის გამო, რომ, როგორც ცნობილია, ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ. ისინი ახლა ცდილობენ, შევიდნენ ერთ მდინარეში მეორედ, რაც, უბრალოდ, შეუძლებელი და გამორიცხულია. ამიტომ მათ უკვე გაისროლეს ის ტყვიები, რაც დღეს უნდა გამოეყენებინათ. ოთხი წლის წინ რაც ჰქონდათ არსენალში, ყველა ტყვია გახარჯეს, შესაბამისად, დღევანდელ საბოტაჟს მათი მხრიდან არავითარი ეფექტი არ აქვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – NGO-სთვის ე.წ. პივიტის არავითარი ფასი არ აქვს, თუ ის გაყალბებული არ არის, აღიარებენ, რომ თანხვედრაა „პივიტისა“ და ცესკო-ს შედეგებს შორის, მაგრამ...

NGO-სთვის ე.წ. პივიტის არავითარი ფასი არ აქვს, თუ ის გაყალბებული არ არის. თუ „პივიტი“ სწორად არის შედგენილი, ამ შემთხვევაში მას ფასი არ აქვს, უნდა იყოს მაინცდამაინც გაყალბებული, რომ ფასი ჰქონდეს და გამოქვეყნდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად ასე მოხდა და ოთხი წლის წინ ISFED-მა გამოაქვეყნა გაყალბებული „პივიტი“ და მმართველ გუნდს ხუთ კვირა დასჭირდა იმისთვის, რომ ორგანიზაციას „პივიტის“ გაყალბება ეღიარებინა. „ხუთი კვირა დაგვჭირდა, რომ ეღიარებინათ ის გადახრა, რაც არსებობდა „პივიტისა“ და ცესკო-ს შედეგებს შორის. მთავარი არგუმენტი, რასაც აფუძნებდა ოპოზიცია მაშინ გაყალბებაზე საუბარს, იყო სწორედ „პივიტი“, ცდომილება „პივიტისა“ და ცესკო-ს შედეგებს შორის. ხუთ კვირის თავზე ძლივს ვაღიარებინეთ ამ „ენჯეოს“ და მათ დონორებს, რომ „პივიტი“ იყო ცდომილებაში ცესკო-ს შედეგებთან და ამ ცდომილების მიზეზი იყო „შეცდომა“, რომელიც დაშვებული იქნა „პივიტის“ შედგენისას. ახლა ისინი აღიარებენ, რომ თანხვედრა არის „პივიტისა“ და ცესკო-ს შედეგებს შორის, მაგრამ ასეთ „პივიტის“ აღარ აქვს ფასი და ამიტომ არ ქვეყნდება. აქედანაც ჩანს, რომ ამ ადამიანებისთვის ერთადერთი თვითმიზანი არსებობდა – როგორმე კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უნდა დაბრუნებულიყო ხელისუფლებაში. მეტი არავითარი მიზანი არ ჰქონდათ, არც არჩევნებზე დაკვირვება, არც სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა და ა.შ. მათთვის არჩევნები ფასობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ასეთია „ენჯეოების“ მიდგომა, შესაბამისი პარტიების და მათი უცხოელი პატრონების მიდგომა, რაც ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები