ევროკავშირმა უნდა განაახლოს და გააძლიეროს დიპლომატიური ურთიერთობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც კვლავ ინარჩუნებენ მჭიდრო კავშირებს რუსეთთან, რათა გაზარდოს ზეწოლა კრემლზე, უკრაინაში ზავის მისაღწევად, – ამის შესახებ ევროკავშირის 15 წევრის მიერ ხელმოწერილ წერილშია აღნიშნული.
ევროკავშირის წევრთა ნაწილმა საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელძღვანელს, კაია კალასს გაუგზავნა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ ახლა დროულია გლობალურ პარტნიორებთან ჩართულობის განახლება და გაძლიერება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი მხარდაჭერა ამ ინიციატივისთვის.
„ბევრი ქვეყანა ინარჩუნებს მჭიდრო კავშირებს მოსკოვთან, რაც შეიძლება და უნდა იქნას გამოყენებული რუსეთზე დიპლომატიური ზეწოლის გასაძლიერებლად. ეს კომუნიკაცია ორივე მიმართულებით უნდა წარიმართოს და უნდა გაითვალისწინოს ამ რეგიონების ქვეყნების კონკრეტული სიტუაცია და საზრუნავი“, – აღნიშნულია წერილში.
ინიციატივას ავსტრია ხელმძღვანელობდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ბელგიამ, ბულგარეთმა, ხორვატიამ, დანიამ, ესტონეთმა, ფინეთმა, გერმანიამ, ირლანდიამ, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდებმა, სლოვაკეთმა, სლოვენიამ, ესპანეთმა და შვედეთმა. წერილი არ შეიცავს კონკრეტულ იდეებს და არც ქვეყნებს აკონკრეტებს.