ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, ეგვიპტის უდაბნოში ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს უძველესი მონასტერი, რომელიც ქრისტიანობის ადრეულ ხანას მიეკუთვნება. ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეთა სამინისტროს ინფორმაციით, მონასტერი ნაპოვნია ვადი-ელ-ნატრუნში, ბეჰეირას პროვინციაში.
ვადი-ელ-ნატრუნი ითვლება “ეგვიპტესა და მსოფლიოში მონასტერიზმის აღმოცენების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ცენტრად“. ნაგებობა ახალი წელთაღრიცხვის IV-VI საუკუნეებით თარიღდება.
ალიზის აგურით აშენებული შენობა დაახლოებით 21,528 კვადრატულ ფუტს მოიცავს; მისი კედლების სისქე სამ ფუტზე მეტია, ხოლო ოთახების სიმაღლე დაახლოებით შვიდ ფუტს აღწევს.
არქიტექტურა და აღმოჩენები სამონასტრო კომპლექსი მოიცავს ღია ეზოს, რომელიც გარშემორტყმულია შენობებით. ამ ნაგებობებში განთავსებული იყო ბერების სენაკები, ღუმელები, სამზარეულოები და სათავსოები.
კედლის მხატვრობასა და არქიტექტურულ ელემენტებთან ერთად, არქეოლოგებმა ასევე იპოვეს ადამიანის ჩონჩხის ნაშთები – რომლებიც, სავარაუდოდ, ბერებს ეკუთვნოდათ.
“არქიტექტურული კვლევები აჩვენებს სხვადასხვა გადახურვის სისტემების გამოყენებას, მათ შორის ალიზის აგურით ნაგებ თაღებსა და გუმბათებს“, – აღნიშნეს ოფიციალურმა პირებმა.
კედლები დაფარული იყო თეთრი ბათქაშის ფენით და შემკული იყო ფრესკებით, რომლებზეც გამოსახულია ჯვრები, პალმის ხეები და სხვადასხვა მცენარეული თუ გეომეტრიული მოტივები.
გათხრებისას ასევე აღმოაჩინეს რამდენიმე წარწერა იქ მცხოვრები ბერების სახელებით, აგრეთვე “რელიგიური ტექსტები, რომლებიც წყალობასა და შენდობას ითხოვდნენ“.
მეცნიერული და ისტორიული მნიშვნელობა ტურიზმისა და სიძველეთა მინისტრმა, შერიფ ფათიმ განაცხადა, რომ ეს აღმოჩენა “წარმოადგენს მნიშვნელოვან შენაძენს ეგვიპტეში მონასტერიზმის საწყისების გასაგებად, რომელიც სწორედ ეგვიპტის მიწაზე დაიწყო, სანამ მთელ მსოფლიოში გავრცელდებოდა“.
არქეოლოგებმა მსგავსი სამონასტრო კომპლექსი იპოვეს იმავე, ბეჰეირას პროვინციაში.
მანამდე, იანვარში, ეგვიპტელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს კიდევ ერთი მონასტრის აღმოჩენის შესახებ სოჰაგის პროვინციაში, სოფელ ალ-დუვეირში. იქ არქეოლოგებმა მიაკვლიეს ბიზანტიური პერიოდის “ბერების სრულად ინტეგრირებული საცხოვრებელი კომპლექსის“ ნაშთებს.

