კვირა, თებერვალი 23, 2025

დონალდ ტრამპის ინფორმაციით, 25 თებერვალს ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, 25 თებერვალს ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა გაიმართება.

ამის შესახებ „ევრონიუსი“ იტყობინება.

ამავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პირისპირ შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ასეთი შეხვედრის ორგანიზების მცდელობები ადრეულ ეტაპზეა და მისი განხორციელება „ინტენსიურ მოსამზადებელ სამუშაოს“ მოითხოვს.

„ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ სვლის დაწყებაზე, გზების მოძიებაზე ყველაზე მწვავე და პოტენციურად ძალიან, ძალიან საშიში სიტუაციების გადასაჭრელად, რომელთაგან ბევრია, მათ შორის უკრაინაში“, – განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.

აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების პირველი შეხვედრა ერ-რიადში 18 თებერვალს შედგა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თეთრი სახლის პრესმდივანი – რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, შესაძლოა, ამ კვირაში დასრულდეს

თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, შესაძლოა, ამ კვირაში დასრულდეს. ამის შესახებ გამოცემა „ჰილი“ წერს. თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დარწმუნებულია თავის შესაძლებლობაში, მიაღწიოს შეთანხმებას რუსეთთან უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად. „პრეზიდენტი და მისი გუნდი ფოკუსირებული არიან კონფლიქტის დასასრულებლად ამ ომის ორივე მხარესთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ამის მიღწევა ამ კვირაში შეგვიძლია“, – განაცხადა ლევიტმა ჟურნალისტებთან საუბრისას, კონსერვატიული პოლიტიკური კონფერენციიდან დაბრუნების შემდეგ. ლევიტმა აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, მაიკ უოლცი ამ შაბათ-კვირას „24 საათის განმავლობაში“ იმუშავებს შეთანხმებაზე. მისივე თქმით, აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი ჩართულია უკრაინელებთან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების განხილვაში. „რაც შეეხება კრიტიკულ მინერალებს, ეს პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტისთვის, რადგან ეს ამერიკელი გადასახადის გადამხდელების თანხების დაბრუნებას უზრუნველყოფს. ეს ასევე იქნება შესანიშნავი ეკონომიკური პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინელ ხალხს შორის, როდესაც ისინი თავიანთ ქვეყანას ამ სასტიკი ომის შემდეგ აღადგენენ“,- განაცხადა ლევიტმა.

ირაკლი კობახიძე – სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მოღალატეა ქართულ პოლიტიკაში და მათ უნდა დავუპირისპიროთ კონკრეტული საკანონმდებლო მექანიზმები

2008 წელს, ომის დაწყებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე დააინიცირეს კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომელიც ითვალისწინებდა სამშობლოს ღალატის შესახებ ჩანაწერის ამოღებას და ომის დასრულებიდან ერთ თვეში მიიღეს შესაბამისი კანონი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, აშკარაა, რომ კონკრეტულ ადამიანებს ეშინოდათ სამშობლოს ღალატის მუხლის. „თქვენ იცით ისტორია სამშობლოს ღალატის შესახებ მუხლის. 2008 წელს, ომის დაწყებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე დააინიცირეს კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომელიც ითვალისწინებდა სამშობლოს ღალატის შესახებ ჩანაწერის ამოღებას და ომის დასრულებიდან ერთ თვეში მიიღეს შესაბამისი კანონი. აშკარაა, რომ კონკრეტულ ადამიანებს ეშინოდათ სამშობლოს ღალატის მუხლის. ეს ყველაფერი პირდაპირ იყო დაკავშირებული 2008 წელს ომის დაწყებასთან. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, აღდგეს შესაბამისი ჩანაწერი საქართველოს კანონმდებლობაში იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ პრევენციაზე, რაც უკავშირდება სამშობლოს ღალატის დანაშაულის ჩადენას. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მოღალატეა ქართულ პოლიტიკაში და მათ ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ კონკრეტული საკანონმდებლო მექანიზმები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – კონკრეტულმა ძალებმა გააკეთეს ყველაფერი, რომ საქართველოში განმეორებულიყო 1921 წლის სცენარი, თუმცა ეს სცენარი არ განმეორდა, რაც საქართველოს ხელისუფლების დამსახურებაა

საქართველოში 1921 წლის სცენარი არ განმეორდა და ეს არის საქართველოს ხელისუფლების დამსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, კონკრეტულმა ძალებმა გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოში განმეორებულიყო 1921 წლის სცენარი. „კონკრეტულმა ძალებმა გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოში განმეორებულიყო 1921 წლის სცენარი, თუმცა მთავრობა აკეთებდა ამის საპირისპიროდ ყველაფერს, რათა შეგვენარჩუნებინა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა, ქვეყნის უსაფრთხოება და ამ ბრძოლაში ჩვენ ვიყავით წარმატებულები, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან დიდი ძალისხმევა მიმართული საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ. იყო პირდაპირი მოთხოვნები, მოწოდებები, პირდაპირი კოორდინაცია რადიკალურ ოპოზიციასთან, თუმცა საქართველოში 1921 წლის სცენარი არ განმეორდა და ეს არის საქართველოს ხელისუფლების დამსახურება“, – განაცხადა პრემიერმა.

მიხეილ ყაველაშვილი – თითოეული იუნკრის თავდადება, ვაჟკაცობა ცალკე აღებული გმირობის ამბავია, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში

ზუსტად 104 წლის წინ, 1921 წელს, 23 თებერვალს კოჯორ-ტაბახმელას გზაზე ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდები, იუნკრები წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაეცნენ. დღეს სწორედ ამ გმირ ახალგაზრდებს მივაგებთ პატივს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა იუნკრების ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ყოველ წელს 23 თებერვალი არის ქართველებისთვის დიდი ტკივილის და ამავე დროს სიამაყის დღე. „თითოეული იუნკრის თავდადება, ვაჟკაცობა ცალკე აღებული გმირობის ამბავია, რომელსაც განსაკუთრებული, გამორჩეული ადგილი უკავია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. აღფრთოვანებას წარმოადგენს ჩვენი იუნკრების გამოჩენილი სიმამაცე, შეუპოვრობა მრავალრიცხოვან და ბევრად ძლიერ ჯართან ბრძოლაში. დიდება და მარადიული ხსოვნა ჩვენს საამაყო, გმირ იუნკრებს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

უამინდობა საქართველოში – ბათუმში შტორმს, თბილისში კი ღამით, ტემპერატურის -5 გრადუსამდე დაცემას ელოდებიან

დიდთოვლობა და დაბალი ტემპერატურა - საქართველოში უამინდობა მესამე დღეა გრძელდება. უხვმა ნალექმა სირთულეები შექმნა ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე, სადაც გადაადგილებას მხოლოდ მაღალი გამავლობისა და ზამთრის საბურავების მქონე მანქანები ახერხებენ. უამინდობაა აჭარაშიც. ბათუმში შტორმს ელოდებიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას სიფრთხილისაკენ მოუწოდებს. სინოპტიკოსები შავ ზღვაზე დაბალ ტემპერატურას და ძლიერ თოვს კიდევ ოთხი დღის განმავლობაში პროგნოზირებენ. 24 საათიან რეჟიმში, ბათუმში, იწმინდებოდა ტროტუარები და სანიაღვრე ქსელები. ამ დროისათვის ზღვაში გამსვლელი ყველა არხი გამტარია. უხვი ნალექია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტშიც. ამ დროისათვის ცენტრალური გზა გაწმენდილია. ინტენსიურად იწმინდება შიდა საუბნო გზები. დროებით ბუნებრივი აირი არ მიეწოდება მოსახლეობის ნაწილს. რამდენიმე სოფელი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე რჩება. უამინდობამ პრობლემები შექმნა მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით. ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თოვლის საფარისგან იწმინდება როგორც ცენტრალური, ასევე შიდა გზები, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი. უამინდობა და დიდთოვლობა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება; სინოპტიკოსები კი, დღეს ღამით, დედაქალაქში, -5 გრადუსს ელოდებიან.

ბოლო სიახლეები