აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დადებითად შეაფასა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრა, თუმცა აღნიშნა, რომ კონკრეტული შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.
„მე ახლახან დავასრულე შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან და მის წარმომადგენლებთან. ეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა. ჩვენს ორ ქვეყანას შორის შესანიშნავი ურთიერთობა გრძელდება. საბოლოოდ ვერაფერს მივაღწიეთ, გარდა იმისა, რომ მოვითხოვე ირანთან მოლაპარაკებების გაგრძელება, რათა ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, წარსულში ირანმა გადაწყვიტა შეთანხმებაზე უარი ეთქვა, რაც ტრამპის თქმით, მათთვის ცუდად დამთავრდა.
„იმედია, ამჯერად უფრო გონივრული და პასუხისმგებლიანები იქნებიან“, – წერს ტრამპი.
როგორც დონალდ ტრამპმა განმარტა, ბენიამინ ნეთანიაუჰუსთან ასევე განიხილა ღაზაში და რეგიონში მიმდინარე პროცესები.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში აღნიშნეს, რომ შეხვედრა თითქმის სამი საათი მიმდინარეობდა.
„პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ისრაელის უსაფრთხოების საჭიროებებს მოლაპარაკებების კონტექსტში და ორივე მხარე შეთანხმდა მჭიდრო კოორდინაციისა და მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნებაზე“, – აცხადებენ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში.

