აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანზე სამშაბათს დაგეგმილ დარტყმას კატარის, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერების თხოვნით, დროებით გადადებს.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ამჟამად სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ლიდერებს იმედი აქვთ, რომ შეთანხმება მიიღწევა, თუმცა, ტრამპის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ასე არ მოხდება, სამხედროებს სრულმასშტაბიანი ოპერაციისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდებს.
„კატარის ამირამ, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ-ტანიმ, საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანიმ, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა მთხოვეს, დროებით შევაჩერო ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე დაგეგმილი სამხედრო შეტევა, რომელიც ხვალისთვის იყო დაგეგმილი, რადგან ამჟამად სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მათი, როგორც დიდი ლიდერებისა და მოკავშირეების აზრით, შეთანხმება მიიღწევა, რომელიც ძალიან მისაღები იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ახლო აღმოსავლეთის ყველა ქვეყნისთვის და მის ფარგლებს გარეთაც. ეს შეთანხმება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ირანისთვის ბირთვული იარაღის არქონასაც მოიცავს. ზემოაღნიშნული ლიდერებისადმი ჩემი პატივისცემის საფუძველზე, მე დავავალე ომის მდივანს, პიტ ჰეგსეტს, გენერალ დენიელ კეინს და შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს, რომ ხვალ არ განვახორციელებთ ირანზე დაგეგმილ თავდასხმას, მაგრამ ასევე დავავალე, რომ მზად იყვნენ ირანზე სრული, ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის, იმ შემთხვევაში, თუ მისაღები შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული“, – წერს ტრამპი.

