აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაამტკიცა 175 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი „ოქროს გუმბათი“. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ოქროს გუმბათი დაიცავს ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ კანადამ გამოთქვა ამ პროგრამაში ჩართვის სურვილი.
დონალდ ტრამპის თქმით, თავდაცვითი ფარი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 175 მილიარდი დოლარი იქნება, უნდა ამოქმედდეს მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე – 2029 წლის იანვრამდე.
„რონალდ რეიგანს ეს წლების წინ სურდა, მაგრამ მაშინ შესაბამისი ტექნოლოგიები არ არსებობდა“, – აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპის ადმინისტრაციამ სამხედრო მაღალჩინოსნებს უბრძანა, უზრუნველყონ, რომ „ოქროს გუმბათის“ სამომავლო დაფინანსება აისახოს 2026-2030 წლების ახალ საბიუჯეტო ხარჯთაღრიცხვაში.