საქართველოს მორჩილებისთვის საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება, სცენარი გარედან იწერება და ამისთვის შიგნიდან აგენტურის გარკვეული ჯგუფი მოიძებნა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქართული პოლიტიკა პოზიტიურად ვითარდება, ხელისუფლება კი გააგრძელებს უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
„რაც გუშინ ვიხილეთ, ჩვენ ამაზე ძალიან დიდი ხნის წინ ვსაუბრობდით, საქართველოს მორჩილებისთვის საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება. სცენარი გარედან იწერება და ამისთვის შიგნიდან აგენტურის გარკვეული ჯგუფი მოძებნეს. სწორედ ამიტომ იყო საჭირო „გამჭვირვალობის კანონი“, კანონი „გრანტების შესახებ“. ასევე საჭიროა, რომ ქვეყანას ჰქონდეს სამშობლოს ღალატის შესახებ მუხლი. ის, რაც ვიხილეთ, ესეც მორიგი აღიარებაა. აქ უკვე ახალი არაფერია. სახეები უკვე ცნობადია და მათი მიზანიც უკვე საზოგადოებისთვის, დიდი ხანია, ნაცნობია. ისინი გაშიფრულები არიან, მაგრამ მათთვის ძალიან ბევრი მეხი გავარდა. მაგალითად ის, რომ საქართველოს წარმომადგენლობა, ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრებს მართავს; ის, რომ ეუთო-ს გენმდივანი საქართველოში ჩამოვიდა და ქართულ მხარესთან პოზიტიური ურთიერთობისთვის გამოხატა მადლიერება. პოზიტიურად ვითარდება ქართული პოლიტიკა. ყველაფერი კარგად იქნება და მიდის სიმშვიდისკენ. ხელისუფლება გააგრძელებს ამ პოლიტიკას, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება და მისი მუდმივი განვითარება და ეს პოზიტივი საქართველოს თითოეულ მოსახლეზე რაც შეიძლება, სწრაფად აისახოს.
მათი გეგმა ნაცნობია, მაგრამ მათი ზოგი ქმედება იატაკქვეშეთში მიმდინარეობს. ისინი ამას ბოლომდე ვერ ინახავენ, შეუძლებელია, და გზადაგზა უკვე იშიფრებიან. ხან ერთი აღიარებაა, ხან მეორე. საზოგადოებისთვის ეს უკვე უცხო არ არის და შედეგიც არის. ქვეყანა პოზიტიურად ვითარდება, საერთაშორისო ასპარეზზეც ურთიერთობები სტაბილიზაციისკენ მიდის, ქუჩაში დესტრუქციული ოპოზიციის რაოდენობა, თავის მომხრეებთან ერთად, კლებადია. რამდენიმე ათეული ადამიანი მუდმივად აპროტესტებს და მათ შედეგი ვერ ექნებათ. ისინი ქვეყანას გარკვეულ ზიანს მაინც აყენებენ, მაგრამ ეს მილევადია. ამას საზოგადოებამ ჯანსაღი თვალით უნდა შეხედოს. ძალიან ბევრი აღიარებითი ჩვენებებია, აქ გასაშიფრიც არაფერია, უბრალოდ სწორი ქმედებებია საჭირო, რასაც ხელისუფლება საზოგადოებასთან ერთად ატარებს“, – განაცხადა ხუნდაძემ.
სოციალურ ქსელებში გუშინ გავრცელდა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, რუსი პრანკერები სალომე ზურაბიშვილს და უჩა ნანუაშვილს დაუკავშირდნენ და გაეცნენ, როგორც გარი კასპაროვის წარმომადგენლები. ვიდეოს მიხედვით, ნანუაშვილი და ზურაბიშვილი საქართველოში არსებული ვითარებაზე თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ. ვიდეოს მიხედვით, საუბარია აგრეთვე უცხოეთიდან მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაში არსებულ პრობლემაზე.