ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ პირობებში გამართულ არჩევნებში, ხელს შეუწყობს არსებული სტატუს-კვოს ნორმალიზებას და იქნება ისეთივე პასუხისმგებელი მოსალოდნელ შედეგებზე, როგორც თვითონ ქართული ოცნება”, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც ნათქვამია, რომ „არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი პირობებით, მუნიციპალური არჩევნები გამოწვევებს უქმნის ნებისმიერ პოტენციურ მონაწილეს“ და „თვითგამოცხადებული ხელისუფლება ასეთ მონაწილეობას ახალი სტატუს-კვოს აღიარებად გამოიყენებს“.
მისი შეფასებით, “ასეთი მკაფიო ევროპარლამენტი ჯერ არასდროს ყოფილა!”.
ცქიტიშვილის თქმით, თუ ჩვენი მიზანია საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ევროპული ინტეგრაცია, მაშინ დღეისათვის ამაზე მნიშვნელოვანი, მკაფიო და ცალსახა გზავნილი არ არსებობს.
ცქიტიშვილი წერს, რომ ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული ანგარიში პირდაპირ მიუთითებს, რომ „ქვეყანაში დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები სრულად მოშლილია, სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია, ქვეყანაში ჩამოყალიბდა დიქტატურა“.
„ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი მკვეთრად შეცვლილია და ორიენტირებულია რუსეთზე, ჩინეთზე და ირანზე!
საქართველო იმდენად დასცილდა უკვე ევროკავშირს, რომ ევროპარლამენტი მოთხოვს მდგომარეობის სრულ და დეტალურ აუდიტს. ამ აუდიტის შედეგებიდან გამომდინარე საქართველო დაკარგავს ყველა აქამდე მიღწეული პრივილეგიას (ასოცრება, თავისუფალი ვაჭრობა, ვიზა ლიბერალიზაცია, და ასე შემდეგ).
ამაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება „ქართული ოცნების“ რეჟიმს!
ასევე, დღეისათვის ყველაზე აქტუალური საკითხის მიმართ გზავნილი ასეთია:
ევროპარლამენტის შეფასებით, საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო და პოლიტიკური გარემო არ იძლევა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას — არც საპარლამენტოს და არც ადგილობრივის.
მოქმედ რეჟიმს არჩევნები ესაჭიროება არა ქართველი ხალხის ნების დასადგენად, არამედ არსებული სტატუს-კვოს ლეგიტიმაციისთვის. შესაბამისად, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ პირობებში გამართულ არჩევნებში, ხელს შეუწყობს ამ სტატუს-კვოს ნორმალიზებას და იქნება ისეთივე პასუხისმგებელი მოსალოდნელ შედეგებზე, როგორც თვითონ „ქართული ოცნება“, – წერს ის.