სამშაბათი, დეკემბერი 2, 2025

დიდუბეში, ჩამათრიეს გამგეობის უკან და გამაუპატიურეს სალომე ზანდუკელი

სალომე ზანდუკელი, 22 წლის, თბილისი

რა მოხდა ქუჩაში

„ზუსტად ორი წლის წინ, 2016 წლის 20 თებერვალს მოხდა ეს ამბავი. ახალი დაწყებული მქონდა სამსახური, პარალელურად ბავშვებს ვამზადებდი ინგლისურსა და მათემატიკაში, ამიტომ საღამოობით გვიან ქავთარაძიდან სოლოლაკში მიწევდა ხოლმე წასვლა, ღამე კი, დაახლოებით 12 საათისთვის დიღმის მასივში, სახლში დაბრუნება. იმ დღესაც, დიდუბის მეტროდან სახლამდე ფეხით გადავწყვიტე წასვლა, რადგან ტაქსისთვის ფულის მიცემა დამენანა და ვიფიქრე ფეხით ჩამოვიდოდი, მითუმეტეს შიში არ მქონია, რადგან აქ დავიბადე და გავიზარდე.

სახლისკენ რომ მივდიოდი, გზად ვიღაც ტიპი ამეკიდა – სახელს მეკითხებოდა. რა თქმა უნდა, არაფერი ვუპასუხე. მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდებოდა. გადმოვიარე ხიდი და უკვე გამგეობასთან ვიყავი, როდესაც შეურაცხმყოფელი სიტყვები მომაძახა. ძალიან გავმწარდი და მეც ასევე ვუპასუხე. რამდენიმე წუთში დავინახე, ვიღაც ორ სხვა ბიჭთან ერთად მომყვებოდა უკან. ერთი ძალიან პატარა ბავშვი იყო, ხოლო მეორე – დაახლოებით, 15-16 წლის იქნებოდა. დამიჭირეს. ყვირილი იმ შუაღამით არავის გაუგია.

დამიჭირეს და ჩამათრიეს გამგეობის უკან, ნაძვნარში. გამაუპატიურეს. ერთ მომენტში ქვას მივწვდი და ვეცადე ბიჭისთვის ჩამერტყა. როგორც მერე გავიგე, ასცდა. ამის შემდეგ ის ჩემს დახრჩობას ცდილობდა. შეგრძნება მახსოვს, ისე მიჭერდა ხელებს, რომ მიწაში თავჩარგული, მიწით ვსუნთქავდი. რომ ამბობენ, სიკვდილის წინ ყველაფერი თვალწინ გაგირბენსო, ზუსტად ეგ გავიარე. არც მიფიქრია, რომ სასწაული მოხდებოდა და გადავრჩებოდი. ამ ყველაფერს იმ პატარა ბავშვს აყურებინებდნენ. საბოლოოდ, თანხა რაც მქონდა წამართვეს, გამძარცვეს და წავიდნენ.

წამოვდექი და იმ წამსვე პოლიციაში წავედი. პოლიციის შენობა გამგეობასთან ახლო მანძილზეა. რომ მივედი, კაბა ჩამოხეული მქონდა, საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, საშინლად გამოვიყურებოდი. პოლიციელებმა რომ შემხედეს, არ დამიჯერეს, არ გავხარ შენ სახლის გოგოსო. ძალიან გავმწარდი, ყვირილი დავიწყე, წავიდეთ იმ ადგილას და ვნახოთ რა და როგორ მოხდა-მეთქი.

ადგილზე მისვლისას ნახეს, რომ ჩემი ნივთები ეყარა, ტრუსიც იქ იყო დაგდებული. ამის ნახვისას ერთ-ერთმა პოლიციელმა მითხრა, ახალგაზრდა გოგო ხარ, რად გინდა ამის გახმაურება და თქმა, ცხოვრებას გაიფუჭებო. ამის თქმა და ჩემი ღრიალი ერთი იყო. რას ამბობ, ეს როგორ უნდა დავმალო-თქო – ვუყვიროდი.

ყველა ელოდა, რომ უნდა მეტირა, მექვითინა და დასწავლული ქცევა მქონოდა, მაგრამ არ მეტირებოდა. ბრაზი მახრჩობდა.

საბოლოოდ, საქმე აღიძრა. დამნაშავეები მალევე იპოვეს. შემდეგ უკვე დეტექტივებთან მქონდა ურთიერთობა, ისინი კი უკეთ მეპყრობოდნენ და დამოკიდებულებაც სხვა იყო. ერთ-ერთმა დეტექტივმა თავისი მობილურიც კი მათხოვა, რომელიც დღემდე სახლში მაქვს, რადგან იმ პერიოდში ყველა ჩემი ნივთი, ბარათები, ტანსაცმელი და მობილური ნივთმტკიცებებად იყო გამოყენებული. 10 წლის ბავშვი არ დაუჭერიათ, ის ორი ტიპი დაიჭირეს. არასრულწლოვანს 6 წელი, უფროსს კი 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლე, რა თქმა უნდა, ქალი იყო.

სასამართლო

როგორც მოგვიანებით გავიგე, ეს 15 წლის ბიჭი მათხოვარი იყო, მეორე ასაკით უფროს კაცს კი ცოლი და სამი შვილი ჰყავდა.

უფროსი ბოლომდე არ აღიარებდა, რომ გამაუპატიურა და მას მხარს მისი ქალი ადვოკატიც უჭერდა, რომელსაც არანაირი სოლიდარობა და სენსიტიურობა არ გამოუჩენია ამ ამბის მიმართ, არასრულწლოვან ბიჭზე სრული უმწეობისა და საცოდაობის განცდა მქონდა, რადგან წერა-კითხვა, საკუთარი დაბადების თარიღი არ იცოდა. საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ვერ ახდენდა. ხელმოწერის ადგილას ჯვრებს სვამდა. მასთან როგორ უნდა მეკამათა საერთოდ. ვფიქრობ, დასჯასთან ერთად სხვა პრევენციის საშუალებებიც უნდა არსებობდეს. იჯდება 6 წელი ციხეში, გამოვა და მერე რა მოხდება? იქნებ, შურისძიება გადაწვიტოს? და თუ ასე მოხდა, სად უნდა დავემალო?

სასამართლო პროცესებზე ძალიან უსიამოვნო იყო, რომ მოწმეც მე ვიყავი და დაზარალებულიც. ასევე გაუპატიურებად არ ითვლება ის ქმედება, თუ უშუალო პენეტრაცია არ მოხდა. ამიტომ, პროცესზე კომიკური სიტუაცია იქმნება, როცა ამ ყველაფერს უცხო ხალხთან ლამის სანტიმეტრებით ამტკიცებ. პროცესებზე დასწრება სულ მინდოდა, მაგრამ არავინ მაფრთხილებდა ხოლმე, როდის იმართებოდა, დრო თუ იცვლებოდა და ა.შ.

არასრულწლოვნის პროცესზე არ შემიშვეს, დახურული სხდომა იყო, თურმე. იმ უფროსი კაცის ოჯახმა კი შემომითვალა, საჩივარი გამოიტანე და ცოლად მოგიყვანსო.
როდესაც სასამართლომ საბოლოოდ გამოაცხადა, რომ ამ ტიპს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მისი ცოლი შენობაში დამედევნა და თმებში მწვდა, ცემა დამიწყო.

ორსულობა

ერთი თვის თავზე მადა, მგრძნობელობა მომემატა. აღმოჩნდა, რომ ორსულად ვიყავი. ეს საერთოდ შოკისმომგვრელი იყო. ბავშვის დატოვებაზე არ მიფიქრია, მაგრამ რომც მეფიქრა, გარშემომყოფებისგან იმხელა წნეხი მოდიოდა, რომ ამას ვერ შევძლებდი, ვერ გავბედავდი. მახსოვს, ახლობელი, ასაკით დიდი ქალი, მელაპარაკებოდა და მკითხა: რა გინდა, ნაბიჭვარი უნდა გაზარდოო?

აბორტი გავიკეთე. ყველაფერს ის ფაქტიც აფუჭებდა, რომ ჩემი ყველა ბარათი, სადაც თანხა მქონდა დარიცხული, პოლიციაში იყო. ფაქტობრივად ისეთი დღეებიც ყოფილა, რომ სახლში საჭმელიც არ გვქონია. რომ არა ჩემი ნათესავი, რომელიც ფულით დამეხმარა, არ ვიცი რა მოხდებოდა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ სახელმწიფო გაუპატიურებით დაზარალებულებს, აბორტის შემთხვევაში, თანხით უნდა ეხმარებოდეს.

მახსოვს, ჩემი ამბავი სტატუსად დავწერე ფეისბუქზე, რადგან ამაზე ლაპარაკი მჭირდებოდა. ვფიქრობ, ქალები ასეთ ისტორიებს არ უნდა მალავდნენ და მუდმივად უნდა ლაპარაკობდნენ მსგავსი ამბების შესახებ. სტატუსი “ჟურნალისტმა” ირაკლი მამალაძემ ნახა ფეისბუქზე და ჩემი ისტორია, მაინც გამოაქვეყნა, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალში გამოქვეყნებაზე უარს ვუცხადებდი. სტატიას ფოტო ედო, რომელზეც სიბნელეში მჯდარი, თავჩაქინდრული გოგო იყო გამოსახული. ირაკლი მამალაძეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ვუჩივლე და 6 მუხლიდან 5-ში მოვუგე.

დედა

როდესაც ეს ამბები მოხდა, მე და დედა ვცხოვრობდით მარტო სახლში. დედას 5 წელი ალცჰაიმერი სჭირდა. სანამ დიაგნოზს დაუსვამდნენ, სულ კონფლიქტი გვქონდა, რადგან არაადეკვატური ქცევები ჰქონდა, მე კი ვერ ვხვდებოდით თავიდან რა იყო ეს.

ტელევიზორის წინ გავლა არ შეიძლებოდა, რადგან ტელევიზორიდან გვიყურებდნენ. სურათები ელაპარაკებოდნენ, მამას დაწერილი ხატები კი რაღაცებს პარავდნენ.

ხშირად, საათობით სარკეში ელაპარაკობდა საკუთარ თავს. ერთხელ, მეზობელთან წყალი ჩაუშვა, მე ამ დროს არ ვიყავი სახლში, ჩემი არყოფნისას კი ფსიქიატრიულში გადაიყვანეს. სწორედ იქ გავიგე, რომ ალცჰაიმერი ჰქონდა.
დროთა განმავლობაში კიდევ და კიდევ უფრო ალოგიკური გახდა მისი ქცევები, თუმცა მისი სახლში მარტო დატოვება შეიძლებოდა, რადგან საკუთარ თავს არაფერს დაუშავებდა, საკუთარი ხასიათის თვისებები სულ დაკარგა, თუმცა უფრო გულუბრყვილო და საყვარელი გახდა.

იმ ღამეს, როდესაც გამაუპატიურეს, სახლში მივედი, აბაზანაში შევედი, ვიბანდი. დედა შემოვიდა და ნახა, სულ სისხლჩაქცევები და დალურჯებები რომ მქონდა. მკითხა რა მოხდაო. მეც ავდექი და ყველაფერი მოვუყევი. დიდხანს იტირა, ერთ საათში კი თავიდან მკითხა: რა მოგივიდა, ქუჩაში ჰო არ დაეციო.

დედა ცოტახნის წინ კომაში ჩავარდა და ორი თვე გაატარა საავადმყოფოში. ერთი კვირის წინ კი გარდაიცვალა.

ხალხი

ის, რაც თავს გადამხდა, არ დამიმალავს. ყველას მოვუყევი რაც მოხდა. გაოცებული დავრჩი, როდესაც ძალიან ბევრი ქალისგან მოვისმინე ჩუმად ნათქვამი იგივე ამბები. ქალებისგან, რომლებმაც მაშინ დუმილი ამჯობინეს, ან მოძალადეზე დააქორწინეს. ისეთ ადამიანებზე გავიგე, რომ მსგავსი ჰქონდათ გამოვლილი, ვისზეც ვერასოდეს წარმოვიდგენდი.

საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქციები იყო: მეგობრები სულ გვერდში მყავდნენ, მოდიოდნენ და ისე ხდებოდა, რომ სულ ისინი ტიროდნენ ჩემს ამბავზე, მე კი ვამშვიდებდი. სამსახურშიც დავდიოდი, სადაც არაჩვეულებრივი თანამშრომლები მყავს და მოვალეობის განცდამ ბევრი ცუდი რაღაცისგან მიხსნა. იმ პერიოდში შეყვარებული მყავდა, რომელმაც მითხრა, შენს ადგილას თავს მოვიკლავდიო. ეს ალბათ ყველაზე საშინელი გადასატანი იყო ჩემთვის. ამას ისიც დაემატა, რომ დამადანაშაულა, ჰო გაფრთხილებდი პნევმატური იარაღი გეყიდა და იმით გევლო, თავს მაინც დაიცავდიო. ზოგი ახლობელი მეუბნებოდა, არავის უთხრა ეს ამბავი, თავს ნუ გაიუბედურებო. ამის მთქმელებს ძალიან გაბრაზებული ვუღრიალებდი, როგორ მიბედავთ ამის თქმას საერთოდთქო. საოცარია, კიდევ აქეთ უნდა იდანაშაულებდე თურმე თავს და კიდევ აქეთ უნდა გრცხვენოდეს. რა გამოდის, რომ ისევ მე ვარ დამნაშავე? კულტურასა და ლიტერატურაშიც გაუპატიურებულ ქალს ნამუსახდილს უწოდებენ, თითქოს კიდევ შენ არ გაქვს ნამუსი და არა მოძალადეს. არც ამ ამბის შემდეგ რეალიზებული ქალის მოდელი არსებობს. ყველა მათგანი ან თავს იკლავს ან ცხოვრება ენგრევა. არადა ჩემი თავიდან გამომდინარე ვიცი, რომ ყველაფერი შეიძლება გააგრძელო, იბრძოლო და გადარჩე. ბრძოლა ბევრი და ხანგრძლივი იყო. დეპრესიასთან, უძილობასთან, საშინელ სიზმრებთან გამკლავება დღემდე მიწევს. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მსხვერპლი კი არა, გადარჩენილი ვარ.“

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ქართული ოცნება“ – მივიღეთ გადაწყვეტილება, „ბიბისის“ წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ბიბისის“, ცრუ მედიის წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში, – ამის შესახებ ნათქვამია პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „გამოიყენებენ ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რომ სიცრუის გამავრცელებელმა ეგრეთ წოდებულმა მედიამ პასუხი აგოს ბინძური, ცრუ ბრალდებების გავრცელების გამო“.„დღეს დილით, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც არაერთი აბსურდული, ცრუ ინფორმაციის გარდა არის ბრალდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, თითქოს კანონსაწინააღმდეგო აქციების დროს შს სამინისტრომ მოძალადე მომიტინგეების წინააღმდეგ „ქიმიური ნივთიერება“ გამოიყენა. ცხადია, „დიფ სთეითის“ პროპაგანდისტულ იარაღად ქცეულ ეგრეთ წოდებულ მედიას მძიმე ბრალდების დასამტკიცებლად არანაირი ფაქტი არ აქვს წარმოდგენილი.უფრო მეტიც, ყველა ვარაუდი აგებული აქვს კონკრეტული პირების მოსაზრებებზე, მათ შორისაა ექიმი ჩახუნაშვილი, რომელიც კანონსაწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა, ხოლო მისი ოჯახის წევრი, მამა, გიორგი ჩახუნაშვილი პირადად მონაწილეობდა 4 ოქტომბრის „ხელისუფლების დამხობის“ პროცესში და ფიზიკურად შეიჭრა საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ეზოში. გარდა ამისა, სტატიაში ძირითადად საუბრობენ დაინტერესებული პირები, გიგაური, ბრალდებული ხასაია, ბრალდებული შაიშმელაშვილი, მსჯავრდებული ბაჩიაშვილი და სხვა მსგავსი პირები. „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურს სტატიის გამოქვეყნებამდე აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა „გამომძიებელ ჟურნალისტთან“. აბსოლუტურად ყველა შეკითხვაზე, რომელიც BBC-მ მოგვაწოდა, მოვამზადეთ სრულყოფილი პასუხები და პუნქტობრივად, დეტალურად დავაკმაყოფილეთ ბრიტანული მედიის ინტერესი. გამომდინარე იქედან, რომ ბოლო პერიოდში აღნიშნული მედია არაერთ სკანდალში გაეხვა, არაერთხელ დაუდასტურდა სიცრუის გავრცელება და ამის გამო მაუწყებელზე ტოპ მენეჯმენტიც კი შეიცვალა, ჩვენი პასუხის დასაწყისში დავაყენეთ მხოლოდ ორი პირობა – სრულად გაეშუქებინა ჩვენი პოზიცია, შევთავაზეთ ჩვენ მიერ გაგზავნილი თითოეული სიტყვის მტკიცებულების მიწოდება, პარალელურად კი მოვითხოვეთ, რომ მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის დაცვით, ყველა მსჯელობა, რაც სტატიაში იქნებოდა წარმოდგენილი, დაფუძნებული ყოფილიყო მხოლოდ მტკიცებულებებზე. სანაცვლოდ მივიღეთ სიცრუის კორიანტელი, მძიმე ბრალდებები ხელისუფლების მიმართ, რომელიც როგორც აღვნიშნეთ, დაინტერესებული პირების მონათხრობზეა აგებული და ცხადია, არანაირი კავშირი რეალობასთან არ აქვს.საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ რამდენიმე კვირის წინ BBC სკანდალში გაეხვა, როდესაც ეგრეთ წოდებულმა მედიამ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უხეშად დამონტაჟებული ინტერვიუ გაავრცელა, სადაც შეცვლილი იყო საუბრის კონტექსტი და შინაარსი. ამ მანიპულაციის გამო მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობები დატოვეს, თუმცა ეს უფრო ჰგავდა აშშ-ის პრეზიდენტისთვის კოჭის გაგორებას, ვიდრე შეცდომაზე პასუხისმგებლობის აღებას. BBC-ს რომ ბინძური დაკვეთების შესრულებასა და სიცრუის გავრცელებაზე არანაირი მორალური თუ პროფესიული დაბრკოლება არ აქვს – ეს დღეს გამოქვეყნებული სტატიიდანაც კარგად ჩანს, ხოლო მათი მენეჯმენტის ცვლილება გვაგონებს ბრიტანეთში ბოლო წლებში რამდენიმე პრემიერ-მინისტრის ცვლილებას, რასაც ამ ქვეყანაში არათუ ძირეული, ფასადური ცვლილებაც კი არ მოჰყოლია და შედეგად „დიპ სტეიტის“ მართული ერთი მთავრობა მეორემ ჩაანაცვლა.იმის გამო, რომ ერთ დროს ავტორიტეტულმა მედიამ, რომელიც დღეს არაფორმალური მმართველობის პროპაგანდის იარაღად არის ქცეული, საჯაროდ გაავრცელა ცრუ ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და ამ ბრალდებების დასამტკიცებლად თუნდაც ერთი მტკიცებულებაც კი არ მოიყვანა სტატიაში, იმის გამო, რომ ტყუილებზე აგებული ეგრეთ წოდებული „ჟურნალისტური გამოძიება“ ძირითადად კრიმინალების მონათხრობზეა აგებული და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, იმის გამო, რომ BBC-მ ყველა კითხვაზე მიიღო ამომწურავი პასუხები და სტატიაში დასაბუთებული პასუხების 1%-იც კი არ გამოაქვეყნა, იმის გამო, რომ ეს ბინძური პროპაგანდისტული მასალა არის მცდელობა, ჩირქი მოსცხონ საქართველოს მთავრობას, ქართულ პოლიციას და რაც მთავარია – საქართველოს სახელმწიფოებრიობას – მივიღეთ გადაწყვეტილება, ცრუ მედიის წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში. გამოვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რომ სიცრუის გამავრცელებელმა ეგრეთ წოდებულმა მედიამ პასუხი აგოს ბინძური, ცრუ ბრალდებების გავრცელების გამო. აქვე სრულად გთავაზობთ სტატიის გამოქვეყნებამდე, BBC-ის მიერ მოწოდებულ კითხვებს და ჩვენ მიერ გაგზავნილ პასუხებს“, – ნათქვამია „ქართული ოცნების განცხადებაში.

რუბენსის 400 წლის წინ დაკარგული შედევრი 2.94 მილიონ ევროდ გაიყიდა

რუბენსის ტილო, რომელიც ოთხი საუკუნის წინ დაიკარგა, პარიზის აუქციონზე 2.94 მილიონ ევროდ გაიყიდა.ცნობილი ევროპელი ბაროკოს ოსტატის მიერ XVII საუკუნის დასაწყისში შექმნილი ნამუშევარი „ქრისტე ჯვარზე“ 1613 წლიდან დაკარგულად ითვლებოდა. ის შემთხვევით, 2024 წელს პარიზში, კერძო სახლში აღმოაჩინეს , როდესაც სახლს გასაყიდად ამზადებდნენ. ნახატის ზომებია 73.5x105.5 სანტიმეტრზე.მოულოდნელად აღმოჩენილმა ნამუშევარმა ხელოვნების სამყარო შეძრა და მიიპყრო საერთაშორისო კოლექციონერების, მუზეუმებისა და ისტორიკოსების ყურადღება.პეტერ პაულ რუბენსი 1577 წელს გერმანიის მხარის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ქალაქ ზიგენში, ჰოლანდიელი ლტოლვილების ოჯახში დაიბადა.

ლევან ბეჟაშვილი – რთულია, გაიგო ალეკო ელისაშვილის მოტივაცია, ასევე გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ გვყავს სამართალდამცავი სისტემა, რომელთა მტკიცებულებას სარწმუნოება ვერ ექნება

გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, სამართალდამცავი სისტემა, რომელთა გამოქვეყნებულ მტკიცებულებას სარწმუნოება, სანდოობა ვერ ექნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.ბეჟაშვილის თქმით, უნდა დაელოდონ, როგორ წარიმართება პროცესები.„ალეკო ელისაშვილის ქმედებების შეფასება მათივე პარტიის თუ კოლეგების მიერ, მათი საქმეა. ბუნებრივია, ჩვენ ვერ ჩავერევით ამ შეფასებებში. რთულია, გაიგო მოტივაცია, მიზნები, რომელიც ალეკო ელისაშვილს ჰქონდა ამ ქმედებების განხორციელებისას, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია, რომ დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება და სამართალდამცავი სისტემა, რომელთა ნათქვამ სიტყვას, რომელთა მიერ გამოქვეყნებულ მტკიცებულებას ვერანაირი სარწმუნოება, სანდოობა ვერ ექნება. ამიტომ, ჩვენ უნდა დაველოდოთ, როგორც წარიმართება პროცესები. ვფიქრობ, ალეკო ელისაშვილი დამატებით გააკეთებს თავის განმარტებებს ამ ქმედებებთან მიმართებაში“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.კითხვაზე, „არ გჯერათ, რომ ეს ჩაიდინა? არ ემიჯნებით?“, ბეჟაშვილმა უპასუხა:„არც ვგმობთ და არც ვემიჯნებით. ელისაშვილთან დაკავშირებით რაიმე შეფასების გაკეთება ძალიან რთულია. ერთი მხრივ, რთულია, ახსნა მოტივაცია, მიზნები და ამოცანები, რომელიც მან დაისახა ამ ქმედებების განხორციელებისას. ბუნებრივია, ამ შეფასების ნაწილში ჩვენ ვერ შევალთ. ამავდროულად, სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოქვეყნებული მტკიცებულებები თავისთავად არ წარმოადგენს რაიმე სარწმუნო ცნობას, ვინაიდან ამ ხელისუფლების სამართალდამცავ სისტემას არანაირი ნდობა არ აქვს საზოგადოების მხრიდან. ამიტომ, ბუნებრივია, ეს ფაქტი უნდა მივიღოთ, როგორც ფაქტად. კონკრეტული შეფასებებისგან პირადად მე, თავს შევიკავებდი, რადგან სჯობს, ეს შეფასებები გააკეთოს იმ ადამიანებმა, ვისაც უშუალოდ ეხება ქმედებებთან დაკავშირებით პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა“.

პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი, ქვეყნის კონსტიტუცია, ევროკავშირთან ურთიერთობა, შიდა და გარე გამოწვევები – რა საკითხებზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა “დოიჩე ველესთვის” მიცემულ ინტერვიუში

პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელზე, ქვეყნის კონსტიტუციაზე, ევროკავშირთან ურთიერთობაზე, შიდა და გარე გამოწვევებზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა "დოიჩე ველესთვის" მიცემულ ინტერვიუში.მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" მიერ მიღებული კონსტიტუცია უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის, მათ შორის უმცირესობების სამოქალაქო უფლებებს:"ქართული ოცნების" მიერ მიღებული კონსტიტუცია ნათლად აყალიბებს ჩვენს უფლებებსა და ღირებულებებს. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კონსტიტუციით. ის მკაფიოდ უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის, მათ შორის უმცირესობების, სამოქალაქო უფლებებს. ნებისმიერი ფორმით დისკრიმინაცია მიუღებელია. ქართველები საკუთარ თავს ევროპის ნაწილად მიიჩნევენ. სწორედ ამიტომ ისწრაფვის საქართველო ევროკავშირის წევრობისკენ. ჩვენ მკაფიოდ უნდა განვასხვავოთ ევროპელი ბიუროკრატები და ძირითადი ევროპული ღირებულებები, რომლებიც ქრისტიანულ პრინციპებსა და ტრადიციულ ღირებულებებშია დაფუძნებული. მმართველი პარტია ქორწინებად მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის კავშირად აღიარებს. ჩვენი პოლიტიკა ეფუძნება ტრადიციული ღირებულებების დაცვას და იმის უზრუნველყოფას, რომ ახალგაზრდა თაობა დაცული იყოს ლგბტ თემთან დაკავშირებული პროპაგანდის გავლენისგან.- მოდით, გამოხატვის თავისუფლებაზე ვისაუბროთ. საქართველოში რას ნიშნავს ეს, როდესაც სამი ძირითადი ოპოზიციური პარტია აკრძალვის პირასაა? პარლამენტმა უკვე მიიღო ეს გადაწყვეტილება და ახლა საქმე სასამართლოს გადასაწყვეტია.- წინა მთავრობის მიერ ჩადენილი დანაშაულების უამრავი მტკიცებულება არსებობს. ჩვენ ვალდებულნი ვიყავით გამოგვევლინა ეს დანაშაულებრივი მტკიცებულებები, დაგვედგენინა დანაშაულების სრული მასშტაბები ყველა სამართლებრივი სტანდარტის შესაბამისად და უზრუნველყოფილი ყოფილიყო, რომ დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ.ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი 80%-დან, ბევრი ახლა პარლამენტის წინ დგას, დღე და ღამე, სიცივეშიც კი და პროტესტს გამოთქვამს.ეს ადამიანები, ძირითადად ახალგაზრდები, გარე გავლენის ქვეშ არიან და მოტყუებულები არიან. ჩვენ ფაქტებს ვეყრდნობით. ყველაფერი, რაც გითხარით, ფაქტებს ეფუძნება. ამ პროტესტის უკან დგას ძალა, რომელსაც არ აქვს ინტერესი "ქართული ოცნების" მთავრობასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობების არსებობის.

ირაკლი კობახიძე – ყველა პროექტი განხორციელდება მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად, უზრუნველყოფილი იქნება მაღალი ხარისხი, ამაზე საქართველოს მთავრობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს

ბოლო თვეებში ჩვენ შევძელით ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება იმ პირობებში, როცა, კორუფციასა და კარტელურ გარიგებებთან ბრძოლის ფონზე, მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების დროებით შეჩერება მოგვიწია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, რაც წელს კორუფციის აღმოფხვრისა და კონკურენციის გაჯანსაღების ხარჯზე დააკლდა ქვეყნის ეკონომიკას, მომავალ წელს ერთიორად დაემატება.„ბოლო თვეებში ჩვენ შევძელით ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება იმ პირობებში, როცა, კორუფციასთან და კარტელურ გარიგებებთან ბრძოლის ფონზე, მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების დროებით შეჩერება მოგვიწია. ეს ფაქტი, გარკვეულწილად, აისახა თვეების მიხედვით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, თუმცა რაც წელს დააკლდა კორუფციის აღმოფხვრისა და კონკურენციის გაჯანსაღების ხარჯზე, მომავალ წელს ეკონომიკას ერთიორად დაემატება. ენერგეტიკის, რკინიგზის, ინფრასტრუქტურის სხვა სფეროებში არაჯანსაღი პრაქტიკების აღმოფხვრა ხელს შეუწყობს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და მომავალ წელს ეს ზრდის ტემპს პირდაპირ დაეტყობა. ყველა პროექტი, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები, განხორციელდება მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად და უზრუნველყოფილი იქნება პროექტების მაღალი ხარისხი. ამაზე საქართველოს მთავრობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს“, – განაცხადა კობახიძემ.

ბოლო სიახლეები