ორშაბათი, ივლისი 13, 2026

დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელ პირებს „მავნე კიბერქმედებების“ გამო სანქციები დაუწესეს

დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელ პირებს „მავნე კიბერქმედებების“ გამო სანქციები დაუწესეს.

„ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები გმობენ რუსეთის მავნე კიბერქმედებებს და იმ კიბერეკოსისტემის გამოყენებას, რომელიც აერთიანებს როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო სტრუქტურებს, დაზვერვის სამსახურებიდან დაწყებული, კიბერდამნაშავეთა ჯგუფებით, ჰაკტივისტებითა და კერძო კომპანიებით დასრულებული“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

ბრიუსელის ინფორმაციით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მე-16 ცენტრი აკონტროლებს კიბერდამნაშავეთა არაერთ დაჯგუფებას, მათ შორის TURLA-ს. ევროკავშირის მტკიცებით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებდა კიბერშეტევებს ევროკავშირისა და მისი პარტნიორების, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ, აღწევდა სამთავრობო ქსელებში და ახდენდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის საბოტაჟს.

განცხადების თანახმად, 2010 წლიდან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მე-16 ცენტრი საფრანგეთში სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო უწყებების წინააღმდეგ კიბერჯაშუშობით იყო დაკავებული, ხოლო 2025 წლიდან ამავე საქმიანობას ახორციელებდა თავდაცვითი მრეწველობის წინააღმდეგ. გერმანიაში ცენტრის სამიზნე სახელმწიფო ინსტიტუტები იყო, ხოლო პოლონეთში კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მათ შორის თბოელექტროსადგურები.

„ეს სანქციები დაარტყამს კიბერდამნაშავეთა იმ ქსელების ბირთვს, რომლებიც რუსეთის სახელმწიფო აგრესიას უწყობენ ხელს. გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი მკაფიო სიგნალს უგზავნიან მოსკოვს, რომ ის ვეღარ შეძლებს მსგავსი შუამავალი ჯგუფების გამოყენებით პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას“,- განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივეტ კუპერმა.

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა 24 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელ პირებს ვიაჩესლავ სტაფეევს, ივან სენინსა და ივან კასიანენკოს. ევროკავშირის შავ სიაში კი მოხვდა ცხრა ფიზიკური პირი და ოთხი კომპანია, მათ შორის ივან კასიანენკო.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა რუსეთი კიბერშეტევებში დაადანაშაულა, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა. რუსეთის ელჩის დაბარების შესახებ განაცხადეს საფრანგეთშიც.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერება…“ – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს:უახლოეს დღეებში საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

გიდეონ საარი – კაია კალასმა გადაწყვიტა, განაგრძოს ისრაელის წინააღმდეგ ობსესიური კამპანია და კვლავ სცადოს წესების გვერდის ავლა, მსგავსი ხრიკები ისრაელისა და ევროპის საერთო ინტერესების...

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი აცხადებს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოზე ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მცდელობა კვლავ ჩავარდა.საარის თქმით, კაია კალასის მიერ წარდგენილ წინადადებას კონსენსუსი არ ჰქონდა და ხმების უმრავლესობაც კი ვერ დააგროვა.„კალასმა გადაწყვიტა, განაგრძოს ისრაელის წინააღმდეგ თავისი ობსესიური კამპანია და დისკუსია ელჩების მაღალი დონის ფორუმზე გადაიტანოს, რათა კვლავ სცადოს წესებისთვის გვერდის ავლა“, – განაცხადა საარმა.მისივე თქმით, ისრაელისა და ევროპის ურთიერთობები დიალოგსა და სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს, ხოლო მსგავსი „ხრიკები“ საერთო ინტერესების რეალიზებას ხელს არ უწყობს.

ემანუელ მაკრონი – მშვიდობა ჩვენი მიზანია, ვაფასებთ თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას, მზად ვართ, ვიბრძოლოთ მათ დასაცავად ყოველთვის და საჭიროების შემთხვევაში, სისხლის ფასადაც კი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ქვეყანა მომავალი ომებისთვის უნდა მოემზადოს. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის მიმართვისას ისაუბრა.„ჩვენი ძალაა, შევინარჩუნოთ უკრაინის ფრონტი. ჩვენი შესაძლებლობაა, ახლო და შუა აღმოსავლეთში ვიყოთ იქ, სადაც ჩვენი პარტნიორები გველოდებიან. ჩვენი უნარი, განვაგრძოთ პარტნიორობა, როგორც ეს აფრიკაში განვსაზღვრეთ და ჩვენი უნარი, შევინარჩუნოთ ჩვენი პოზიციები ინდოეთ-წყნარ ოკეანეში, რაც განსაზღვრავს ჩვენს შესაძლებლობას, გავუმკლავდეთ 2030 წლის გამოწვევებს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.ემანუელ მაკრონმა სიტყვით გამოსვლისას მსოფლიოს მიმართა და თქვა, რომ მათი მიზანია მშვიდობა, თავისუფლება და კანონის უზენაესობა და საჭიროების შემთხვევაში, სისხლის ფასადაც დაიცავენ.„მესიჯი, რომელსაც მსოფლიოს ვუგზავნით, ასეთია: დიახ, მშვიდობა ჩვენი მიზანია, დიახ, ჩვენ ვაფასებთ თავისუფლებას და კანონის უზენაესობას და დიახ, ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ მათ დასაცავად ყოველთვის და საჭიროების შემთხვევაში, სისხლის ფასადაც კი“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

„წმინდა ნექტარიოს ეგინელს წირვის დროს ეკეთა…“ – სასწაულმოქმედი სარტყელი თბილისშია – ვრცელდება ვიდეომიმართვა

ნუცუბიძეზე მდებარე ეკლესიაში გავრცელებულმა ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ვიდეოში, დედაო საუბრობს სარტყელზე, რომელიც, წმინდა ნექტარიოსს წირვის დროს ეკეთა და ამჟამად თბილისშია.ადამიანებს შეუძლიათ მივიდნენ და სარტყელი გაიკეთონ. ნუცუბიძეზე მდებარე ტაძარში მისულ ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ, სიწმინდეს პატივი მიაგონ.ნახეთ, ვიდეო:  

შიო მესამე – ბედნიერი ვართ, რომ მოვესწარით ნეტარხსენებულის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ღვაწლს, ვართ მისი მემკვიდრეები

სულის გადარჩენის საქმეში და იმაში, რომ ღმერთის კეთილგანწყობა მოვიპოვოთ, ვიჩენთ სიზარმაცეს, უდარდელობას, უზრუნველობას და ხშირად უმადურობას. რა გამართლება გვექნება ასეთი საქციელისთვის, როცა ვხედავთ, რომ ამდენი სიკეთე მივიღეთ ღმერთისგან – ჩვენმა ქვეყანამაც, ჩვენმა ოჯახებმაც, პირადად ჩვენც და დღესაც ვიღებთ უამრავ სიკეთეს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.მისივე თქმით, ერთგულება ეკლესიის და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი ჩვენი გადარჩენის, განვითარების.„ყოვლადსამღვდელონო, მეუფენო, პატიოსანო მამანო, დედანო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ თორმეტი მოციქულის ხსენებას და სვეტიცხოვლობას. დღეს არის ამ დიდებული ტაძრის დღესასწაული, რამეთუ ის თორმეტი მოციქულის სახელზეა აგებული. ხშირად ვერ ვაცნონიერებთ, რაოდენ მადლობლები უნდა ვიყოთ მოციქულების. მათი პიროვნებები, ღვაწლი ხომ საფუძველია ჩვენი ეკლესიის. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენი ერი რომ არსებობს, ცოცხლობს, ეს მათი ღვაწლის, ქადაგების დამსახურებაა, რადგან ქრისტიანობის მიღებამ და შემდგომ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ განაპირობა ჩვენი ერის გადარჩენა როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთგულება ეკლესიის და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი შემდგომი ჩვენი გადარჩენის, განვითარების.წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის თავს. ბედნიერნი ვართ, რომ ამ თარიღს აღვნიშნავთ და ეს არის სწორედ დამსახურება მათი ღვაწლის, მათი ქადაგების, რამეთუ წმინდა ნინოს ღვაწლიც იყო მათი მსახურების გაგრძელება. მოხარულნი ვართ, რომ დღეს, ჩვენს ეპოქაშიც არიან ასეთი მოღვაწეები, ჩვენს უახლეს ისტორიაში. ჩვენ მოვესწარით ასეთ ადამიანებს და ერთ-ერთი უპირველესი მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიაში გახლავთ ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი, აწგანსვენებული, ნეტარხსენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ მოვესწარით მის ღვაწლს, ვართ მისი მემკვიდრეები. ასევე, როგორც მოგახსენეთ, პირველ რიგში, მოციქულთა მემკვიდრეები ვართ.  დღეს ჩვენ დავფიქრდეთ, ვართ თუ არა მზად, გავაგრძელოთ ეს მემკვიდრეობა? მივბაძოთ მათ მაგალითს, გავყვეთ მათ გზას. დღეს სამოციქულოში იყო წაკითხული პავლე მოციქულის სიტყვები: „მობაძავ ჩემდა იყვენით, როგორც მე ქრისტესი“. ვართ თუ არა მზად, მათი მიმბაძველები გავხდეთ? მათი თავიანთი ღვაწლი აღასრულეს, თავიანთი სიცოცხლის ფასად და უკლებლივ ყველა მათგანი მოწამე გახდა, მოწამებრივად აღესრულა, გარდა იოანე ღვთისმეტყველისა, რომელმაც ასევე უამრავი ტანჯვა დაითმინა. ვართ თუ არა მზად ამ გზისთვის, ვიყოთ მათი მოწაფენი და გამგრძელებლები. დავფიქრდეთ ჩვენს თავზეც. მაგალითად, როდესაც მოგველის რაიმე ამქვეყნიური სარგებელი, მიწიური, ხშირად მზად ვართ, დავითმინოთ მრავალგვარი ჭირი – განსაცდელი, მწუხარება, დამცირებაც და სასჯელიც კი, ოღონდ ჩვენს მიწიურ სხვადასხვა მიზანს მივაღწიოთ, რადგან გარკვეული სარგებელი მოგველის.სულის გადარჩენის საქმეში და იმაში, რომ ღმერთის, შეიძლება ითქვას, კეთილგანწყობა მოვიპოვოთ, ვიჩენთ სიზარმაცეს, უდარდელობას, უზრუნველობას და ხშირად უმადურობას. რა გამართლება გვექნება ასეთი საქციელისთვის, როცა ვხედავთ, რომ ამდენი სიკეთე მივიღეთ ღმერთისგან – ჩვენმა ქვეყანამაც, ჩვენმა ოჯახებმაც, პირადად ჩვენც და დღესაც ვიღებთ უამრავ სიკეთეს. წმინდა მოციქულები ასე არ იყვნენ. ისინი იწვოდნენ ქრისტეს სიყვარულით, ეს შესანიშნავად გამოჩნდა წმინდა პავლე მოციქულის სიტყვებში. ის წერს, რომ „ვინ განგვაშორებს ჩვენ“ – ანუ მოციქულებს გულისხმობს, ქრისტეს სიყვარულს. ჭირი, მწუხარება, შიმშილი თუ სიშიშვლე? თუ საფრთხე, თუ მახვილი… რას ნიშნავს ეს, რომ არა მხოლოდ სხვადასხვაგვარი ჭირი ვერ განგვაშორებსო ქრისტეს სიყვარულს, არამედ სიკვდილის საშიშროებაც რომ დაგვემუქროს, მაშინაც ვერ განვშორდებით ქრისტეს, ვერ შეგვაშინებს ეს. ასეთი სიყვარული და რწმენა ჰქონდათ მათ. მიუხედავად იმისა, რომ მართლაც გაიარეს ყველა ეს ჩამოთვლილი განსაცდელები – ამასაც აღწერენ მოციქულები ძალიან დაწვრილებით – მათ მაინც ჰქონდათ დიდი სიხარული გულში. სიხარულით იღვწოდნენ, რადგან იცოდნენ, რომ დროებითი ჭირისთვის, მწუხარებისა და სირთულეებისთვის მათ მოელით ზეციური გვირგვინები, დიდი მისაგებელი მადლი ღვთისგან. ამიტომაც, ისინი ამ ყველაფერს არარად თვლიდნენ, მოთმინებით იტანდნენ ყველაფერს და მით უფრო მეტი და მეტი მადლი, სიხარული ჰქონდათ.ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენც ვეცადოთ, ასე შევიყვაროთ უფალი, ჩვენი იესო ქრისტე. მართლაც მეტს არაფერს გვთხოვს უფალი, რომ იგი შევიყვაროთ და მისი მცნებები დავიცვათ. ვისაც ასე უყვარს უფალი, ის მის მცნებებსაც იცავს. როცა ვინმე გიყვარს, ცდილობ, მისი სიყვარულიც დაიმსახურო. წმინდა იოანე ოქროპირი საოცარ სიტყვებს წერს – გახდე იმის ღირსი, რომ ჯეროვნად გიყვარდეს უფალი, ეს არის უკვე სასუფეველი ცათა, ეს არის ნეტარება, ურიცხვი სიკეთის მომტანი, მაგრამ ჩვენი სიყვარული რომ იყოს ჯეროვანი,  გულწრფელი, ამისთვის, ღვთის სიყვარულის გულისთვის უნდა გვიყვარდეს ჩვენი მოყვასიც. როგორც უფალი ამბობს, ამ ორ მცნებაზეა დაფუძნებული მთელი რჯული და წინასწარმეტყველები – გიყვარდეს ღმერთი შენი მთელი გულით, მთელი შენი სულითა და გონებით, მთელი ძალით და მოყვასი შენი, როგორც თავი თვისი. ეს ორი მცნება ბუნებრივად უკავშირდება ერთმანეთს. ვისაც უყვარს ღმერთი, ის მოყვასს არასდროს შეურაცხყოფს. პირიქით, ყოველთვის სიკეთეს გაუკეთებს მას, რადგან ახსოვს უფალ იესო ქრისტეს სიტყვები, რომ – თქვენ რაც გაუკეთეთ ერთ ამ მცირე ჩემს ძმათაგანს, ის მე გამიკეთეთო.ასე რომ, ადამიანის წინაშე როდესაც არის გლახაკი, გაჭირვებული, ღარიბი, მთხოვნელი, ის არ ხედავს მასში ან გლახაკს და ღარიბს, არამედ უფალ იესო ქრისტეს, რომელმაც დაგვპირდა, რომ ამ გლახაკისთვის გაკეთებული სიკეთე ჩაითვლება ქრისტესთვის გაკეთებულ სიკეთედ. ასეთი ადამიანი ყოველთვის ქრისტეს სიდიადეს ხედავს და არა გლახაკს მის წინაშე, ყველაფერს დიდი მოშურნეობით ასრულებს და გულმოწყალებას აღასრულებს დიდი სიყვარულით, მონდომებით. ასე რომ, დღეს არის მოციქულთა დღესასწაული. ესენი იყვნენ ჭეშმარიტების, სიყვარულის მქადაგებლები. ამგვარად, ჩვენ ნუ უგულებელვყოფთ ამ უმთავრეს სამკურნალოს ჩვენი სულისა – სიყვარულს მოყვასისადმი, მოწყალებას, თანალმობას, თანაგრძნობას. ეს უმთავრესი სამკურნალოა ჩვენი სულის, ჩვენი სულის ჭრილობების. ისე კურნავს ეს წამალი ჩვენს სულს, რომ არანაირი იარა აღარ რჩება ამ სულში, თითქოს, საერთოდ არც ყოფილა. მაგალითად, გავიხსენოთ წმინდა პავლე მოციქული, რომელიც იყო სასტიკი მდევნელი და დამარბეველი ეკლესიის და გახდა არათუ მორწმუნე, არათუ მხოლოდ მოციქული, არამედ წინამძღოლი ეკლესიის. ასეთი საოცარი ცვლილება მოხდა მასში და ასეთი საოცარი ცვლილება იქნება ჩვენშიც, თუ ამ გზის ერთგულნი დავრჩებით და არა მარტო პირადად ჩვენში, მთელი ჩვენი ერი კიდევ უფრო მეტად ფერს იცვლის, გაძლიერდება და გამთლიანდება. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. გილოცავთ 12 მოციქულის ხსენებას, მოციქულთა მადლი და ლოცვა შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს. მოციქულთა ლოცვით, ღმერთმა დაიფაროს და გააძლიეროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო“, – განაცხადა შიო მესამემ.

ბოლო სიახლეები