დიდმა ბრიტანეთმა უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და სომხეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის გამო რუსეთს სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციების ეს პაკეტი ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ზომაა, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის მტრული ქმედებების წინააღმდეგ საბრძოლველად მიიღო.
კერძოდ, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა 85 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებიც უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციაში მონაწილეობდნენ.
განცხადების თანახმად, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა Social Design Agency-ში (SDA) მომუშავე 49 ადამიანს, კერძოდ, „ავტორებს, მთარგმნელებსა და რეჟისორებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან კრემლის პროპაგანდაზე“.
„კრემლის დავალებით, SDA-მ სომხეთში პრორუსული ორგანიზაციების შექმნისა და პრორუსული პირების სასარგებლოდ ხელისუფლების ცვლილებაზე გავლენის მოხდენის მიზნით კამპანიები დაგეგმა“, – აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.
ამასთან, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუსეთის „ახალგაზრდობის სამხედრო-სპორტული განათლებისა და პატრიოტული აღზრდის ცენტრს“ „უკრაინელი ბავშვების რუსიფიკაციის საშინელ პოლიტიკაში“ თავისი როლის გამო.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივეტ კუპერის განცხადებით, უკრაინის მიმართ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ურყევი რჩება.
„პუტინი საზღვარგარეთ ტყუილისა და კრემლის მხარდამჭერი ნარატივების დათესვას როდესაც ცდილობს, დიდი ბრიტანეთი უმოქმედოდ არ დარჩება. უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევი რჩება. გავაგრძელებთ მოკავშირეებთან ერთად მუშაობას, რათა მხარი დავუჭიროთ ყველა ძალისხმევას იმ ბავშვების იდენტიფიცირებასა და პოვნაში, რომლებიც სასტიკად წაართვეს თავიანთ ოჯახებს“, – განაცხადა კუპერმა.

