სამშაბათი, მარტი 31, 2026

დავით ქევხიშვილი ლერი ხაბელოვს უპირისპირდება – ამ გადაწყვეტილებით მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ოლიმპიური კომიტეტის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების საკითხი

10 აგვისტოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა გამგეობის სხდომა, რომელმაც კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 11 სექტემბერი დაადგინა, კანდიდატად კი ლერი ხაბელოვი წარადგინა.

ამ გადაწყვეტილებას ძიუდოს ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქევხიშვილი უარყოფითად გამოეხმაურა. აი, რა დაწერა მან სოცქსელში:

 

„მეგობრებო, მინდა ორიოდე სიტყვით გამოვეხმაურო ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას არჩევნების დანიშვნის თაობაზე, რაც მიმაჩნია, რომ თავისთავად არის გაგრძელება იმ უსამართლო ქმედების, რომელიც წესდებაში ცვლილების შეტანის სახით დაფიქსირდა გასული წლის დეკემბერში.

ამ ცვლილებით ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სრულიად უსაფუძვლო მოტივით „დააკანონა“ არჩევნებზე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატად ყოფნის შეზღუდვა და მოახდინა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური პრინციპის, კონკურენციის, შეჯიბრებითობის აკრძალვა. აღნიშნული თავის დროზე გახდა მიზეზი ჩემი მხრიდან, პროტესტის ნიშნად ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრის სტატუსის დატოვების.

დღეს უკვე პრეზიდენტობის კანდიდატი უფრო შორს წავიდა და ამ ორი გადაწყვეტილების ერთობლიობით ფაქტობრივად გაემიჯნა სახელმწიფოსა და შესაბამისად, მმართველი გუნდის ზოგად სპორტულ პოლიტიკას. ამ გადაწყვეტილებით მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა თავად ოლიმპიური კომიტეტის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების საკითხი, რამეთუ ყველანაირი დემოკრატიული პრინციპის დარღვევა იქნება ასეთი სახის, ჩაკეტილ ორგანიზაციად ქცეული ოლიმპიური კომიტეტის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება.

ვფიქრობ, საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სრულად უნდა აიღოს ეს ფუნქცია და სპორტი ოლიმპიური კომიტეტის გვერდის ავლით, ისე რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნას სპორტულ ფედერაციებს, ოლიმპიური კომიტეტისთვის ბიუჯეტის განსაზღვრის გარეშე დააფინანსოს. ჩემთვის ამ ყოველივეს აღნიშვნა ორმაგად აუცილებელია და მნიშვნელოვანი, რამეთუ გახლავართ არა მხოლოდ სპორტული საზოგადოების წევრი, არამედ პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი. ვფიქრობ სწორედ ასეთი თვითნებური გადაწყვეტილებები მავანთა მხრიდან აყენებს ჩრდილს ჩვენს ერთიან პოლიტიკას, რაც აუცილებლად უნდა იქნეს განხილული, როგორც მინიმუმ, სპორტული პოლიტიკის მმართველ ორგანოებში“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ოპოზიცია 26 მაისს აქციას აანონსებს

ოპოზიცია 26 მაისს აქციას აანონსებს. ოპოზიციის გეგმებზე ზურაბ-გირჩი ჯაფარიძემ ისაუბრა. მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიციის მიზანია ქვეყნის დესტაბილიზაცია.მათივე თქმით, თარიღები, რომელიც გამაერთიანებელია ერის უდიდესი ნაწილისთვის, ოპოზიციას სურს დაპირისპირების ასპარეზად აქციოს.

რუსეთის დაზვერვის განცხადებით, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს და პატრიარქის თანამდებობაზე ორ კანდიდატს უჭერს მხარს

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი „აგრძელებს მართლმადიდებლობაში განხეთქილების მზაკვრული ხაზის შენარჩუნებას და ამჯერად აპირებს ისარგებლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებით და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავისი გავლენა გააძლიეროს“.უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო პატრიარქს სურს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის თანამდებობაზე დაწინაურდეს კანდიდატი, რომელსაც დაეყრდნობა.„ფანარიოტს ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ისეთი წარმომადგენლის დაწინაურება სურს, რომელზე დაყრდნობასაც შეძლებს. ბართლომეოსი ამ როლისთვის კანდიდატებად განიხილავს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს (ბერბიჭაშვილი). ის მათ თავის უახლოეს გარემოცვაში წარმოაჩენს, როგორც მისი ნების ყველაზე შესაფერის შემსრულებლებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და იტალია მოუწოდებენ ისრაელს, გაიწვიოს კანონი, რომელიც ისრაელელის მკვლელობაში ბრალდებული პალესტინელების სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს

ქნესეთის მიერ მიღებულ კანონს, რომლის მიხედვითაც, ისრაელელის მკვლელობაში ბრალდებულ პალესტინელებს სიკვდილით დასჯიან, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრები ეხმაურებიან.მინისტრები ახალ კანონთან დაკავშირებით „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამენ და ისრაელს კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ.მათივე აზრით, ახალი კანონი „მნიშვნელოვნად გააფართოებს“ სასჯელის დაკისრების შესაძლებლობებს. მინისტრებმა სიკვდილით დასჯა შეაფასეს, როგორც „სასჯელის არაადამიანური და დამამცირებელი ფორმა“.„ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ კანონის ფაქტობრივი დისკრიმინაციული ხასიათით. მისი მიღება დემოკრატიული პრინციპების მიმართ ისრაელის ვალდებულებებს საფრთხეს შეუქმნის. ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ქნესეთსა და მთავრობაში, უარი თქვან ამ გეგმებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.ცნობისთვის, ქნესეთმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ისრაელელის მკვლელობაში ბრალდებულ პალესტინელებს სიკვდილით დასჯიან. კანონს მხარი 62-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 48 წინააღმდეგი იყო. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სიკვდილით დასჯა სავალდებულო იქნება დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინელებისთვის, რომლებიც „ტერორისტულ აქტებში“ დამნაშავედ იქნებიან ცნობილი, ხოლო სავალდებულო სასჯელი ჩამოხრჩობა იქნება.

დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და ყურადღება გაამახვილა დედის ინსტიტუტსა და სახელმწიფოს დემოგრაფიულ გამოწვევებზე. დეპუტატმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ დედის ინსტიტუტის გაძლიერება სტრატეგიული ინვესტიციაა ქვეყნის მომავალში. ხუნდაძის აზრით, ეს უნდა გამოიხატოს დედების ეკონომიკურ და სოციალურ დაცვაში, მრავალშვილიანობა და დედობა უნდა წახალისდეს და დაფასდეს:„დემოგრაფიული პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ოჯახის შექმნა არის მხარდაჭერილი, მრავალშვილიანობა — წახალისებული და დედობა — დაფასებული, როგორც სოციალური და ეროვნული მნიშვნელობის ფუნქცია“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საჭიროა დროული რეაგირება, სხვა შემთხვევაში გაიზრდება შიდა და გარე რისკები.„ოჯახი არის სახელმწიფოს ძირითადი ერთეული. როდესაც ოჯახი სუსტდება, სუსტდება სახელმწიფოც. ამიტომ, დემოგრაფიული პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ ფინანსურ სტიმულირებას, არამედ ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ოჯახის შექმნა არის მხარდაჭერილი, მრავალშვილიანობა — წახალისებული და დედობა — დაფასებული, როგორც სოციალური და ეროვნული მნიშვნელობის ფუნქცია. დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ეს არის სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში.ეს ნიშნავს: დედების ეკონომიკურ და სოციალურ დაცვას, მათი შრომის აღიარებას, და სახელმწიფოს მხრიდან რეალურ მხარდაჭერას, რომელიც მათ აძლევს შესაძლებლობას, არ იდგნენ არჩევანის წინაშე — კარიერასა და ოჯახს შორის. ბიოლოგიური დედის გაზრდილი ბავშვი ფსიქოემოციურად უფრო ჯანსაღი და სტაბილურია, ვიდრე სხვა მოცემულობაში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს და აძლიერებს სახელმწიფოს გრძელვადიან პერსპექტივაში.საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევა სწორედ ამაში მდგომარეობს — შეძლებს თუ არა ქვეყანა დემოგრაფიული ტენდენციების მართვას ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი სტრატეგიული პოზიცია რეგიონში. ეს არის საკითხი, რომელიც მოითხოვს არა მხოლოდ აღიარებას, არამედ დროულ და კოორდინირებულ მოქმედებას.დაგვიანებული რეაგირება ამ შემთხვევაში მნიშვნელოვნად ზრდის როგორც შიდა, ისე გარე რისკებს.ამიტომ, დემოგრაფიული პოლიტიკა უნდა გახდეს ერთ-ერთი ცენტრალური ელემენტი ქვეყნის უსაფრთხოების დღის წესრიგში — შესაბამისი რესურსებით, პასუხისმგებლობითს და პოლიტიკური ნებით“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტის ნამუშევრები აშშ-ის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ერთ-ერთი მაღალრეიტინგული სტუდენტის - ბაკალავრ დიმიტრი კაზაროვის ორი პოსტერი, რომლებზეც მან მიმდინარე სასწავლო წლის პირველ სემესტრში საკურსო თემის ფარგლებში იმუშავა, ამერიკის შეერთებული შტატების 2025 წლის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს (USIPB 2025) გამარჯვებულ ნამუშევართა შორისაა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტმა პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი სერტიფიკატი, რომელსაც ხელს აწერენ USIPB 2025-ის პრეზიდენტი კრისტოფერ სკოტი და ვიცე-პრეზიდენტი რაიან სლოუნი, სულ ახლახან მიიღო. სტუ-ის ბაკალავრის პოსტერებმა გამარჯვება კონკურსზე წარდგენილ 11 845 ნამუშევარს შორის მოიპოვა.აშშ-ის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს ორგანიზატორთა ინფორმაციით, დიმიტრი კაზაროვის ავტორობით შესრულებული პოსტერები - „გეოთერმული აბსტრაქცია“ და „შერმანი - კეთილი გოლიათი“ - ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით არის გამოფენილი, ასევე წარმოდგენილია USIPB-ის ვებგვერდზე, D კატეგორიაში - „ეროვნული პარკები“, ბმულით: https://www.usipb.com/edition-2025როგორც სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანი, პროფესორი მალხაზ რაზმაძე აღნიშნავს, ფაკულტეტის ერთ-ერთმა გამორჩეულმა სტუდენტმა USIPB 2025-ის აღიარება თანამედროვე პოსტერის შექმნის პროცესში მიღწეული სრულყოფილებისა და კრეატიულობისთვის მიიღო, რაც მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკებსა და მეთოდოლოგიებზე დაფუძნებული დიზაინის საერთაშორისო სკოლის კიდევ ერთი აღიარებაა.„დიზაინის საერთაშორისო სკოლამ განსაკუთრებული სიხარულითა და სიამაყით მიიღო ცნობა იმის შესახებ, რომ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სტუდენტი - დიმიტრი კაზაროვი, თავისი ორი ნამუშევრით, ამერიკის 2025 წლის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს გამარჯვებულია. მისი ორივე ნამუშევარი კონკურსის ჟიურიმ შეარჩია სრულყოფილების, კრეატიულობის და თანამედროვე ტენდენციების გონივრულად გააზრებისა და კონცეპტუალურ-ვიზუალური სიცხადის გამო. სერტიფიკატს, რომელიც ჩვენმა სტუდენტმა სულ ახლახან მიიღო, ხელს აწერენ USIPB 2025-ის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი. ეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის კიდევ ერთი წარმატებაა“, - ამბობს მალხაზ რაზმაძე.ბაკალავრ დიმიტრი კაზაროვს საერთაშორისო წარმატებას ულოცავს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე. რექტორის განცხადებით, ეს მიღწევა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, როგორც სტუდენტისთვის, ისე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი დიზაინის საერთაშორისო სკოლისთვის, რომელიც მიზანმიმართულად ზრდის თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ, კონკურენტუნარიან პროფესიონალებს.„გულითადად ვულოცავ ჩვენს სტუდენტს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო წარმატებას. დიმიტრი კაზაროვის გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლა მაღალი აკადემიური სტანდარტებითა და სწავლების თანამედროვე მეთოდებით ქმნის გარემოს, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ თავიანთი შემოქმედებითი პოტენციალის სრულად რეალიზება. უნდა აღინიშნოს დიზაინის საერთაშორისო სკოლის აკადემიური გუნდის როლი, რომლებიც სტუდენტებს სთავაზობენ დიზაინ-აზროვნებასა და ინოვაციურ მიდგომებზე დაფუძნებულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას.თანამედროვე მსოფლიოში პოსტერი აღიქმება როგორც სხვადასხვა ქვეყნის კულტურას შორის კომუნიკაციის, ზოგადსაკაცობრიო გამოწვევების შესახებ მსოფლიო საზოგადოების ინფორმირების და სოციალური დიალოგის ხელშეწყობის ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი. სწორედ ასეთ კონტექსტში, ჩვენი სტუდენტის წარმატება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს - მან საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში ღირსეულად წარმოაჩინა საქართველო, ჩვენი უნივერსიტეტი და მისი საერთაშორისო დიზაინის სკოლა. ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდას! დარწმუნებული ვარ, დიმიტრი მომავალშიც არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს და საკუთარი შემოქმედებით მეტად გააძლიერებს ქვეყნის პოზიციას გლობალურ სივრცეში“, - აღნიშნავს აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

ბოლო სიახლეები