პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით სერგეენკო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის რიგით 57-ე სხდომაში მონაწილეობდა, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაში 11 ქვეყნის 50-მდე დელეგატი მონაწილეობდა. შეხვედრის ფარგლებში ტრეფიკინგთან ბრძოლის საკითხები განიხილეს, რომელზეც თითოეული დელეგაციის წევრი გამოვიდა სიტყვით.
კომიტეტის სხდომაზე მიიღეს მოხსენებისა და რეკომენდაციის პროექტები თემაზე: „პარლამენტის როლი ტრეფიკინგთან ბრძოლაში – პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები“.
წარმოდგენილ მოხსენებაში აისახა დეტალური ინფორმაცია საქართველოში ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, ასევე, ის სამართლებრივი ინსტრუმენტები, რომლითაც ქვეყანაში რეგულირდება ტრეფიკინგთან ბრძოლა და საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლებთანაც მიერთებულია საქართველო.
სხდომის დასასრულს, ასამბლეის სხვა საპროცედურო საკითხები განიხილეს, მათ შორის, ასამბლეის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები.